დისკუსია სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის საკითხზე

სოციალურ ქსელებში ახალგაზრდების ერთი ჯგუფი შეხვედრის ადგილად მარო მაყაშვილის ქუჩას ირჩევს. მართალია, ოფიციალურად ქალაქის მთავარ ქუჩას სტალინის სახელი ჰქვია, მაგრამ ეს ჯგუფი ცდილობს ნელ-ნელა ახალი სახელი დაამკვიდროს. ამის გამო სოციალურ ქსელში მათ ხშირად დისკუსიას უმართავენ, აკრიტიკებენ და ლანძღავენ კიდეც, მაგრამ ეს ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან, რომ არსებულ რეალობას მალე შეცვლიან და საბჭოთა დიქტატორის სახელს ჩამოაცილებენ გორის ცენტრალურ ქუჩას. მარო მაყაშვილის სახელის აღმნიშვნელი ფურცლები სტალინის ქუჩაზე საბჭოთა დიქტატორის დაბადების დღეს გამოჩნდა და ეს იყო პასუხი სტალინისტების მანიფესტაციაზე. კომუნისტებმა ბელადის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს, მისი პორტრეტებით და საბჭოთა დროშებით კიდევ ერთხელ მოითხოვეს სტალინის მონუმენტის დადგმა. სტალინის ძეგლის დემონტაჟი ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის ივნისში მოხდა. მას შემდეგ სტალინისტები მონუმენტის დადგმას მოითხოვენ და პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავენ. კომპარტიის ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდა, სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე მსჯელობა არ დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით დაიმუქრა.

Your browser doesn’t support HTML5

დისკუსია სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის საკითხზე

ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი უკვე ითხოვს გორის მთავარი ქუჩისთვის სახელის გადარქმევას. თავიდან იყო ახალგაზრდული გაერთიანება „ლიდერთა ქსელის“ ინიციატივა, ცენტრალური მოედნისთვის, სადაც 2010 წლამდე სტალინის დიდი მონუმენტი იდგა, ევროპის სახელი მიენიჭებინათ. შემდეგ იყო სხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ ქალაქში ტოტალიტარიზმისა და სტალინიზმის შესახებ სალექციო კურსისა და ევროპის დღეების აღნიშვნა. ეს ჯგუფი დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა შექმნეს. გამოიცა წიგნი „13 მითი სტალინის შესახებ“, რომელიც გორში დარიგდა. საინიციატივო ჯგუფის ახალგაზრდები იმ საკრებულოს სხდომაზეც გამოვიდნენ, სადაც სტალინის მონუმენტის დადგმის საკითხი იხილებოდა. ახალგაზრდებმა საკრებულოს წევრებს მოუწოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ. მაშინ საკრებულომ საკითხი ჩააგდო, ახალგაზრდები კი მთავარი ქუჩისთვის სახელის გადარქმევის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

ბოლოს გამოჩნდა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც ჯერ კიდევ ზაფხულში ქალაქის ქუჩებში დატოვა წარწერა - „ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა“, დეკემბერში კი სტალინის ქუჩაზე ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის, სახელის აღმნიშვნელი ფურცლები გამოაკრა. გარდა ამისა მათ ადგილობრივ მედიას ფოტო და ვიდეომასალაც მიაწოდეს. ეს ჯგუფი ჯერჯერობით საკუთარ იდენტიფიკაციას არ ახდენს, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივითა და შესაბამისი პეტიციით მიმართავენ. ამ ჯგუფის ინიციატივამ სოციალურ ქსელში დისკუსია გამოიწვია. დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული თეონა ფანქველაშვილი მიიჩნევს, რომ დიქტატორების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში აღარ არის და დროა, ქალაქის მთავარ ქუჩას სახელი შეეცვალოს.

ამ საკითხის მიმართ გორელების დამოკიდებულება განსხვავებულია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუჩას სახელი არ უნდა გადაერქვას, მეორე ნაწილი თვლის, რომ ახლა ამის დრო არ არის, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი კი ფიქრობს, რომ სახელის გადარქმევის პროცედურა უნდა დაჩქარდეს.

გორის საკრებულოს იურისტი აკაკი კაპანაძე განმარტავს, რომ ქუჩებისთვის სახელის გადარქმევას კონკრეტული პროცედურების გავლა სჭირდება. საკითხის ინიცირება შეუძლიათ საკრებულოს წევრებს, მერს ან მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს. კაპანაძის თქმით, თუ ეს პირობები დაცული იქნება, საკრებულო საკითხის განხილვას დაიწყებს.

კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ მოქმედება საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა, რადგან არსებობს კანონი „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ, რომელიც ამ ტიპის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებათა აღმოფხვრას ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს არაერთ ქალაქსა თუ სოფელში დღემდე არსებობს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოს მატარებელი ელემენტები, მათ შორის, სტალინის არაერთი ძეგლი და ბიუსტი დგას არამარტო გორის მუნიციპალიტეტში. გორის ცენტრალური გამზირი სტალინის სახელობისაა და ახალგაზრდების არაერთი საინიციატივო ჯგუფი სწორედ კანონის მოთხოვნების აღსრულებას ითხოვს.