დიანა ბაგრატიონის ფონდი ავადმყოფ ბავშვებს ეხმარება

დიანა ბაგრატიონის ფონდი

უკვე შვიდი წელია არსებობს დიანა ბაგრატიონის ფონდი, რომელიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებში. ეს არის არაკომერციული საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანი იმ ბავშვების და მოხუცების დახმარებაა, რომელთაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები აქვთ. ფონდი მათ მკურნალობისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას უწევს. დიანა ბაგრატიონს ნიუ-იორკში თეა თუაშვილი შეხვდა და ესაუბრა.

დიანა ბაგრატიონი

დიანა ბაგრატიონის ფონდს აქტიური თანამშრომლობა სამ კლინიკასთან აქვს დამყარებული: საქართველოში იაშვილის ცენტრი, ნიუ-იორკში "მემორიალ სლონ კეტერინგი", რომელიც კიბოთი დაავადებულებს მკურნალობს და ისრაელის კლინიკა. ორგანიზაცია, რომლის მიზანი ქველმოქმედებაა, დიანა ბაგრატიონმა მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში, შვიდი წლის წინ დააარსა. ფონდი ნიუ- იორკში ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ბავშვების ჯანმრთელობის საქმეს ხმარდება.

დიანა ბაგრატიონი: პირველ რიგში, ვეხმარებით ჩვენს, ქართველ ბავშვებს, იაშვილის ცენტრს. როგორც მე მითხრეს, საქართველოში ჩვენი დახმარებით, გავწიეთ იმდენი დახმარება, რომ გაიხსნა ფილტვების ვენტილაციის ცენტრი და ბავშვებს არ სჭირდებოდეთ უცხოეთში გადაყვანა. აქედან გამომდინარე, მე მიხარია, რომ ქართველმა, რომელიც ვიმყოფები ნიუ-იორკში, რაღაც პატარა, მცირეოდენი შევძელი და ჩემს საქართველოს დავეხმარე.

კონცერტიდან შემოსული თანხა ზოგჯერ მხოლოდ ერთი ბავშვის დახმარების საშუალებას იძლევა.

დიანა ბაგრატიონი: რომ გითხრათ, რომ დიდი თანხები შემოდის კონცერტიდან, არა. ყოველი სამი ათასი, ხუთი ათასი, რვა ათასი, თორმეტი ათასი - ეს ფულია. მე ვიცი, რომ ამ ყოველი ღონისძიებიდან მარტო ერთ ბავშვს ვუშველით, რადგან ძალიან ძვირად ღირებულია მათი მკურნალობა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, როგორც ქრისტიანი ხალხი, ერთ ადამიანს მაინც თუ გადავარჩენთ თითო ღონისძიებიდან, ესეც საქმეა. ამ დროს ჩემი მიზანი მიღწეულია, როგორც ადამიანის, რომელსაც სურს რომ დაეხმაროს სხვებს.

დიანა ბაგრატიონი საქართველოში, ფილარმონიის სოლისტი იყო. წარსულში მუშაობდა ტელევიზიაში. თუმცა ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შეერთებულ შტატებში გასტროლების ჩატარების მიზნით 17 წლის წინ ჩამოვიდა. ის აქ მის მომავალ მეუღლეს ვალერი კორტის შეხვდა, რომელსაც მანამდე მოსკოვიდან იცნობდა. დიანა ბაგრატიონის მეუღლე ვალერი კორტი საპროდიუსერო კომპანია " ვიკეი-სტუდიოს", დამფუძნებელია, რომელსაც რუსეთიდან და სხვადასხვა ქვეყენებიდან ნიუ-იორკში იმიგრანტებისთვის ცნობილი მომღერლები ჩამოყავს.

კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება შაბათს ნიუ-იორკის "სკანდინავიურ სახლში" გაიმართება. ნიუ ჯერსის შტატში მცხოვრები ქართველი პედაგოგი ნათელა იოსებიძე, რომელიც სამ მუსიკალურ სკოლაში ასწავლის, კონცერტს მის სტუდენტებთან, საუკეთესო მიღწევების მქონდ ნიჭიერ ბავშვებთან ერთად გაუძღვება. ბავშვები პატარების სიცოცხლისთვის დაუკრავენ!