ძალადობა თუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული?

თავდასხმა შავკანიან სტუდენტებზე

8 აპრილს, დიღომში, ფეხბურთის სტადიონზე მოთამაშე შავკანიანი სტუდენტები იქვე მცხოვრები მამაკაცების ჯგუფმა სტადიონიდან გამოაძევა. ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ხელკეტებით შეიარაღებული კაცები როგორ მისდევენ და აგინებენ შავკანიან ახალგაზრდებს.

უჩა ნანუაშვილი

„გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ შესაძლოა, ეს იყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და არა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ინციდენტი და ძალადობა, რა მუხლითაც შსს-მ საქმე აღძრა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, მსგავსი ფაქტების დროს პოლიციელების რეაგირება არაადეკვატურია ხოლმე. ჩემი სახალხო დამცველობის დროსაც, არაერთი მსგავსი შემთხვევა მომხდარა,მაგრამ მაშინაც პრობლემა იყო სწორი კვალიფიკაცია. ხოლო გამოძიება ბოლომდე მიდიოდა მხოლოდ მუდმივი მონიტორინგისა და საზოგადოებრივი ზეწოლის შემთხვევაში“, -- უთხრა რადიო თავისუფლებას ყოფილმა სახალხო დამცველმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა.

საქმეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებს.

მერე კაცების მთელი ჯგუფი დაგვესხა თავს ხელკეტებით და ქვებით... ვიღაც კაცმა ფანჯრიდან იარაღი მოგვიშვირა, თან გვემუქრებოდა, მოკვდებით, თუ ქვეყნიდან არ წახვალთო...
ბენ ზეგე

ერთ-ერთი შავკანიანი ახალგაზრდა ბენ ზეგე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მომხდარს ასე აღწერს: „საღამოს 6 საათი იყო, სტადიონზე ვთამაშობდით, როდესაც ვიღაც ქართველი კაცი მოგვიახლოვდა და გვითხრა იქაურობა დაგვეტოვებინა. როდესაც მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ სტადიონიდანაც და ქვეყნიდანაც წავთრეულიყავით, რომ ჩვენ არ გვქონდა საქართველოში დარჩენის უფლება, რადგან შავკანიანები ვართ. მერე კაცების მთელი ჯგუფი დაგვესხა თავს ხელკეტებით და ქვებით... ვიღაც კაცმა ფანჯრიდან იარაღი მოგვიშვირა, თან გვემუქრებოდა, მოკვდებით, თუ ქვეყნიდან არ წახვალთო“.

როგორც ბენ ზეგე წერს, მათ მაშინვე გამოიძახეს პოლიცია, თუმცა არც ერთი მოძალადე არ დაუკავებიათ: „რა მოხდებოდა, პირიქით რომ მომხდარიყო და შავკანიანებს ეცემათ ქართველები? დაუჯერებელია, რომ ეს 21-ე საუკუნეში ხდება“.