საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოში ინოვაციებისა და ახალგაზრდა ინოვატორების ხელშეწყობის მიზნით, 16-დან 26 აგვისტომდე, საქართველოში პირველად, ინოვაციების ბანაკის ორგანიზებას გეგმავს.
ღონისძიება საქართველოში პირველად “Make-a-thon”-ის ფორმატში გაიმართება. ეს ფორმატი გულისხმობს შემდეგს: 6 დღის განმავლობაში 50 ახალგაზრდა ინოვატორი ისწავლის როგორ დააფუძნოს ინოვაციური ბიზნესი, შექმნას ტექნოლოგიური პროდუქტის საცდელი პროტოტიპები და განავითაროს საკუთარი ტექნოლოგიური Start-up კომპანია. სამინისტროს ცნობით, ბანაკი ინტენსიური და საინტერესო შემოქმედებითი გამოცდილება იქნება ინტერდისციპლინური გუნდებისთვის, რომლებიც დაკომპლექტებულნი იქნებიან ახალგაზრდა ინჟინრების, დიზაინერების, პროგრამისტების, ბიზნესმენებისა და პროექტის მენტორებისგან.
ღონისძიების ფარგლებში ექსპერტები, მეცნიერები, საინჟინრო დისციპლინათა სპეციალისტები და მენტორები მთელი პროცესის განმავლობაში მზად იქნებიან დაეხმარონ ინოვატორებს როგორც იდეების გენერირების, ასევე ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ. ამ მიზნით სტუმრები მოწვეულები არიან დუბაიდან და გერმანიიდან. ახალგაზრდა ინოვატორებისთვის ღონისძიებაში მონაწილეობა უფასო იქნება.
ეს პირველი ღონისძიება არ არის საქართველოში, ინოვაციების წახალისების მიზნით გამართული. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში ჰაკათონის პროექტი ჩატარდა. ჰაკათონის კონცეფცია გულისხმოდა 48 საათში საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში ინოვაციური კომპიუტერული პროგრამებისა თუ მობილური აპლიკაციების შექმნას. ჰაკათონის პროექტის შედეგად, 55 პროექტი შეიქმნა, საიდანაც 4 გამარჯვებული შეირჩა. შექმნილი პროექტები უმეტესად სმარტფოუნის აპლიკაციები იყო.
საქართველოში ინოვაციური მეწარმეობისა და იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 2014 წლის თებერვალში შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. სააგენტოს მიზანია ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე ეკონომიკური დონის ამაღლება.
საქართველო, ინოვაციების მხრივ, საერთაშორისო რეიტინგებში არცთუ ისე სახარბიელო პოზიცებს იკავებს. კერძოდ, 2013 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველომ 142 ქვეყნიდან 73-ე ადგილი დაიკავა და, წინა წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუარესა. ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონში მეორეა - ჩამორჩება სომხეთს, რომელიც 59-ე ადგილზეა, თუმცა უსწრებს 105-ე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანს. მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზეა შვეიცარია, მეორეზე - შვედეთი, ხოლო მესამეზე - დიდი ბრიტანეთი.