ოქროპირიძეების ოჯახი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ დისევიდან გამოვიდა. ახლა ისინი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. სახლიდან მხოლოდ დაღუპული შვილის სურათი წამოიღეს. დისევი ოკუპირებულია, ოქროპირიძეები კი 9 წელია შვილის საფლავზე გასვლის უფლებას უშედეგოდ ითხოვენ. მარიამ ოქროპირიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტად შვილის საფლავის და სოფელში დარჩენილი სახლის ნახვა უნდა.
Your browser doesn’t support HTML5
ოქროპირიძეების მსგავსად, ათასობით დევნილი ოჯახი მიცვალებულ ნათესავებს სახლში იხსენებს. გარდაცვლილების სურათებთან წითელ კვერცხებს აწყობენ, სანთლებს ანთებენ და შესანდობარს ამბობენ. ყოველწლიურად იმედი აქვთ, რომ ერთხელ მაინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ საფლავებსა და სალოცავებს მოინახულებენ, მაგრამ ეს იმედი 9 წელია უშედეგოდ გრძელდება.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ოსურ და რუსულ მხარეებთან მოლაპარაკებით ამ ჰუმანიტარული პრობლემის გადაწყვეტას შეძლებდნენ. აპრილის დასაწყისში ერგნეთში გამართულ ,,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დღის წესრიგში დააყენა აღდგომის დღესასწაულის დღეებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების საკითხი. მოლაპარაკებები შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის, იმედი, რომ საკითხი დადებითად გადაწყდებოდა, არ გამართლდა.
არანაკლებ რთული ვითარებაა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც სასაფლაოები და სალოცავები ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერების სიახლოვეს მდებარეობს და იქ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ. ჯარიაშენი, აძვი, კირბალი - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სალოცავში მისვლისას აკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გადაჰყავდათ. სოფელ კირბალის სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ სოფლიდან ყველაზე მეტი ადამიანია დაკავებული ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ამიტომ კირბალელები სხვა დღეებში სასაფლაოზე გასვლას ერიდებოდნენ ხოლმე. დღეს დილიდან სოფელში გამყოფი ხაზის მიმართულებით პოლიცია პატრულირებს და მოსახლეობაც თავს შედარებით დაცულად გრძნობს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მეცხრე წელია საკუთარ სოფლებში ნათესავების საფლავებზე გასვლას ითხოვენ, მაგრამ ოსური და რუსული მხარეები არ თანხმდებიან. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამის მიზეზად მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების არარსებობას ასახელებენ.