მესტიის მუნიციპალიტეტის ნაწილს დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების მიზეზით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მესტიის მუნიციპალიტეტის თემებს - უშგულსა და კალას. დღეის მონაცემებით, აქ თოვლის საფარი 2 მეტრს აღემატება.
უშგულის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ ბელა რატიანის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ჩამოწოლილი ზვავის გამო შიდა გზების ზოგიერთ მონაკვეთზე გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია:
„შუქი არ გვაქვს ისევ, ალბათ, შვიდი დღე იქნება - ეს მას შემდეგ, რაც ამინდი გაუარესდა. თოვლმა სადენები საკმაოდ ბევრგან გაწყვიტა და ეს არის გასაკეთებელი. უბრალოდ, უამინდობის გამო ვერ აკეთებდნენ, მისასვლელი გზები არ იყო. დღეს გამოიდარა და, ალბათ, დღეს უფრო ინტენსიური სამუშაოები დაიწყება. შიდა გზებიც გასაწმენდია, ტრაქტორი დღეს ადის და როგორც მოასწრებენ, ისე გააკეთებენ. საკმაოდ დიდი ნალექი იყო“.
გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა კალაში. როგორც თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბერდია ხარძიანი აცხადებს, უახლოეს საათებში მოგვარდება ელექტროენერგიის აღდგენის საკითხიც:
„ახლა გზა თოვლისგან გაიწმინდა და შუქიც დღეს გაკეთებული იქნება. მართალია, იყო ცოტა ისეთი სიტუაცია, მაგრამ ახლა გამოიდარა და ყველაფერი ლაგდება“.
მინიმალური ოდენობის გარდა, ამ დროისთვის შუქი აღდგენილია. დარჩენილია 70 აბონენტი. ეს დაზიანებები ძირითადად არის ისეთ მიუვალ ადგილებში, რომ გზის არარსებობის გამო ჩვენს ტექნიკოსებს ფეხით უწევთ მისვლა...ეკა ურიდია
მოხერხდება თუ არა ელექტროენერგიის სრულად აღდგენა დღეს, დაზუსტებით არ იციან „ენერგო პრო-ჯორჯიაში“. ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მუშაობას ართულებს რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობები:
„მინიმალური ოდენობის გარდა, ამ დროისთვის შუქი აღდგენილია. დარჩენილია 70 აბონენტი. ეს დაზიანებები ძირითადად არის ისეთ მიუვალ ადგილებში, რომ გზის არარსებობის გამო ჩვენს ტექნიკოსებს ფეხით უწევთ მისვლა. დარჩენილ სოფლებშიც უგზოობა უშლის ხელს მუშაობის დაწყებას, მაგრამ ამ დროისთვის იქაც დაწყებულია უკვე გზის გაწმენდითი სამუშაოები და მერე ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება, რა თქმა უნდა, დაზიანებების აღდგენები“.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სვანეთის მიმართულებით მოძრაობა შეუფერხებლად შეუძლია ყველა მსურველს. გამგებლის მოადგილე მაიზერ ჯაფარიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზები თითქმის მთლიანად გაწმენდილია:
„დარჩენილია კალიდან უშგულამდე მონაკვეთი. ეს სადღაც 6-კილომეტრიანი მონაკვეთია. ეს ადრეც გაიწმინდა, მაგრამ გუშინ ზვავი ისევ ჩამოწვა და ტრაქტორია გასული. ამ მხრივ, ჩვენ ცოტა მობილიზებული ვართ, სვანები. აქ იცის უხვნალექიანობა და ამიტომ მოსახლეობაც მომარაგებულია“.
მესტიის გამგეობაში ასევე აცხადებენ, რომ დიდთოვლობით კმაყოფილი არიან ტურისტები. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სვანეთში ტურისტების დიდი ნაკადი იმყოფება, რომელთა უმრავლესობა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.