ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. წესით, ამ ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს გარე ვალდებულებების გარეშე უნდა ჰქონდეს პრიორიტეტად, თუმცა დღემდე არსებული ვითარება ამ პრიორიტეტულობაზე საკმაოდ მძიმე წარმოდგენას ქმნის.
საქართველოში დღეისთვის 56 მოქმედი მუნიციპალური ნაგავსაყრელია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა (გარდა 3 ახალგახსნილი ნაგავსაყრელისა) საბჭოთა კავშირის დროსაა რეგისტრირებული, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მათი ექსპლუატაციის ვადა გასულია.
Your browser doesn’t support HTML5
56-დან 53 ნაგავსაყრელი საქართველოს მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. კიდევ ერთი პრობლემა არის სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც ძირითადად ხევებში, მდინარის კალაპოტებში, გზის პირებზე და ა. შ. იყრება. თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში ფუნქციონირებს სტიქიური ნაგავსაყრელები, სადაც ხდება სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსება.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, მაგალითად, ბათუმში, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ქალაქში, სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი თავმოყრილია შუა ქალაქში, დანგრეული ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე, სადაც კერძო პირები თავისუფლად ახერხებენ სამშენებლო ნარჩენების განთავსებას.
გადამუშავებული ნარჩენების 60 %-ზე მეტი შემდგომ დამუშავებას გადის ევროკავშირის (27 წევრი ქვეყანა) 425 ქარხანაში, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარჩენების მხოლოდ 10 % იგზავნება მის ტერიტორიაზე არსებულ 87 ქარხანაში. ევროპის 14 ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ნარჩენების ნაგავსაყრელზე გაგზავნას გადამუშავებამდე. ევროკავშირში მუნიციპალური მყარი ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია აჭარბებს მზისა და ქარის ენერგიას, ერთად აღებულს. ერთი ტონა მუნიციპალური მყარი 38 ნარჩენის გადამუშავების შედეგად მიღებული ენერგია ეკვივალენტურია ენერგიისა, რომლის გამოსამუშავებლად საჭიროა 1/3 ტონა ქვანახშირი.
მყარი ნარჩენების მდგრადი მართვის ნაცადი პრაქტიკა ამტკიცებს, რომ სწორედ გადამუშავების პრაქტიკის დანერგვა და ნარჩენების, როგორც ენერგიის წყაროს, გამოყენებაა ენერგიის განახლებისა და არსებული რესურსების შენარჩუნების საშუალება.
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ევროკავშირში მიღებული მიდგომა დაფუძნებულია ე. წ. „ნარჩენების იერარქიაზე“, რომელიც აკონკრეტებს პრიორიტეტულ მიმდევრობას საოპერაციო ფაზის დროს: ნარჩენების წარმოშობის თავიდან არიდება და მინიმუმამდე დაყვანა, მომზადება მეორადი გამოყენებისათვის, გადამუშავება, ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად და, ბოლოს, ყველაზე ნაკლებად სასურველი ფაზა - ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე განთავსება ან მათი ინსინერაცია ენერგიის აღდგენის გარეშე.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან 2020 წლამდე ნაგავსაყრელზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა 50 %-ით, ხოლო სამშენებლო ნარჩენები 70 %-ით შეამცირონ. ამ მხრივ, ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს შვედეთი, რომელმაც 2010 წელს 49 %-იან რეციკლირებას მიაღწია და ნარჩენების მხოლოდ 1 %-ს განათავსებს ნაგავსაყრელზე. ევროსტატის მონაცემებით, 2013 წელს ევროკავშირის 28 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 156,9 კგ. ნარჩენის გენერირება მოხდა.