სინქრონის უარყოფა

ეკა ტოგონიძის ახალი რომანი "Aსინქრონი” ადამიანის პიროვნული რღვევისა და გაორების უკვე ტრადიციულ ლიტერატურულ და ფილოსოფიურ თემას უბრუნდება მეტად საინტერესო ფორმით - საინტერესოთი და არა პრინციპულად ახლით, რადგან ეს თემაც - სიამის ტყუპების თემა - არაერთხელ დამუშავდა მსოფლიო მწერლობაში.

მაგალითად ნაჯიბ მაჰფიზის უბრწყინვალესი მოთხრობაც იკმარებს, ,,ყისმათი და ნასიბი“, რომელიც არაბულიდან ქართულად თარგმნა რუსუდან კვიჟინაძემ და ამ ათი წლის წინ გამოქვვეყნდა ჟურნალ ,,ჩვენს მწერლობაში“.

რაც შეეხება ტოგონიძის რომანის უშუალო ინსპირატორ ტყუპებს, მათ შესახებ ერთი ჰოლივუდური ფილმიც კი არსებობს.

ამიტომ თემა არ არის ახალი, თუმცა გააჩნია, როგორ დაამუშავებს ამას მწერალი და რა აქცენტებს დასვამს ისეთს, რომლითაც შეეძლება უკვე კარგად ნაცნობი მასალა ახლებური და თავისებური კუთხით დაგვანახვოს.

ამაზე პოეტმა ეკა ქევანიშვილმაც აღნიშნა ჩვენთან საუბრისას:

,,ეს თემა, თავისთავად, რასაც ეს რომანი მიეძღვნა, არ არის ახალი - ამაზე ფილმიც არის გადაღებული და, ზოგადად, ცნობილი ისტორიაა, მაგრამ მას ეტყობა, რომ ავტორმა ნამდვილად იმუშავა ამ თემაზე, ოღონდ ისე კი არა, რომ ინტერნეტში, სადღაც, რაღაც წაიკითხა. თვითონ ამ ადამიანებთან ჰქონდა მას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, კონტაქტი, გაიგო მათი ფსიქოლოგია, როგორ იქცევიან კონკრეტულ შემთხვევაში, რა უჭირთ, რა ულხინთ. ეს, მე მგონი, პროზის მწერლისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

ამ მხრივ, მე მართლა მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ამ რომანზე.

სხვა მოთხრობებშიც წერს ეკა ამ ადამიანებზე და რაღაცნაირად, როცა ამ პრობლემებზე ვფიქრობ ხოლმე, ასოციაციურად უკვე უცებ მივდივარ ეკა ტოგონიძის შემოქმედებასთან“.

რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან კარგი რამ არის, რაც იმის მანიშნებელია, რომ მწერალს აქვს თავისი ნიშა და, რაც მთავარია, მექანიკურად არ არის დაკავშირებული იმ პრობლემასთან თუ პრობლემებთან, რომელთა მხატვრულ გააზრებასაც თავის ტექსტებში გვთავაზობს. ,,Aსინქრონი“ ეკა ტოგონიძის მეორე წიგნი და პირველი რომანია; პირველი წიგნი კი იყო მოთხრობების კრებული, რომელმაც მწერალს ბევრი გამარჯვება და ლიტერატურული პრემია ,,საბაც“ მოუტანა.

გარდა ამისა, ეკა ტოგონიძის მოთხრობები შესულია ბევრ კრებულში და თარგმნილია ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

რაც შეეხება რომანს, ავტორმა ამ წიგნთან დაკავშირებით ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

ეკა ტოგონიძე

,,რომანის დაწერა რომ გადავწყვიტე, უკვე ვიცოდი, რომ ნაწარმოები იქნებოდა, ასე რომ ვთქვათ, ,,სქელტანიანი“, რადგან თვითონ პრობლემატიკა არის იმდენად ღრმა და მრავლისმომცველი, რომ, ალბათ, რთულია მოკლე ჟანრში ჩაატიო. ამიტომ თავიდანვე ასეთი განწყობით დავიწყე მუშაობა. პირველ რიგში, ვეძებდი ინფორმაციას გმირებზე, რომლებიც არიან ჩემი რომანის მთავარი პერსონაჟები, სიამის ტყუპები, და წავიკითხე, ვუყურე ინტერნეტში არაერთ საინტერესო მასალას, რაც არც ისე ადვილი იყო, რადგან თვითონ თემა არის ძალიან მძიმე და თვითონ ეს შემთხვევა პრაქტიკულად უნიკალურია, ძალიან იშვიათია ბუნებაში. ამ ადამიანების ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ორი სული ერთ სხეულში და მათი განცალკევება ყველაზე ისეთი, ახალი სამედიცინო მიღწევებითაც კი შეუძლებელია, რადგან ეს არის ორი ნახევარი ადამიანი, ერთმანეთთან შეერთებული, უხეშად რომ ვთქვათ. მათი ბიოლოგიური ანატომიური მოდელი ავიღე რეალური გმირებისაგან, რადგან არ მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო სამედიცინო ფანტასტიკა და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი მართლა არსებობენ სამყაროს რომელიღაც წერტილში“.

სხვათა შორის, განათლებითა და პროფესიით ჟურნალისტი ეკა ტოგონიძისაგან სავსებით ბუნებრივია მასალის, შემოქმედებითი წყაროს მიმართ ამგვარი მიდგომა. მწერლის რეალისტურ სტილს რომ თავი დავანებოთ, მთელი ტექსტის მანძილზე არ გტოვებს იმის შეგრძნება, რომ ეს პერსონაჟები გამოგონილები არ არიან და სადღაც, შენ გვერდით, მართლა არსებობენ.

ეს კი უკვე გარკვეული გამარჯვებაა, რაკი ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ავტორს შესანიშნავად მოსდევს სიტყვა, არაჩვეულებრივ შენობას აგებს ენობრივად და სტილისტურად, მაგრამ ეს სახლი ცარიელია, იქ ადამიანები, ანუ პერსონაჟები, არ ცხოვრობენ და მხოლოდ გარკვეული, ხორცშესხმული, უფრო სწორად, სანახევროდ ხორცშესხმული იდეები თუ ცნებები მოქმედებენ - დადიან, ტირიან, უყვართ, უხარიათ, სძულთ, მაგრამ მათი საქციელი მხოლოდ ავტორისთვის არის მოტივირებული და ბოლომდე გასაგები.

ეკა ტოგონიძის ,,Aსინქრონი“ კი ცოცხალი ადამიანების რომანია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადამიანების უნიკალურ კატეგორიას, პრაქტიკულად პრეცედენტულ შემთხვევას მიეკუთვნებიან, მაინც ბოლომდე გჯერა მათი არსებობაც და ისიც, რომ ამ ორი, ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული, ადამიანის ბედისწერა სწორედ ისე ვითარდება, როგორც ეკა ტოგონიძემ წარმოიდგინა და აღგვიწერა.

ეს უკვე მიღწევაა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩემთვის მაინც ბოლომდე ამოუხსნელი დარჩა, ავტორმა ეს როგორ მოახერხა.

პირწმინდად ტექნიკური თვალსაზრისით, ჩემი ტიპისა და გემოვნების მკითხველს ტექსტთან მიმართებით შესაძლებელია უამრავი პრეტენზია გაუჩნდეს. პირველ რიგში ის, რომ რომანში საკმაოდ მწირია ან გაცვეთილი მთელი რიგი სტილისტური საშუალებები, რასაც ეკა ტოგონიძე მხატვრული სინამდვილის შესაქმნელად გამოიყენებს.

ეს წიგნი მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, როცა გაინტერესებს, რა მოხდება, რითი დამთავრდება და ეს არ არის მრავალჯერადად საკითხავი წიგნი. ეს არის ერთი რომანი, რომელსაც დილით დაიწყებ, საღამოს დაასრულებ, რაღაც გეტკინება და რაღაცაზე დაფიქრდები, ოღონდ ეს არ არის უმნიშვნელო ამბავი...
ეკა ქევანიშვილი

მაგალითად, პერსონაჟის დღიური უკვე იმდენად აპრობირებული ფორმაა, რომ, ალბათ, ბევრი გამოცდილი მწერალი ამის გამო მაინც იტყოდა უარს აღნიშნული ფორმის მოშველიებაზე. თუმცა ეკა ტოგონიძეს არ შეეშინდა ამისა და, ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა, რადგან მის რომანში ორი პარალელური დღიურია, რომელიც, პრაქტიკულად, ერთ ადამიანს, ერთ არსებას ეკუთვნის. ეს დღიურები კი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. მოვლენები, რასაკვირველია, ერთი და იგივეა, მაგრამ ხედვის კუთხე, ის, თუ რომელ მხარესა დგას პერსონაჟი, დიანაა თუ ლინა, ამ მოვლენებს სრულიად განსხვავებული და, არცთუ იშვიათად, წინააღმდეგობრივი რაკურსით წარმოაჩენს.

რაკურსების ეს გამუდმებული ცვლა კი კალეიდოსკოპის ეფექტივით მოქმედებს, რაც ჩვენ თვალწინ უამრავ ურთიერთგანსხვავებულ ფერსა და ნიუანსს აცოცხლებს.

სწორედ ამ ფერადოვნებით არის გადაფარული, ჩემი აზრით, წიგნის უმთავრესი ნაკლი - უღარიბესი ენა, სადაც მწერლის მხოლოდ ერთი პოზიცია თუ სურვილი იკითხება: იყოს მაქსიმალურად მიახლოებული სალაპარაკო ენასთან, დღევანდელობასთან ისე, რომ მკითხველს ამის გამო ზედმეტი დისკომფორტი არ შეუქმნას.

არადა, ნარატივის ფაქტურიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორედაც ამ წიგნში იყო შესაძლებელი ენობრივი თამაშები ისეთ დონეზე აგვეყვანა, რაც რომანს გამორჩეული ნიმუშების გვერდით დააყენებდა.

თუნდაც, სიამის ტყუპების განსხვავებულობა და დაპირისპირება ენობრივ-ლექსიკურ დონეზე რომ გამოკვეთილიყო, ეს უკვე ძალიან დიდი მხატვრული ამოცანის დაძლევა იქნებოდა.

ეს ენობრივი სიღარიბე კი, გარკვეულწილად, სიუჟეტურ სწორხაზოვნებასაც განაპირობებს და მთელი წიგნის განმავლობაში არ გტოვებს შეკითხვა: სინამდვილეში რასთან გაქვს საქმე - ბულვარული ჟურნალების დამატებასთან, ანუ ასევე ბულვარულ - მატარებელში, ავტობუსში საკითხავ - რომანთან, თუ სერიოზულ ლიტერატურასთან?

პოეტმა ეკა ქევანიშვილმა გვითხრა:

,,ყველა რომანს რაღაც სხვადასხვანაირ პრეტენზიებს ვუყენებთ - ხო ასეა? - და ყველა ავტორს, ასე ვთქვათ. რაღაცა რომანი არის, რომ ყველა გვერდზე გიყვება რაღაცას და ყველა გვერდი მნიშვნელოვანია და რაღაც რომანი არის, ფურცლავ, ფურცლავ და მხოლოდ ფინალი გაინტერესებს, რა მოხდება და მერე ამ წიგნს დებ და აღარ უბრუნდები არასდროს.

მე მაინც მგონია, რომ ეს წიგნი მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, როცა გაინტერესებს, რა მოხდება, რითი დამთავრდება და ეს არ არის მრავალჯერადად საკითხავი წიგნი. ეს არის ერთი რომანი, რომელსაც დილით დაიწყებ, საღამოს დაასრულებ, რაღაც გეტკინება და რაღაცაზე დაფიქრდები, ოღონდ ეს არ არის უმნიშვნელო ამბავი“.

რა თქმა უნდა, ეკა ქევანიშვილის მიერ აღნიშნული ღირსებები, მართლაც, არ არის უმნიშვნელო ამბავი, რადგან ბელეტრისტიკის მთავარი ფუნქცია ხომ, ბოლოს და ბოლოს, მაინც ის არის, რომ ამბავ გადმოსცეს.

ეკა ტოგონიძე კი ამბავს ძალიან კარგად ჰყვება და ამის წყალობით მკითხველი, რომელიც დილას ,,Aსინქრონის“ კითხვას დაიწყებს, საღამოს სასიამოვნოდ გაკვირვებული აღმოაჩენს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის დღე უქმად ნამდვილად არ დაუკარგავს.