რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის და ფინანსური კრიზისის ზეგავლენა საქართველოზე

კვლევაში, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ დასავლეთის სანქციებისა და ნავთობის ფასის შემცირების გამო რუსეთს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა, რაც საქართველოში სხვადასხვა სფეროში აისახა, კერძოდ:

2015 წელს რუსეთში მშპ-ს ზრდის პროგნოზის ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა (-3,8 პროცენტი); 2014 წლის განმავლობაში რუბლი გაუფასურდა 82,5 პროცენტით; 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრამდე უცხოური სავალუტო რეზერვები 37,7 პროცენტით შემცირდა; 2014 წელს რუსეთიდან კაპიტალის წმინდა გადინებამ 151,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა ანალოგიური მაჩვენებელი 2013 წელს მხოლოდ 66,1 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო; 2014 წლის დეკემბერში ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა 30 წამყვანი კომერციული ბანკისთვის ფინანსური დახმარება აღმოეჩინა; standard&poor-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა BB+მდე; მოსალოდნელია, რომ დასავლეთის სანქციები, შესუსტებული ნდობა და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს რუსეთის მშპ-ს 3,8 %-ით შემცირებას გამოიწვევს.

რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევაა მისი დამოკიდებულება გაზისა და ნავთობის წარმოებასა და ექსპორტზე, კერძოდ: ნავთობის, ბუნებრივი აირის და ქვანახშირის ხვედრითმა წილმა რუსეთის მშპ-ს 17,1 პროცენტი შეადგინა; 2012 წელს ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების 52 %, ხოლო მთლიანი ექსპორტის 70 % შეადგინა.

რუსეთი დღეისთვის, 2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, სიდიდით მე-5 საექსპორტო პარტნიორია საქართველოსთვის (მთლიანი ექსპორტის 6 %); იმპორტის ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის ხორბალზე, მესლინზე, საწვავსა და ნავთობზე; ექსპორტში კი ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის ღვინოზე, მინერალურ წყალსა და ალკოჰოლზე, კერძოდ: 2014 წელს რუსეთში ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 9,6 პროცენტს მიაღწია და საქართველოსთვის ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი წლიური შემოსავლის მაჩვენებელი დაფიქსირდა. ღვინის პროდუქტების ხვედრითი წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში საშუალოდ მხოლოდ 7 პროცენტს აღწევს. დღესდღეობით რუსული ბაზრის გარეშე საქართველოს ღვინის ექსპორტი საკმაოდ სტაბილურია და 2.5 % შეადგენს.

რუსულ პირდაპირ ინვესტიციებს სტაბილური ტენდენცია არ ახასიათებს, თუმცა ფაქტია, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა - 0.2 პროცენტიდან 9.2 პროცენტამდე; 2009 წლიდან დღემდე 95.1 მილიონ ამერიკული დოლარის მოცულობის რუსული ინვესტიცია ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორშია განხორციელებული.

ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში

რუსეთი ფულადი გზავნილების უმნიშვნელოვანესი წყაროა. 2000 წლიდან ფულადი კაპიტალის შემოსვლის მთლიანი რაოდენობა 5.936 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს; რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების წილი საერთო გაზავნილებში 47-სა და 60 პროცენტს შორის მერყეობს. 2015 წელს ფულადი გზავნილების რაოდენობამ საქართველოში 40-45 პროცენტამდე დაიკლო.

რუსეთი საქართველოსთვის ვიზიტორთა სტაბილური წყაროა. 2014 წელს ვიზიტორების 14.7% საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა; 2015 წლის იანვარში ვიზიტორების რაოდენობა 7 პროცენტით შემცირდა, თუმცა მაისში კვლავ გაიზარდა.

რუსული ექპანსიონისტური პოლიტიკისა და ბოლო წლებში გამოკვეთილი შესაძლო რისკებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია პოლიტიკური რისკები, რასაც განაპირობებს აგრესიული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოსკოვი წლებია ცდილობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას. სულ ახლახან გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო პროექტის - დაღესტანი-კახეთის მაგისტრალის მშენებლობის - შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული უდიდესი ნავთობის კომპანია - Rosneft-ი - საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით დაინტერესდა და 2014 წელს Petrocas Energy Group-ის 49 % იყიდა. რუსეთის ბაზარზე საქართველოს პროდუქციისთვის გაღებული კარები კი როდის შეიძლება დაიხუროს, ამის პროგნოზირება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

სწორედ აქედან გამომდინარე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მთავარი დასკვნა რუსეთთან ურთიერთობის დივერსიფიცირებას და მასზე ეკონომიკური დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას უკავშირდება.