განსახლების გაცრუებული იმედი

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილებთან შეხვედრაზე, 18 აგვისტო 2014 წ.

ტურბაზის ხის კოტეჯებში მცხოვრები ცხინვალელი დევნილები ახალ წელს ისევ ნახევრად დაშლილ საცხოვრებლებში გაატარებენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ქალაქის ყოფილი საავადმყოფოს შენობის 4 სართული ჩამოინგრა. ამ შენობაში ხის კოტეჯებში მცხოვრები დევნილები უნდა შეესახლებინათ, მაგრამ მათი განსახლება გაურკვეველი დროით ისევ გადაიდო. ჟენია ბუგიანიშვილი მეუღლესთან ერთად ტურბაზაში უკვე 24 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, ყველა ახალი ხელისუფლება მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ჰპირდებოდა, მაგრამ ეს დაპირება მხოლოდ დაპირებად რჩებოდა.

საავადმყოფოს შენობის ჩამონგრევის შემდეგ დევნილებთან არავინ მისულა. მათთვის გაურკვეველია, ისევ ჩამონგრეული შენობის აღდგენას დაიწყებენ თუ ახალ საცხოვრებელს გამოუნახავენ. ტურბაზის ხის კოტეჯები იშლება, მეორე სართულის კიბეები კი ისეა მორყეული, რომ იქ ასვლა სახიფათოა.

დევნილებისთვის ყოფილი საავადმყოფოს აღდგენას სამშენებლო კომპანია „ემ-ბი-ჯი“ აწარმოებდა, მაგრამ ამ კომპანიამ სამუშაოები მიატოვა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. ამას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დაერთო, რასაც ჩამონგრევა მოჰყვა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც პროკურატურა იძიებს.

ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილთა რეგიონალური სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე ვერ ეუბნება, როდის მოხდება მათი განსახლება ახალ საცხოვრებელ ადგილებში. მისი თქმით, შენობის მდგრადობა ჯერ სპეციალურმა ექსპერტიზამ უნდა შეისწავლოს, მოგვიანებით კი გადაწყდება, ისევ საავადმყოფოს შენობას აღადგენენ თუ სხვა საცხოვრებლებს გამოძებნიან.

62 დევნილ ოჯახს გაზაფხულიდან ჰპირდებოდნენ, რომ ახალ საცხოვრებელ ფართებს გამოუყოფდნენ, წლის ბოლომდე ეს ოჯახები იმედით ცხოვრობდნენ, მაგრამ შენობის ჩამონგრევამ მოლოდინი გაუცრუა. მათ არ იციან, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება.