ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილიზაციის გეგმა

გასულ კვირას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის მთავრობის მიერ მომზადებული გეგმა გააცნეს, რომელიც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებს მოიცავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამწლიანი გეგმა აქვს მომზადებული, რომელიც მოიცავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებს.

მოკლევადიან პერიოდში იგეგმება პრივატიზების დაჩქარება და რიგი საპრივატიზაციო ობიექტების დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაცია. შემუშავებულია 20-მდე მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტი, რომელიც მოკლე ხანში 300 მილიონ აშშ დოლარამდე დამატებით თანხებს გააჩენს და სავალუტო შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო იქნება. შემდეგი ნაბიჯი ტურიზმის გაძლიერებული სარეკლამო კამპანიით წახალისებას ითვალისწინებს. სავიზო რეჟიმის გამკაცრებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოსწორდება ადმინისტრაციული პრობლემები, იგეგმება მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია, კერძოდ, გაიოლდება უცხოელებისათვის ბინადრობის უფლების გაცემა.

დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად, იგეგმება საინვესტიციო და ბიზნესფორუმებში მონაწილეობა, ინვესტორებთან პირდაპირ და ორმხრივ რეჟიმში გაძლიერებული მუშაობა. დაგეგმილია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ამისათვის დამატებითი სახსრების მოძიება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან. მთავრობა სამომავლოდ ითვალისწინებს ბიზნესის მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასაც - მაგალითად, მსხვილი ინვესტორების მიერ რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებისა და დივიდენდების დაბეგვრის გაუქმების ინიციატივა. ამ ეტაპზე საგადასახადო შეღავათების კონკრეტული ფორმები და ვადები ცნობილი არ არის.

სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობას ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლისთვის საჭირო რეკომენდაციები გააცნო, რომელიც ითვალისწინებს პრივატიზების დაჩქარებასა და სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, ასევე საგადასახადო ტვირთის შესუსტებას როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტორებისათვის. გამოთქმული იყო მოსაზრება ახალი წესების შემოღების პრევენციასთან დაკავშირებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. საუბარი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარებაზე, საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების საქართველოში მასპინძლობაზე, ექსპორტსა და ინვესტიციების მოზიდვაზე.

რა თქმა უნდა, ყველა ეს რეკომენდაცია მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და კრიზისიდან გამოსვლის თვალსაზრისით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნული სტრატეგიული ხედვების სწორად დაგეგმვა, დეტალური მოქმედების გეგმის გაწერა და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა.