დოპინგი სოჭის ოლიმპიადაზე: „დანაშაულებრივი მოქმედების უპრეცედენტო დონე“?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი აცხადებს, რომ ლოზანის ანტისადოპინგო ლაბორატორიას დაავალებს, განმეორებით შეამოწმოს სოჭის ოლიმპიური თამაშების ანტისადოპინგო ანალიზის ნიმუშები „ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მეთოდებით“. ეს ნაბიჯი მოჰყვა ბრალდებებს, რომ 2014 წელს სოჭის ასპარეზობის მონაწილე ათობით რუსი სპორტსმენი იყო ჩართული „სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დოპინგის პროგრამაში“.

თომას ბახი სტატიაში, რომელიც პარიზის ყოველდღიურ გაზეთ „მონდის“ 18 მაისის ნომერში გამოქვეყნდა, აცხადებს, რომ, თუ დადასტურდა, რომ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, ეს იქნებოდა „დოპინგი შემაძრწუნებელი ახალი მასშტაბით, დანაშაულებრივი მოქმედების უპრეცედენტო დონეზე“. რუსეთის სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არის „სრულად ითანამშრომლოს“ ანტისადოპინგო სააგენტოსთან.

რუსეთს უკვე აუკრძალეს მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა დოპინგის თაობაზე ნოემბერში გავრცელებული მტკიცებულებების გამო. თომას ბახი აცხადებს აგრეთვე, რომ 2008 და 2012 წლებში პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზე ანტისადოპინგო შემოწმების ნიმუშების ხელახლა შემოწმების შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ათლეტს ეტყვიან უარს წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.