დისკრედიტაციის ახალი ტალღა თუ შეთქმულების თეორია

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს რესპუბლიკური პარტია საქართველოს საპატრიარქოს ქმედებებში „საბჭოური მეთოდების“ გამოყენებას ხედავს და მას „სახელისუფლო ქრთამის“ აღებაში ადანაშაულებს. მართალია, რესპუბლიკური პარტიისგან საპატრიარქოს კრიტიკა გამონაკლისს არ წარმოადგენს, მაგრამ პოლიტიკური ძალის მიერ 15 მარტს გამოქვეყნებული მწვავე განცხადება ამჯერად თავად საპატრიარქოს მიერ გახმაურებულ ბრალდებებს მოჰყვა. 14 მარტს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა პრესას გააცნო საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მავანთა მიერ დაგეგმილ „დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორებაზეა“ ლაპარაკი და გარკვეულ კონტექსტში მოხსენიებულია რესპუბლიკური პარტიაც. განცხადების თანახმად, გარკვეულ ძალებს სურთ საპატრიარქოს ჩათრევა პოლიტიკურ თამაშებში, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად რესპუბლიკური პარტიის პოზიციით, საპატრიარქო თავად ცდილობს, მუდამ აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

Your browser doesn’t support HTML5

დისკრედიტაციის ახალი ტალღა თუ შეთქმულების თეორია

რესპუბლიკური პარტია საპატრიარქოს „სახელისუფლო ქრთამის“ აღებაში ადანაშაულებს

  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია საქართველოს საპატრიარქოს ქმედებებში „საბჭოური მეთოდების“ გამოყენებას ხედავს და მას „სახელისუფლო ქრთამის“ აღებაში ადანაშაულებს.
  • პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა პრესას გააცნო საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მავანთა მიერ დაგეგმილ „დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორებაზეა“ ლაპარაკი.
  • სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად რესპუბლიკური პარტიის პოზიციით, საპატრიარქო თავად ცდილობს, მუდამ აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

„განცხადებაში იკითხება მცდელობა, საპატრიარქოში დაგროვებული მძიმე პრობლემები, რომლებმაც თავი ვერ დამალეს, გადააბრალონ რესპუბლიკურ პარტიას და „სხვა“ ძალებად მოხსენიებულ გარე სუბიექტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხსენებულ ინსტიტუციაში არსებული ვითარების სიმძიმეს. მსგავსი საბჭოური მეთოდები არის რეგრესისა და ქვეყნის ჩამორჩენის საფუძველი“, - ვკითხულობთ რესპუბლიკური პარტიის მიერ 15 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის ტექსტშიც სახელმწიფოსთან საპატრიარქოს ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრების კონკრეტული შემთხვევებია მოყვანილი, მასშტაბური წლიური დაფინანსების ჩათვლით. როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საპატრიარქო ცდილობს, რომ რეალობა შეთქმულების თეორიებით გადაფაროს :

„მთელ მსოფლიოში ხალხი, მათ შორის საქართველოში და მათ შორის ჩვენ ვსხედვართ და ვფიქრობთ, საპატრიარქოს ძირი როგორ გამოვუთხაროთ, ხალხს როგორ დავაკარგვინოთ რწმენა, როგორ გავრყვნათ, როგორ გავაფუჭოთ და გავუკეთოთ ქვეყანას ცუდი - თითქოს ასეთი შეთქმულება არსებობს, რაც, თავისთავად, არის ძალიან დიდი უაზრობა. ისინი ყველანაირ კრიტიკას უყურებენ შეთქმულების თეორიით. აქ არის ლაპარაკი ძალიან დიდ ფულზე, 25 მილიონს იღებენ ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ხდება უამრავი მიწების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. ეს ყველაფერი ფაქტებია, არსებობს, ჩვენ კი არ მოგვიგონია! ეს არის რეალური პრობლემა ქვეყანაში“.

რესპუბლიკური პატრიისთვის ნათელია, რომ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა 14 მარტს „სასულიერო პირების მხილება დააანონსა“. „ნადირობა კუდიანებზე - შინ და გარეთ, ერში და ბერში - აი, დღევანდელი საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ დამორჩილებული საპატრიარქოს სახე!“ - ვკითხულობთ რესპუბლიკური პარტიის განცხადების ტექსტში.

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც მიქაელ ბოტკოველმა ოთხშაბათს გაახმაურა, რესპუბლიკური პარტია პირველსავე აბზაცშია მოხსენიებული. ტექსტში ვკითხულობთ: „ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა, "ციანიდის საქმეც”.

ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, რომ „გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია „ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი“ და ეკლესიის მიერ გადადგმული ნაბიჯები:

ამ პირობებში სახელმწიფო ეკლესიას იყენებს ხან იდეოლოგიურად, ხან არჩევნების დროს მობილიზაციისთვის და ეს ღრმა ურთიერთგადაჯაჭვულობები, პრინციპში, არსებობს არა მხოლოდ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო დონეზე, არამედ პოლიტიკურ და დისკურსულ დონეზე...
თამთა მიქელაძე

„მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის; მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება "ელგებეტე” პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას; რომ იგი იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის“ და ა.შ.

მიქაელ ბოტკოველს არ დაუსახელებია საპატრიარქოსთან დაპირისპირების მსურველი კონკრეტული ძალები, მაგრამ გარკვევით თქვა, რომ, მათი ინფორმაციით, „იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“. ასევე ითქვა, რომ დიდია ეკლესიის პოლიტიკურ თამაშებში ჩართვისა და გამოყენების მცდელობა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელს, თამთა მიქელაძეს, არ უკვირს, რომ საპატრიარქოს სამიზნეს სწორედ რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს, რადგან, სხვა ძალებისგან განსხვავებით, ეს პოლიტიკური ძალა ძალიან ხშირად ღიად და თამამად აკრიტიკებდა საპატრიარქოს საქმიანობას. როგორც თამთა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ლგბტ თემისა და ნარკომომხმარებლების ასეთ მიუღებელ ჭრილში მოხსენიებით, საპატრიარქომ საზოგადოებას კვლავაც ძველებური პოლიტიკის გატარების სიგნალი გაუგზავნა:

„ფაქტია, რომ ეკლესია თავის რიტორიკას არ ცვლის, თავის ფილოსოფიასა და პოლიტიკას არ ცვლის, რაც მას აზიანებს და კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეკლესია არის მოქცეული. ამ შემთხვევაში საპატრიარქო, სასულიერო, ქრისტიანული ღირებულებების, თანასწორობის, ჰუმანური ღირებულებების გამტარის ნაცვლად, ამ განცხადებაში, და ზოგადადაც, იკითხება როგორც ნაციონალისტური, კონსერვატიული ძალიან დიდი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუცია, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდებს ხელისუფლებაზე“.

თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძის თქმით, აუცილებელია ითქვას, რომ საპატრიარქოს კრიტიკა არ ნიშნავს ეკლესიის, როგორც იმ სუბიექტის კრიტიკას, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, როგორც რწმენისა და ლოცვისთვის განკუთვნილი სივრცე და სოციალურ-ემოციური შვება. აქ იგულისხმება საპატრიარქო, როგორც პოლიტიკური ინსტიტუცია, რომელიც წლების განმავლობაში ურთიერთსასარგებლო პირობებით თანაარსებობს ხელისუფლებასთან და, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ ერევა სახელმწიფოს საქმეებში.

„სახელმწიფომ ვერასდროს შეძლო რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და სეკულარული, სამოქალაქო, სოციალურ კეთილდღეობაზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პერსპექტივის შექმნა. ამ პირობებში სახელმწიფო ეკლესიას იყენებს ხან იდეოლოგიურად, ხან არჩევნების დროს მობილიზაციისთვის და ეს ღრმა ურთიერთგადაჯაჭვულობები, პრინციპში, არსებობს არა მხოლოდ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო დონეზე, არამედ პოლიტიკურ და დისკურსულ დონეზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძემ.