ნატა ძველიშვილი მედიის თავისუფლების სახელისუფლებო გაგებაზე
Your browser doesn’t support HTML5
7 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნატა ძველიშვილი, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციებზე. ნატა ძველიშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კითხვები და პრობლემები სინამდვილეში არ არსებობს. "დილის საუბრების" სტუმარმა მსმენელს მოუთხრო პრემიერ-მინისტრთან 6 მარტის შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიწვეული წარმომადგენლები ხელისუფლებამ გამოიყენა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ ინიციატივის გასაჟღერებლად. სინამდვილეში კი შეხვედრაზე განხილვის ცენტრალური თემა არ ყოფილა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი და სტუმრებსაც ეს ინიციატივა შეხვედრაზე არ შეუფასებიათ. ნატა ძველიშვილი თვლის, რომ მედიის საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების სურვილი დროდადრო უჩნდება ხელისუფლებას. თუკი ხელისუფლება თვლის, რომ უცხოელი, ავტორიტეტიანი მედიაექსპერტები უნდა მოიწვიოს და მათ რჩევას მოუსმინოს, ამის გაკეთება შეუძლია ახლაც - მათი რეკომენდაციების შესრულების გზით.