შორენა ლორთქიფანიძე საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე
Your browser doesn’t support HTML5
24 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე და ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავს ამ ურთიერთობებს. გასული წლის ივლისში თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა თურქეთის ხელისუფლების საშინაო და საგარეოპოლიტიკურ ნაბიჯებზე. თუმცა, ამ ფონზე კვლავაც აქტუალურია ის საერთო ინტერესები, რაც საქართველოსა და თურქეთს აქვთ რეგიონში. შორენა ლორთქიფანიძემ ილაპარაკა თურქეთის რთულ უახლეს ისტორიაზე და ფიქრობს, რომ თურქეთში არსებული ვითარება დიდხანს ვერ გასტანს, რადგან ეს ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის. რეპრესიული პოლიტიკის გატარებას სჭირდება დიდი სახელმწიფო რესურსი, რაც თავის მხრივ აკლდება სხვა მიმართულებებს - უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ა.შ.. ამას თურქეთი დიდხანს ვერ გაუძლებს. შორენა ლორთქიფანიძეს სჯერა, რომ ამის გამო თურქეთის ხელისუფლებას მოუწევს თავისი პოლიტიკის ადაპტაცია გამოწვევებთან და ის არ წავა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. რაც შეეხება საქართველო-თურქეთის ურთიერთობას, ყველა გამოწვევის მიუხედავად, პოლიტოლოგი მნიშვნელოვნად თვლის კონცენტრაციას იმ კატეგორიის საკითხებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.