8 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში, საკუთარ ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს 22 წლის ბიჭი, დემურ სტურუა. თვითმკვლელობის წინ მან დატოვა წერილი, რომელშიც ლაპარაკობს იმაზე, რომ პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ემუქრებოდა და სცემდა. პოლიციელი მას სთხოვდა, რომ მისთვის ეჩვენებინა, თუ ვის სად ჰქონდა რაიონში დათესილი კანაფი. წერილის ადრესატი დედაა. ის ასე მთავრდება: „დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა?“
დემურ სტურუას თვითმკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისმა მეგობარმა ოლეგ თავაძემაც განაცხადა, რომ წერილში ნახსენები პოლიციელი მასაც უსწორდებოდა ფიზიკურად ხუთი წლის განმავლობაში. აღნიშნული პოლიციელი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
13 აგვისტოს მომხდარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო არავის ხელს არ დააფარებს.“ პარალელურად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიება სიმართლის დადგენის ერთადერთი საშუალებაა.
ერთი სიტყვით, ტრაგიკული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დაგმეს ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებმა ისე, რომ დღის წესრიგში საერთოდ არ დადგა კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი. ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება შეგვექმნას, რომ ის პოლიციელი რაიმე უნიკალურ და იზოლირებულ აქტს ახორციელებდა (ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეებს) და ეს აქტი ყოველგვარი კონტექსტის გარეშე მიმდინარეობდა; თითქოს ვერც რაიონის პოლიციის სხვა თანამშრომლები იქნებოდნენ რამეში გარეულები, ან თითქოს ეს ქართული პოლიციისთვის დამახასიათებელი ჩვეული მეთოდები არ ყოფილიყოს. საბოლოოდ, ამ ფონზე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ვერც ამ საქმის გამოძიება მოხდება სათანადოდ და ვერც (და არც) დამნაშავეებს დასჯიან.
ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოხატული ამგვარი გულგრილობა ვერ გაანეიტრალებს იმ უდიდეს შოკს, მწუხარებასა და სასოწარკვეთას, რომელიც დემურ სტურუას გარდაცვალების შემდეგ დაგვეუფლა. ხელისუფლების რეაქცია არ იყო საკმარისი და თანაწონადი ამ ტრაგედიით გამოწვეული შოკისა. სამწუხაროდ, როგორც უკვე ხშირად მომხდარა, მათ არ ეყოთ ემპათიის გრძნობა და ინტუიცია ამის მისახვედრად.
ეს ის შემთხვევაა, რომლის შემდეგაც სრულიად უინტერესო და არარელევანტური ხდება, მაგალითად, მინისტრ სერგეენკოს დაპირებული პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ როგორი დადებითი ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით; არც ის არის უკვე საინტერესო, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა (საერთოდ რეალურად მიმდინარეობს კი?), ან ის, აიყვანა თუ არა პრემიერ-მინისტრმა ეს საქმე პირად კონტროლზე. ამ ყველაფერმა ამ ენით აღუწერელი და სიტყვით გამოუთქმელი ტრაგედიის შემდეგ უბრალოდ აზრი დაკარგა. ყველაფერი წყალში ჩაიყარა.
სამწუხაროდ, გულგრილი დამოკიდებულება არა მხოლოდ მთავრობისგან, არამედ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისგანაც ჩანს. ამის მიზეზი დაქანცულობა და სასოწარკვეთაა. ადამიანებს იმდენად აქვთ დაკარგული იმის იმედი, რომ მომავალში რამე ფუნდამენტურად შეიცვლება, რომ ასეთ ტრაგედიებზე უკვე ავტომატურ, ინსტინქტურ დონეზეც ვეღარ რეაგირებენ.
პრობლემას მართლაც უამრავი წახნაგი აქვს (დაწყებული უმუშევრობით და სიღარიბით, დამთავრებული ნარკოპოლიტიკითა და პოლიციური რეჟიმით) და მისი გადაჭრა ბევრი მიმართულებით გაშლილ ძალისხმევას მოითხოვს. ისიც კარგად ვიცით, რომ ყველა ამ პრობლემაზე მარტივი პასუხების მოძებნა რთულია.
ამავე დროს, არასწორია ამ ჩვენივე გადაწყვეტილებებით შექმნილი ეგზისტენციალური გამოუვალობით გავამართლოთ გულგრილობა და გულგრილობაზე უფრო უარესი რამ - ცინიზმი. ჩვენ გვაქვს მოუშორებელი პასუხისმგებლობა გარდაცვლილ დემურ სტურუას წინაშე - 22 წლის ბიჭის წინაშე, რომელსაც წესით ჩვენი ქვეყნის მომავალში თავისი როლი უნდა ეთამაშა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პოლიციური ძალადობისა და ეკონომიკური ექსპლუატაციის უამრავი სხვა მსხვერპლის წინაშე, რომელნიც სამართლის აღსრულებას ელიან ჩვენგან. ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, ეს არის ჩვენი სინდისის ბედისწერა - ის, რასაც ჩვენი სინდისი ვერასდროს მოიშორებს.
აქედან გამომდინარე, ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც ჩვენი საზოგადოება ვერ იგრძნობს ცვლილებას, თუ ჩვენ არ ვაიძულეთ, რომ იგრძნოს; ეს ვერ მოხდება მანამდე, სანამ თავადვე არ მივენდობით ბოლომდე ჩვენსავე გულის ხმას და უკომპრომისოდ მოვითხოვთ სამართლის აღსრულებას. დემურ სტურუას ტყუილად არ უცხოვრია და ჩვენ ეს უნდა ვაგრძნობინოთ იმათ, ვინც აქამდე ძალადობდა და ახლაც აგრძელებს ძალადობას.