საქართველოს პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ქონება, კავშირები ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა გამოავლინა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევამ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის 51 წევრი ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, 16 დეპუტატი კი – არადეკლარირებულ ბიზნესაქტივებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში მოხვედრილი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წევრია, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე მოუწოდებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, შეისწავლოს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის კავშირი ბიზნესთან.
Your browser doesn’t support HTML5
პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით, მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ასევე არ აქვს უფლება უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშმა აჩვენა, საქართველოს პარლამენტის ცხრა წევრი რეგისტრირებულია დირექტორად სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას კომენტარი:
„პარლამენტის წევრს, საქართველოს კანონმდებლობით, არ ეკრძალება, რომ ფლობდეს წილს კომპანიაში, თუმცა ის უშუალოდ არ უნდა ახორციელებდეს მართვას და არ უნდა იყოს კომპანიის დირექტორი. ამ შემთხვევაში, არის დარღვევა პარლამენტის ცხრა წევრთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ფრაქცია „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, რაც წარმოადგენს კანონმდებლობის პირდაპირ დარღვევას“.
მეტიც, ამგვარი საქმიანობით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ასევე გამოვლინდა დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნესთან კავშირის 25 შემთხვევა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, ასევე პრობლემაა უძრავი ქონების არასრულად დეკლარირება 16 დეპუტატის მიერ:
„მათ ავიწყდებათ ან სპეციალურად არ შეაქვთ ის ინფორმაცია, რომელიც ეხება მათ ბიზნესინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ისინი ანგარიშვალდებული არიან საზოგადოების წინაშე“.
თუმცა, ანგარიშში მოხვედრილი დეპუტატები აცხადებენ, რომ დეკლარაციაში დაშვებული უზუსტობები მხოლოდ მექანიკური შეცდომის შედეგი შეიძლება იყოს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, საერთოდ, უარყოფს რაიმე სახის კავშირს კომერციულ ორგანიზაციებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დასახელებეულია როგორც რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, რის პასუხადაც თავად დეპუტატმა განაცხადა:
„არაფერია ნათქვამი, რომ ის პატარა საადვოკატო ფირმები, რომლებიც 10-12 წლის წინ შეიქმნა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ, შესაბამისად, არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ და წლებია, ოფიციალურადაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა. რომელ სამეწარმეო საქმიანობაზეა საუბარი? მგონია, რომ საზოგადოება არ იმსახურებს არასწორი ინფორმაციების თუ ფაქტების დამახინჯებით მიწოდებას“.
დეპუტატების ამგვარი არგუმენტების მიუხედავად, „საერთაშორისო გამოჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, განახორციელოს აღნიშნულ შემთხვევებზე ზედამხედველობა, უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლოს კვლევაში მითითებული შემთხვევები და მოახდინოს რეაგირება. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკოსების ბიზნესში მონაწილეობას სისტემური ხასიათი აქვს.
„ეს არის მოუგვარებელი საკითხი, ეს არის ინტერესთა ჯგუფების მიერ არამკაცრ საკანონმდებლო გარემოში თანამდებობისა და მდგომარეობის პირადი ინტერესებით გამოყენება“, – უთხრა დემურ გიორხელიძემ რადიო „თავისუფლებას“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში ასევე შევიდა დეპუტატების დაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის საკითხი. მეცხრე მოწვევის პარლამენტში სულ ასეთი სამი დეპუტატია: უმრავლესობის წევრ კახაბერ ოქრიაშვილის ორ კომპანიას მოგებული აქვს 16 მილიონი ლარის ტენდერი, ხოლო ასევე უმრავლესობის წევრების – იოსებ მაკრახიძისა და გოჩა ენუქიძის კომპანიებს, შესაბამისად, 2.2 მილიონი ლარისა და 12 ათასი ლარისა. ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის მოცულობითაც უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი ლიდერობს – მისმა შემოსავალმა 17.5 მილიონი ლარი შეადგინა.