დევნილები ზუგდიდში საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობენ

საპროტესტო აქცია ზუგდიდში

იძულებით გადაადგილებული პირები ზუგდიდში დევნილთა სამმართველოსთან განაგრძობენ საპროტესტო აქციების მოწყობას. მასში მონაწილეობას იღებენ ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ბინის მიმღებთა შორის. ისინი ითხოვენ შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ რამდენად სამართლიანად გაიცა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინები, რადგან თავად დარწმუნებულნი არიან, რომ კანონი დაირღვა. დევნილების ინფორმაციით, ფართები კორუფციული გზით გაიცა და ბინის გარეშე დარჩნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები:

„8 და 10 ოთახი აქვს ხალხს, მაგრამ ბინები მაინც მისცეს. ჩვენ კიდევ - არა. ვწევართ დერეფანში, რომელსაც კარიც არ აქვს“, - გვითხრა გალიდან დევნილმა ნატო ჭელიძემ. მისი თანასოფლელის ნონა შეროზიას თქმით კი:

„ჩვენ მიერ მოპოვებული სიები არაკანონიერად გაცემული ბინების შესახებ გადავაწოდეთ მათ. ამ სიიდან ზოგს ჩამოართვეს ბინის გასაღები, ჩვენ კი, ის დევნილები, რომლებსაც ძალიან გვიჭირს, არ დაგვაკმაყოფილეს“.

მსგავსი სიის არსებობა დაადასტურეს სამმართველოშიც. იმ მიზეზით, რომ საკითხის შესასწავლად ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ნარსია თბილისში იმყოფება, ჟურნალისტებს უწყების თანამშრომლები გაესაუბრნენ. მათი ინფორმაციით, დევნილების მიერ შემოსული შესაძლო დარღვევების შესახებ განცხადებების მოკვლევა დასრულების ეტაპზეა. დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროს დალი გოგოლაძის განცხადებით, სამინისტროს აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი მასალების განხილვა უკვე სამინისტროში მიმდინარეობს, დასრულების შემდეგ კი საზოგადოებას ეცნობება საბოლოო შედეგები.

ზუგდიდში დევნილთა განსახლების პროცესში კორუფციული გარიგების არსებობა ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ გამორიცხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. მინისტრმა სოზარ სუბარმა კი, რომელიც ზუგდიდში ბინების გაცემის პროცესს დაესწრო, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დევნილთა გაჭირვებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. მისივე მტკიცებით, ამ ეტაბზე დაკმაყოფილდნენ 8 ნგრევად ობიექტში მცხოვრებნი, მომავალში კი ახალი მშენებლობები იგეგმება და იძულებით გადაადგილებული ყველა პირი მიიღებს კუთვნილ ფართს:

„რაც შეეხებათ პოლიტიკოსებს, რომლებიც აქ დარბიან და ცდილობენ ხალხის გაჭირვებით ისარგებლონ და ააყენონ, ჩავიდნენ ფოცხოეწერში და ჩახედონ მათ თვალებში, ადამიანებს, რომლებიც გამოასახლეს თბილისიდან, საკუთარი სახლებიდან და ისე დაასახლეს ფოცხოეწერში, სადაც არც დასაქმების შანსი ჰქონდათ და არც არაფერი. ჩვენ არც ერთ ადამიანს ძალად არ ვასახლებთ“.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი მართლაც დაუკავშირდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ საკუთარი სურვილით, დახმარების თხოვნით. ამასვე ამბობენ ოპოზიციური პარტიის წევრები.

„ენას ძვალი არ აქვს და სოზარ სუბარს შეუძლია ყველაფერი თქვას, მაგრამ ამ ადამიანების უდიდეს უმრავლესობას მე საერთოდ არ ვიცნობ. ისინი აქ თვითონ მოვიდნენ და თვითონ ითხოვეს დახმარება“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ზუგდიდში დევნილებთან შეხვედრის შემდეგ.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თაბუკაშვილის ქუჩაზე ბინების გაცემა 31 მარტს დაიწყო. პროცესს წინ უძღოდა და შემდეგშიც გაგრძელდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საპროტესტო გამოსვლები. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე ქალაქის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ფართის მისაღებად 4 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა, საიდანაც სპეციალურმა კომისიამ, შესწავლისა და განხილვის შემდეგ, 320 შეარჩია.