აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, კიდევ ერთხელ შეაქო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - ის პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე უკეთესი ლიდერიაო, თქვა ტრამპმა 7 სექტემბერს ტელევიზიით ნაჩვენებ შეხვედრაში, ე.წ. საპრეზიდენტო ფორუმში მონაწილეობისას. ამ შეხვედრისას დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი მეტოქე ჰილარი კლინტონი ცალ-ცალკე გამოკითხეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. პუტინის მიერ ქვეყნის კონტროლი ძალიან ძლიერიაო, განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ძალიან კარგი ურთიერთობა ექნება მოსკოვთან. „ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა მექნებოდა პუტინთან და ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა მექნებოდა რუსეთთან. (...) რუსეთს ისევე ძალიან სურს ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების განადგურება, როგორც ჩვენ გვსურს. რუსეთთან ურთიერთობა რომ გვქონდეს, ხომ კარგი იქნებოდა თანამშრომლობა და ისლამური სახელმწიფოს მიწასთან გასწორება? ხომ კარგი იქნებოდა?“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა 7 სექტემბერს. აქამდე ის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ პუტინის და სხვა ავტოკრატი მმართველების შექებისათვის.