ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ისმის კითხვა: კიდევ სად არის მსგავსი საგანგაშო კერები? ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მდინარედ სპეციალისტები დურუჯს ასახელებენ. დურუჯის კალაპოტში დაგროვილმა ქვებმა თუ ქვიშამ, ღვარცობის შემთხვევაში, ქალაქს შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს, ვიდრე ეს ვერეს ადიდებისას მოხდა.
„ეს არის ძალიან ცნიბილი პრობლემა. დურუჯს კავკასიის სამხრეთ მთებიდან თიხა-ფიქალი ჩამოაქვს. ეს არის მინერალოგიური, ვულკანური წარმოშობის მასალა, ქვა. ეს ჩამონატანი ყოველწლიურად 200-250 ათასს აღწევს. იქ არის ფერდობი, სადაც ეს მასა გროვდება და მერე, წვიმის შემთხვევაში, ან ჩრდილოეთ კავკასიაში მიდის, ან აქეთ, ყვარლისკენ“.
საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი თამაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ყვარლის დასაცავად დამბა ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ ააშენა. მისი ნაწილი დღემდე შემორჩა, თუმცა მოუვლელია. 1949 წელს დურუჯის ხეობაში ღვარცოფი მოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის დაიღუპნენ ომის ვეტერანები. ისინიმაშინ ყვარლის დასასვენებელ სახლში იმყოფებოდნენ. ამ ტრაგედიის შემდეგ საბჭოთა კავშირმა იმ დამბის მშენებლობა დაიწყო, რომელიც უკევ სამოცი წელია დგას. ვაშაკიძე ამბობს, რომ ეს დამბაც მოუვლელია და პერიოდულად გაწმენდას საჭიროებს.
ლიტერატურათმცოდნე ლევან ასათიანი თავი ჩანაწერებში ყვარელში მოგზაურობასაც იხსენებს და ასეთ რამეს წერს:
„დავათვალიერე „ილიას დამბა“, 1906-1907 წლებში ნაშენი, და ახალი დამბა, სიგრძით 6 კილომეტრი, აგებული 1949-50 წლებში. ეს დამბები იცავენ ყვარელს შმაგი დურუჯის მოდიდებისა და რისხვისაგან. 1949 წელს დურუჯმა გაანგრია ძველი ჯებირი, შუაღამისას გადმოიჭრა ყვარლის თავში და რამდენიმე ასეული ადამიანი იმსხვერპლა“.
თამაზ ვაშაკიძის თქმით, დურუჯს ახასიათებს პერიოდულობა:
„ყოველ 12-15 წელიწადში ღვარცოფი მეტ-ნაკლები სიძლიერით ეჯახება დამბას. ბოლო ღვარცოფი იყო 1998 თუ 2000 წელს. ახლა არის 2015 წელი. შესაბამისად, კრიტიკული მდგომარეობაა“.
პირველი სოფელი დამბიდან 70 მეტრში მდებარეობს. რას უნდა ველოდეთ, თუ დურუჯში დაგროვილი ქვები ადგილიდან დაიძვრება? თამაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ დურუჯზე აშენებული ხიდის სიმაღლე თავდაპირველად რვა მეტრი იყო, ახლა კი მხოლოდ ნახევარი მეტრია, რადგან მდინარე მთლიანად თიხა-ფიქალის მასითაა ამოვსებული. მისივე თქმით, სპეციალისტებმა დაიანგარიშეს და აღმოჩნდა, რომ დურუჯში 30 მილიონამდე კუბური მეტრი თიხა-ფიქალის მასაა დაგროვილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დურუჯზე დაკვირვებისა და შეტყობინების სისტემა ამუშავდა, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, საფრთხის შემთხვევაში, ზომები მიიღონ. გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ სისტემა მოსახლეობას ბოლომდე მაინც ვერ დაიცავს:
„იმდენად დიდი რისკია ამ მდინარეზე და იმდენად დიდი დასახლებული პუნქტია ყვარელი, რომ რისკი მაინც იქნება. ამიტომ აუცილებელია დაიწყოს სამუშაოები და ის ნაშალი მასალა, რაც მდინარის ხეობაშია, მაქსიმალურად გაიტანონ“.
გიორგი დვალაშვილის თქმით, დურუჯმა ერთხელ ღვარცოფის შედეგად 225 ტონა ლოდი ჩამოიტანა. ამასთან, ამ ხეობაში მდებარეობს ხელოვნური წყალსაცავი, ილიას ტბა, რაც მოსახლეობას დამატებით რისკს უქმნის.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ დურუჯის პრობლემა ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ხშირად წვიმს:
„იყო ძალიან ნალექიანი ზამთარი,ახლა ძალიან ნალექიანი ზაფხული გვაქვს. არის სერიოზული საფრთხე, რომ გააქტიურდეს ისმეწყრული, ღვარცოფული პროცესები, რომელიც საქართველოში არსებობს, პირველ რიგში, დურუჯი, რომელსაც არა მარტო ქვეყნის, არამედ შესაძლოა რეგიონალური მნიშვნელობაც ჰქონდეს. ჩამოტანილი ინერტული მასალის უზარმაზარი მასა, რომელიც პირდაპირ მთის სახით არის აღმართული ყვარლის თავზე, შესაძლოა დაიძრას“.
რამდენიმე დღის წინ დურუჯის ხეობაში მართლაც ჩამოწვა მეწყერი, თუმცა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეწყერს მდინარე არ გადაუკეტავს. ირაკლი მეგრელიძე, რომელიც ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ამ ეტაპზე მშვიდად უნდა ვიყოთ:
„ჩვენდა საბედნიეროდ, უშუალოდ კალაპოტი არ ჩაუხერგავს და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“.
მაგრამ რა მოხდება ხვალ? მოხერხდება მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალის რისკის ზონიდან გატანა? ყვარლის გამგებლის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი ამბობს, რომ დურუჯზე ნაპირების გამაგრებას აპირებენ:
„მარჯვნიდან ბუნებრივი დამცავი აქვს - გორა. მარცხნივ არის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩასატარებელი, გაბიონებიუნდა გაკეთდეს. მეწყერია ჩამოწოლილი თეთრ დურუჯში და ხშირი ნალექის პირობებში საშიშია - შეიძლება მოსახლეობისკენ წამოიღოს“.
მალხაზ ხიზანიშვილი ამბობს, რომ დურუჯი არაპროგნოზირებადი მდინარეა და ამიტომ მისი კალაპოტი სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს. ამ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ყვარლის გამგეობა საჭირო ფინანსების მოძიებას ცდილობს.
ექსპერტებს შორის განიხილება, ასევე, სხვადასხვა ბიზნესიდეა დურუჯის კალაპოტიდან ამოღებული მასის შესახებ. არის მოსაზრება და პროექტებიც კი, რომელთა მეშვეობითაც ნატანის სამშენებლო მასალად გამოყენება იქნება შესაძლებელი, თუმცა რეალურად ამ პროექტების განხორციელებამდე ჯერ საქმე არ მისულა.