მსხვილფეხა საქონლის ექსპორტიორები მძიმე კონკურენციის პირობებში

მანქანების ექსპორტის შემცირების შემდეგ საქართველოდან აზერბაიჯანულ ბაზარზე ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის მოცულობაც შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს სახორცე საქონლის ექსპორტმა საქართველოდან აზერბაიჯანში 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს შესაბამისი მაჩვენებელი 47 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2012 წელს - 39 მლნ აშშ დოლარი. 2014 წლის მაჩვენებელზე ნაკლები ექსპორტი მხოლოდ 2011 წელს იყო - 18,2 მილიონი აშშ დოლარი. 2015 წლის მაჩვენებლები ექსპორტის კიდე 30 პროცენტით შემცირებასმოწმობს.

როგორც ქართული მედია წერს, ქართველი ფერმერების ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანელ იმპორტიორებს ხორცს მინიმალურ ფასად - 1 კილოგრამს 4,5 ლარად - სთავაზობენ, თუმცა ამ ქვეყნიდან მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. არადა, წინა წლებში, აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის მკვეთრი ზრდის გამო, ქართველმა ფერმერებმა კრედიტები აიღეს და სახორცე პირუტყვის მოშენება დაიწყეს. ახლა კი მათ ბიზნესს საფრთხე შეექმნა. თუ ამას იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ კრედიტები დოლარში იყო, ფაქტია, რომ ფერმერების მდგომარეობა 2015 წლის მარტისთვის კიდევ უფრო დამძიმებულია.

ამასთან, როგორც სამეზობლოში და მსოფლიო ბაზარზე შექმნილი სიტუაცია ცხადყოფს, ქართველ ფერმერებს უმძიმეს კონკურენციაში უწევთ ბიზნესის კეთება.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აზერბაიჯანის ბაზარს ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი ამარაგებს.

უკრაინა-რუსეთს შორის არსებულმა ომმა, ცხადია, უკრაინის საექსპორტო პრიორიტეტების გადახედვა გამოიწვია. მასშტაბები კი, რომელიც უკრაინას აქვს, ცხადია, აზერბაიჯანის ტიპის ბაზრისთვის ძალზე დიდია - მაგალითად, უკრაინიდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში 66 ტონიდან 792 ტონამდე გაიზარდა. 2014 წლის დეკემბერში ექსპორტი 463 ტონა იყო. გრივნის მნიშვნელოვანმა დევალვაციამ ფასებზეც დადებითი ასახვა პოვა. შესაბამისად, უკრაინის საექსპორტო პოტენციალს არამხოლოდ აზერბაიჯანის ბაზრის ათვისება შეუძლია.

ყაზახეთის მასშტაბები, ამ თვალსაზრისით, შედარებით მოკრძალებულია და დაახლოებით საქართველოს მოცულობისაა. ამასთან, ეს სფერო ყაზახეთში სუბსიდირებულია და აქ იაფი სესხების მექანიზმიც მუშაობს. ყაზახური ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის საექსპორტი პოტენციალი, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 40 ათასი ტონაა.

ამას გარდა, რუსეთის ჩრდილო-კავკასიის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, აზერბაიჯანსა და დაღესტანს შორის ვაჭრობა 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, 30,77 პროცენტით გაიზარდა. ერთ-ერთი ძირითადი პროდუქცია, რომელიც დაღესტნიდან შედის აზერბაიჯანში, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელია.

ეს ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ქართველ ფერმერებს ძლიერი კონკურენციის პირობებში უწევთ მუშაობა.

ერთ-ერთი საინტერესო პერსპექტივა შეიძლება იყოს თურქეთის ბაზარი. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა გახსნა ბაზარი სახორცე მსხვილფეხა საქონლისთვის. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ თურქეთს უნდა თავისი გადამამუშავებელი მრეწველობის მასშტაბების გაზრდა. იმპორტი დაშვებულია ისეთი საქონლის, რომლის წონა არ არის 300 კილოზე ნაკლები და არ არის 12 თვეზე მეტის. საქონელი უნდა შეესაბამებოდეს თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტანდარტებს. ამასთან, განაცხადები ექსპორტზე მიიღება მხოლოდ ისეთი კომპანიებისგან, რომელთაც არანაკლებ 100 მსხვილფეხა საქონელი ჰყავთ.

ცხადია, ამ ბაზარზეც საქართველოს ზემოთ უკვე მოყვანილ კონკურენტებთან მოუწევს შეჭიდება.