სტუმრად ჩვენს ეთერში: გოჰარ ესოიანი, ქეთევან ციხელაშვილი და თალეჰ ფაშაევი
Your browser doesn’t support HTML5
11 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მასწავლებლები: თალეჰ ფაშაევი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის სკოლის ინგლისურის მასწავლებელი და გოჰარ ესოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის სკოლის გეოგრაფიის დამხმარე მასწავლებელი. მათ ილაპარაკეს ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებზე. გადაცემის დასაწყისში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა ოკუპაციის ხაზთან ახალი ბანერის დამონტაჟებას და აღნიშნა, რომ "ამგვარი პროვოკაციები, იქნება ეს ბანერის დამონტაჟება თუ ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზზე გრძელდება, რომელიც, როგორც ჩანს, არის რუსეთისათვის ზეწოლის ერთგვარი მექანიზმი, რომ მუდმივი დაძაბულობა შექმნას საზოგადოებაში, გარკვეული წნეხი შექმნას, გააჩინოს კითხვის ნიშნები, ალბათ, ჩვენი ქვეყნის განვითარების დასავლურ კურსთან მიმართებაში, ერთგვარი სასოწარკვეთის განცდა, ან გადაახვევინოს საქართველოს ხელისუფლებას საზოგადოებისგან გამყარებული განვითარების კურსისაგან. ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს ნამდვილად არ მოხდება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის რა არის ამგვარი პროვოკაციების მთავარი ამოცანა და მიზეზი". "დილის საუბრების" ძირითადი ნაწილი დაეთმო ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელობასა და გამოწვევებზე საუბარს. გოჰარ ესოიანმა აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ინტეგრაციისა და პერსპექტივის (მათ შორის - უმაღლესი განათლების მიღების) გახსნისთვის. მისი დაკვირვებით, იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც ქვეყნის დატოვების ნაცვლად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ გამოცდებს. ამის საშუალება მასაც და თალეჰ ფაშაევსაც მიეცა "1+4" პროგრამით, როცა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტს საშუალება აქვს თავის მშობლიურ ენაზე ჩააბაროს ზოგადი უნარების გამოცდა, შემდეგ ერთი წლის განმავლობაში გაიარონ ქართული ენის კურსი და წარმატების შემთხვევაში გააგრძელოს სწავლა სასურველ ფაკულტეტზე. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივის გარდა მათ ქართული საინფორმაციო სივრცის მიღმაც ტოვებს. მან ილაპარაკა ახალ ინიციატივაზე - ორენოვანი მასწავლებლების შესარჩევ კონკურსზე, რომელიც "1+4" პროგრამაში მონაწილეებისთვის გამოცხადდა და 20 ივლისამდე გაგრძელდება. თალეჰ ფაშაევმა მოგვითხრო თუ რაში დაეხმარა მას ქართული ენის ცოდნა. როგორც აღნიშნა, ენის სწავლა 5-6 წლის წინ დაიწყო. სახელმწიფო ენის ცოდნა მასაც და გოჰარსაც დღეს დასაქმების საშუალებას აძლევს. "არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ, ყველამ უნდა იმუშაოს, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სამშობლოს - საქართველოს აღორძინებაში", - ამბობს თალეჰ ფაშაევი "დილის საუბრებში".