დევნილები ზუგდიდში შიმშილობას განაგრძობენ

დევნილები შიმშილობას აგრძელებენ

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე დევნილები 10 დღეზე მეტია სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულების გადამოწმებას ითხოვენ. სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი საავადმყოფოს შენობაში მივიდა, მაგრამ არა მოშიმშილეების მოთხოვნის საფუძველზე, არამედ იმავე შენობაში ჩასახლებული სხვა დევნილი ოჯახების მონიტორინგის მიზნით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს კომენტარის ჩაწერაზე უარი უთხრეს, პირად საუბარში კი განმარტეს, რომ დასახლებაში მისვლის მიზეზი სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულების გადამოწმება იყო.

Your browser doesn’t support HTML5

დევნილები ზუგდიდში შიმშილობას აგრძელებენ

მონიტორინგის სამსახურის მისვლას მოშიმშილე დევნილების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან სწორედ ისინი მოითხოვდნენ კომისიის მიერ მინიჭებული ქულების გადახედვას. მათ, როგორც თავად ამბობენ, დაბალი ქულები დაუდგინეს, რის გამოც ისინი ახალ საცხოვრებელ ფართს ვერ მიიღებენ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ხატია ოყუჯავა ამბობს, რომ 22 წელია უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება.

„გადაამოწმონ, რა პირობებეში ვარ. მაწვიმს სახლში, ავადმყოფი ქალი ვარ, მყავს ორი შვილი და ქმარი. საშინელ პირობებში, ერთ ოთახში გვიწევს ცხოვრება“, - თქვა მან.

„დევნილთა სამსახურის უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა სულ გვატყუებს. მე ვითხოვ ჩემს კუთვნილ ბინას, რომ გადმომეცეს. მაქვს ცხრა ქულა და ჩემთან არავინ არ მოსულა და ჩემს მეზობლებთან კი მივიდნენ. მე ისე დამტოვეს. შარშანაც ასე გამიკეთეს“, - ამბობს დალი შონია.

ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს უფროს მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს მონიტორინგის სამსახურის მიერ საცხოვრებელი ფართების შემოწმება.

მისივე თქმით, რაიონული საავადმყოფოს ეზოში მცხოვრები ყველა დევნილის საცხოვრებელ კორპუსს სახელმწიფო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„ის, რომ მე მათ ყურადღება არ მივაქციე, არის ტყუილი და აბსურდი. ჩემთან, სამმართველოში, არაერთხელ იყვნენ მოსული. მათ გაესაუბრა ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი - რა მდგომარეობაც იყო ქულების წესით და რომ კონკურსის წესით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით, არაერთხელ განემარტა მათ“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა ხუთმა დევნილმა 30 იანვარს პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. იძულებით გადაადგილებული პირები სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულების ხელახლა შესწავლას მოითხოვენ. დევნილები შიმშილობის დაწყების კიდევ ერთ მიზეზს ასახელებენ: ისინი დევნილთა ნაწილისთვის ფულადი დახმარების შესაძლო შეწყვეტას აპროტესტებენ.