ურთიერთგანსხვავებულია ორი ეგზიტპოლის შედეგები, რომლებიც 8 ოქტომბერს კენჭისყრის პროცედურის შემდეგ გამოაქვეყნა, ერთი მხრივ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და, მეორე მხრივ, ტელეკომპანიების ჯგუფმა „იმედის“, „GDS“-ის, „მაესტროსა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის შემადგენლობით. თუკი პირველ შემთხვევეში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თითქმის ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლები აქვთ, მეორე შემთხვევეში „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ აღემატება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელს. ორივე ეგზიტ პოლის თანახმად, სიის მესამე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსი“. ოპონენტები ნაადრევად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ საზეიმო განწყობას.
„ქართული ოცნება“ – 39,9 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 32 % - ასეთია „რუსთავი 2“-ის მიერ გერმანული კომპანია „ჯი-ეფ-კეისთვის“ (GFK) დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები. საველე სამუშაოები ამ შემთხვევაში კომპანია „ბი-სი-ჯიმ“ (BCG Research) განახორციელა.
რაც შეეხება ოთხი ტელევიზიის („იმედი“, GDS, „მაესტრო“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი) ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს, პროცენტები ასეა გადანაწილებული: „ქართული ოცნება“ – 53,8 %, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ - 19,5 %. ამ შემთხვევაში ეგზიტ პოლი დაკვეთილი ჰქონდა ამერიკულ კომპანია „ტი-ენ-ესს“ (TNS), რომლისთვისაც საველე სამუშაოებს ასრულებდა კომპანია „გორბი“.
როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი ტელეკომპანიის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგებით იხელმძღვანელა და თავისი ცენტრალური ოფისიდან საზეიმო ვითარებაში ამომრჩეველს გამარჯვება მიულოცა. მართალია, ეგზიტპოლის შედეგები არჩევნების ოფიციალური შედეგი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება:
„დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი - არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით, ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში“.
ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33 %-ის ძალიან დიდი ნაწილი, რომელმაც (ეგზიტპოლის ფარგლებში) უარი განაცხადა საკუთარი არჩევანის დასახელებაზე, არიან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები და მათი ხმები, ცესკოში ხმების დათვლის შედეგად, წამოვა სწორედ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, იმიტომ რომ ის 7 % განსხვავება, რომელიც აჩვენა პირველადმა კვლევამ, არის აბსოლუტურად პირობითი...დავით ბაქრაძე
საზეიმო განწყობის თანხლებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მილოცვაც მოისმინეს:
„მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ და, რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გამარჯვება აბსოლუტურად ეხმიანება და გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების... საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო და პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა ჩვენს საზოგადოებასა და ქართველ ხალხთან ერთად. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ გამარჯვებას ნაადრევად მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ, „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლებით იხელმძღვანელა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზეც მცირედით უგებს მის პარტიას, მაგრამ ყველაფერი წინ არის და არჩევნების ოფიციალური შედეგები რადიკალურად შეცვლის სურათს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ:
„ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33 %-ის ძალიან დიდი ნაწილი, რომელმაც (ეგზიტპოლის ფარგლებში) უარი განაცხადა საკუთარი არჩევანის დასახელებაზე, არიან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები და მათი ხმები, ცესკოში ხმების დათვლის შედეგად, წამოვა სწორედ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, იმიტომ რომ ის 7 % განსხვავება, რომელიც აჩვენა პირველადმა კვლევამ, არის აბსოლუტურად პირობითი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 4-5 საათში ეს განსხვავება რადიკალურად შეიცვლება და, სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიკავებს პირველ ადგილს“.
8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ურთიერთგანსხვავებულ ეგზიტპოლებს საერთო მხოლოდ ისა აქვთ, რომ, ორივეს მიხედვით, გამარჯვებულია „ქართული ოცნება“ და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. ბარიერს მიღმა დარჩა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც „რუსთავი 2-ზე“ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის პირველადი მონაცემებით, თითქოს 5,76 % ჰქონდა მოპოვებული. პოლიტიკური ძალის ლიდერს, დავით თარხან-მოურავს, ეს მაჩვენებელიც ეცოტავებოდა და ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლებასაც ემუქრებოდა:
„რას ნიშნავს, როგორ შეიძლება ჩვენ გვქონდეს 5 თუ 5,7 პროცენტი?! ეს არის აბსოლუტური სისულელე... როგორ შეიძლება, რომ „ნაცმოძრაობამ“, რომელმაც 14 ათასი კაცი ძლივს გამოიყვანა მთელი საქართველოდან, იმას ჰქონდეს 32 % თუ რაღაც წარმოუდგენლად მაღალი რიცხვები... ბათუმში გამოვიყვანე ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე მაგათმა... ვეუბნები ხელისუფლებას: აი, ამ მაიმუნობას თავი დაანებოს... არ დავინახოთ, რომ ასეთი შედეგები გამოაქვეყნოს ცესკომ - გადაჰყვება ეს ხელისუფლება ამას“.
„პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსად, 8 ოქტომბერს გამოცხადებული ეგზიტპოლების თანახმად, პროპორციული წესით არჩევნებში 5 %-იანი ბარიერის მიღმა დარჩა ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, მათ შორის: „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტული პარტია თუ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“.