დვანში სახლი აშენდა. ამ ამბავში განსაკუთრებული თითქოს არაფერია, მაგრამ დვანელებისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს. სახლის შენებაში მთელი სოფელი მონაწილეობდა. ეს ამბავი კი ორი წლის წინ დაიწყო, როცა ადგილობრივ მცხოვრებ მერაბ მეკარიშვილთან მეზობელი ოსური სოფლის, მუგუთის, ხელმძღვანელი ზაურ ვალიევი მივიდა და რუსეთის მესაზღვრეების დანაბარები გადასცა ეგრეთ წოდებული საზღვრის კიდევ 50 მეტრით გადმოწევის შესახებ. მეკარიშვილის მამაპაპისეული სახლი მავთულხლართებთან იდგა და თუ ერთ კვირაში მის დემონტაჟს არ მოახდენდა, ეს ქონება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩებოდა. მეკარიშვილის მდგომარეობაში კიდევ ორი ოჯახი აღმოჩნდა. მათ სახლების დაშლა დაიწყეს. ამ პროცესში მთელი სოფელი ჩაება, ამბავმა კი ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიქცია.
დვანში მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯგუფები დაზარალებულებს დახმარებას ჰპირდებოდნენ. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სახელწოდებით „ჩვენ ვაშენებთ სახლს“. დვანელების დახმარების სურვილი უამრავმა მოქალაქემ გამოთქვა, მერაბ მეკარიშვილმა კი მაშინ განაცხადა, რომ მამაპაპისეული ნასახლარიდან შორს არ წავიდოდა და ახალ სახლს იქვე, 50 მეტრში, ააშენებდა. ერთ დღეს სოფელში სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო მანქანები ჩავიდა. თბილისის მერიის განვითარების ფონდმა დაზარალებულებს სამი სახლის ასაშენებლად საჭირო მასალა გადასცა. მეკარიშვილმა სახლის შენება გასულ წელს საკუთარი ბაღის ბოლოში დაიწყო და ეს საქმე წელს დაასრულა კიდეც. ორსართულიანი ლამაზი სახლის პროექტი თვითონვე შეადგინა. ახლა სახლში შიდა სამუშაოებიღაა ჩასატარებელი და ოჯახი ახალმოსახლეობას გაზაფხულზე იზეიმებს. ახალი სახლის ფანჯრიდან მოჩანს ნახევრად დაშლილი მამაპაპისეული სახლიც, იქვე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და მავთულხლართებია. მეკარიშვილი ამბობს, რომ დვანელების გარდა მისი სახლის მშენებლობაში თითქმის მთელი საქართველო იყო ჩართული.
დვანელებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ დიდი ხანია სოფელში აღარც ჟურნალისტები ჩასულან და აღარც ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, პრობლემების ნაწილი მოგვარდა. სოფელში გაზი გაიყვანეს, გაუმჯობესდა სატელეფონო კავშირი, დვანში ინტერნეტიც მუშაობს, წყლის მიწოდებაც გაუმჯობესდა, მაგრამ გადმოწეული საოკუპაციო ხაზის გამო დაკარგული ნაკვეთების მფლობელებისთვის ეს დიდი შეღავათი არ არის. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ვაგნერ ლაზარაშვილს მიწა დაკარგული აქვს. მისი აზრით, მთავრობამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.
დვანელები დახმარებას სამართალდამცავებსაც სთხოვენ. სოფლის მცხოვრები მიხეილ ქრისტესიაშვილი თვეზე მეტია ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. როგორც სოფელში ამბობენ, დაკავებისას მას რუსეთის მესაზღვრეებთან ინციდენტი შეემთხვა და ამის გამო 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის თანასოფლელები აცხადებენ, რომ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ეს საკითხი ქართულმა მხარემ მკაცრად უნდა დასვას და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვოს. დვანის გარშემო მთებზე მთლიანად საოკუპაციო ძალების საგუშაგოებია მოწყობილი და ადგილობრივი მოსახლეობა სალოცავში წასვლასაც ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, სოფელში სახლი მაინც აშენდა.