რუსულმა საფრთხემ, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ განსაკუთრებით გამოიკვეთა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ის ფაქტი, რომ ევროპული უსაფრთხოების გაგება ძირეულად შეიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად იქნება ჩართული კონტინენტის და არამარტო მის ფარგლებში მიმდინარე მოვლენებში - აცხადებს დერეკ შოლე, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.
შოლე სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში და ილაპარაკა იმაზე, რომ შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები საჭიროებისამებრ აგრძელებენ ერთობლივ ქმედებას. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნატო რა თქმა უნდა, უსაფრთხოების დარგში ამერიკის მთავარ მოკავშირედ რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო ერთიანი და მტკიცე ალიანსია და ეს დაჯგუფება „ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობამაც დაადასტურა.
მისი თქმით, გასულ თვეში უელსში ჩატარებულ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ნატოს სამომავლო მიზნების გარკვევით დასახვის მნიშვნელობას. დერეკ შოლეს აზრით, რუსეთიდან წამოსულმა საფრთხემ კონტინენტზე კოლექტიური თავდაცვის აუცილებლობის საკითხი წინ კიდევ ერთხელ წამოსწია.
ალიანსის წევრობის მსურველებთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ალიანსის კარი მათთვის კვლავ ღია რჩება. „კარი ფართოდ არის ღია და ეს უელსის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. იმ ორ ქვეყანასთან პარტნიორობის გეგმები კიდევ უფრო გაფართოვდა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ალიანსში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯები გადაედგა. საუბარია საქართველოზე და მონტენეგროზე... ორივეს აქვს სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ალიანსი იმუშავებს იმაზე, რომ ისინი კალენდარული წლის ბოლომდე რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ შემდეგი ნაბიჯისთვის მზადყოფნასთან, რაც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში გამოიხატება“ - აღნიშნა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველო სამიტზე მიღებული პარტნიორობის გეგმით კმაყოფილი დარჩა. დერეკ შოლემ საქართველოს, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ღირსეულ პარტნიორობაზეც განსაკუთრებული პატივისცემით ისაუბრა.
„ვერ შევძლებ იმის საკმარისად ხაზგასმას, თუ რამდენად დიდი პარტნიორები არიან ქართველები. იქნება ეს ავღანეთი თუ ქართველთა მზაობა ახლო აღმოსავლეთში დახმარების აღმოჩენისთვის. საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია და სიმართლე რომ ვთქვათ, მან უფრო მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე სხვა ბევრმა ჩვენმა მოკავშირემ“ - აცხადებს დერეკ შოლე.
რაც შეეხება უკრაინას, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის კანონმდებლობის გათვალისწინებით, კიევი ნატოს წევრობას ჯერჯერობით არ ესწრაფვის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დასავლეთის ლიდერებთან საუბარში არაერთხელ გარკვევით განაცხადა. მაგრამ ამის მიუხედავად, ამერიკას უკრაინასთან ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც ნატო-უკრაინის კომისიის და სხვა პარტნიორული ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდება. ამ გზით თანამშრომლობა ბევრად უფრო მაღალ სტატუსს ანიჭებს უკრაინას, ვიდრე ის, რისი სურვილიც კიევს ჰქონდა, მიეღო ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირე ქვეყნის სტატუსი.
„ფაქტიურად მათთვის რომ ეს სტატუსი მიგვენიჭებინა, იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მათ ტრანს-ატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის სურვილი არ აქვთ. რადგან ამ სტატუსს იმ ქვეყნებს ანიჭებენ, ვისაც ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება არ აინტერესებს“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრისმოადგილე.
დერეკ შოლემ ისაუბრა იმაზე, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი უკრაინის სახელმწიფოს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სცნობს და რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ბუფერული ზონა არამც და არამც არ შეიძლება ქვეყნის ახალ საზღვრად განიხილებოდეს.
შეერთებული შტატები ნატოსთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში საჯარისო ფორმირებებსაც გააგზავნის, რათა იქ „როტაციულ პრინციპზე დამყარებული მტკიცე ძალა შეიქმნას, პოზიციებზე წინასწარ განლაგებული მოწყობილობებით და საწვრთნელი ბაზებით“. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეერთებული შტატები დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მტკიცე და მდგრადი შესაძლებლობები გააჩნია.