დენი ძვირდება რეგიონებისთვის

​საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, თითქმის 4 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის რეგიონებში. ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სემეკი ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მთავრობამ სუბსიდირებაზე დაიწყო ლაპარაკი. წინასწარი ინფორმაციით, შეღავათები სოციალურად დაუცველებს დაუწესდებათ.

სემეკის გადაწყვეტილებით, „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებს ელექტროენერგიის გადასახადი (2015 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე) თითქმის მესამედით გაეზრდებათ და მათ კვ/სთ–ში (დღგ–ს ჩათვლით) 3,95 თეთრით მეტის გადახდა მოუწევთ. 23 ივლისის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველს სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა განმარტავს:

„ძირითადად ტარიფის კორექტირება იყო განპირობებული იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს იყო ძირითადად: თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას“.

სამომხმარებლო ტარიფის გასაზრდელად უკვე დიდი ხანია იბრძვის ”ენერგო-პრო ჯორჯია”, რომელიც ელექტროენერგიით საქართველოს ტერიტორიის 70 %-ს ამარაგებს რეგიონებში და თითქმის მილიონ აბონენტს ითვლის. ბოლო სატარიფო განაცხადით, კომპანია კვ/სთ ელექტროენერგიის 4,8 თეთრით გაძვირებას მოითხოვდა და, შესაბამისად, ხუთშაბათს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისი კმაყოფილება ვერ გამოიწვია. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა სემეკის სხდომაზე, მოვლენები ისეთი ცუდი სცენარებით ვითარდება, რომ რამდენიმე თვეში ტარიფი ისევ გადასახედი და გასაზრდელი გახდება:

საერთოდ, სუბსიდირება საბაზრო ეკონომიკის პირობებში მთლად კარგ ტონად არ ითვლება. სუბსიდირება ისეთი რამეა, რომ ის, დროთა განმავლობაში, მზარდი აპეტიტის მატარებელია და ის სულ უფრო მეტ თანხას ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ალბათ, უფრო სამართლიანი და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი იქნებოდა, თუ მოხდებოდა გაძვირებული ტარიფის მონეტიზაცია...
იოსებ არჩვაძე

„გასაგებია კომისიის მისწრაფება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მინიმალური იყოს ზრდა, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ამ საკითხთან დაბრუნება გაისად. კანონმდებლობით გვაქვს ამის უფლება. არ გამართლდება პროგნოზები და დავუბრუნდებით და ისევ მოგვიწევს ამ საკითხზე საუბარი“.

23 ივლისს სემეკის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული, როცა მთავრობამ სუბსიდირების შესაძლებლობაზე დაიწყო ლაპარაკი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი მოსალოდნელობა მთავრობის სხდომაზე გაახმაურა და კაბინეტის წევრებს საგანგებო დავალება მისცა მოსამზადებლად. წინასწარი ინფორმაციით, შეღავათები მხოლოდ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე გავრცელდება:

„მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“.

ის, რომ ლარის კურსის ვარდნა, ადრე თუ გვიან, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის საკითხს დააყენებდა, ნათელი იყო ექსპერტისთვის ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძისთვის, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, სუბსიდირების გზით სიარული გაუმართლებელია:

„საერთოდ, სუბსიდირება საბაზრო ეკონომიკის პირობებში მთლად კარგ ტონად არ ითვლება. სუბსიდირება ისეთი რამეა, რომ ის, დროთა განმავლობაში, მზარდი აპეტიტის მატარებელია და ის სულ უფრო მეტ თანხას ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ალბათ, უფრო სამართლიანი და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი იქნებოდა, თუ მოხდებოდა გაძვირებული ტარიფის მონეტიზაცია, ანუ: ტარიფს უძვირებ, ვთქვათ, დაბალშემოსავლიანს, ფიქსირებულშემოსავლიანს ან მთელ მოსახლეობას, მაგრამ, შესაბამისად, უზრდი მას ხელფასს ან სოციალურ დახმარებას და მერე თავად წყვეტს, საღამოობით დენგამორთულ ოთახში უყუროს ტელევიზორს, თუ საერთოდ არ ჩართოს ტელევიზორი და ადრე დაიძინოს“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და რამდენი თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია დედაქალაქში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 23 ივლისს, დღის ბოლოს, სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკში განაცხადი შეიტანა "თელასმაც".