დემენცია - სინდრომი, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პრობლემას ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.
Your browser doesn’t support HTML5
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დემენციას განმარტავს, როგორც მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებას, რაც ქცევაზეც მოქმედებს და ადამიანს ხშირად ელემენტარული საყოფაცხოვრებო საქმის კეთებაც უჭირს. დემენციით, როგორც წესი, 60 წლის ზემოთ ადამიანები ავადდებიან. მსოფლიო სტატისტიკა ამჟამად 47 მილიონზე მეტ დემენციის მქონე პირს ითვლის, მაგრამ ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის 75 მილიონს გადააჭარბებს. 60-70 პროცენტ შემთხვევაში დემენცია ალცჰაიმერის დაავადებით არის გამოწვეული.
ის, რაც სინამდვილეში დემენციაა, ხალხი ხშირად ან სკლეროზად მოიხსენიებს, ან რაღაც ამის მსგავსად. ნათია ფირაშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „აქტიური დაბერება საქართველოში“, ამბობს, რომ საქართველოში დიდი პრობლემაა სათანადოდ უმკურნალო და მოუარო ადამიანს, რომელსაც დემენცია აქვს:
„სამწუხაროდ, დღეს ხანდაზმულებისთვის დემენციის სერვისის მიწოდება და დემენციის მკურნალობისთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიწოდება არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც სახელმწიფოსგან ყურადღებას საჭიროებს“.
ორგანიზაციამ 2015 წლის თებერვალში ხანდაზმულთა პანსიონატებში კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ბენეფიციართა, დაახლოებით, 38 პროცენტი მსგავს სერვისს საჭიროებს. კერძოდ, რა სერვისზეა საუბარი?
„გარდა მედიკამენტებისა, რომელიც მათ ესაჭიროებათ, არის, ასევე, რეაბილიტაციის კომპონენტიც და მომვლელები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა მოუარონ დემენციის მქონე ხანდაზმულს. მათ ძალიან სპეციფიკური მოვლა სჭირდებათ. ხანდახან საკუთარ თავსაც ვერ ცნობენ სარკეში. ავიწყდებათ სად არის სველი წერტილი და ასე შემდეგ...“
ნათია ფირაშვილის თქმით, ფაქტობრივად, შეუძლებელია იპოვო მომვლელი, რომელსაც მსგავსი ცოდნა ექნება. მისივე თქმით, ასევე პრობლემაა ისეთი ნერვოპათოლოგის პოვნა, რომელიც უშუალოდ დემენციის კუთხით მუშაობს. ფირაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში დემენციის მქონე ხანდაზმულებს ისევ ახლობლები უვლიან, თუმცა ეს სამუშაო იმდენად რთულია, რომ ისინიც, თავის მხრივ, მხარდაჭერას საჭიროებენ და ამიტომ საზღვარგარეთ მსგავსი არაფორმალური მომვლელებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრები ფუნქციონირებს.
ნათია ფირაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა დემენციის მქონე ხანდაზმულებისთვის საგანგებო ცენტრის ამოქმედება და, ასევე, მომვლელების გადამზადებაც.
ეპიდემია მოდის დემენციის, ყოველ ათ წელიწადში ორმაგდება მისი სტატისტიკა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა...უჩა ვახანია
უჩა ვახანია, ხელმძღვანელი კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა, „შინმოვლა საქართველოში“, ამბობს, რომ მოხუცების მოვლასთან დაკავშირებით საქართველოში, ზოგადად, ბევრი პრობლემაა, თუნდაც იმ მიზეზით, რომ მომვლელს ხშირად საჭირო ცოდნა და გამოცდილება არა აქვს. მისივე თქმით, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება სწორედ დემენციის მზარდი შემთხვევების გამო:
„ეპიდემია მოდის დემენციის, ყოველ ათ წელიწადში ორმაგდება მისი სტატისტიკა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“.
„კათარზისის“ პრეზიდენტის თანაშემწე გულიკო რომანიშვილი ამბობს, რომ თავშესაფარში დემენციის მქონე ხანდაზმულების მიღებაზე უარს ამბობენ, რადგან საშუალება არა აქვთ მათ მოუარონ, თუმცა ბევრი ისეთი ბენეფიციარი ჰყავთ, რომელიც „კათარზისს“ უფასო სადილის მისაღებად ყოველდღიურად სტუმრობს. გულიკო რომანიშვილის თქმით, მათ შორის დემენციით დაავადებულებიც არიან, ამის გამო ხშირად პრობლემებიც იქმნება, თუმცა არა მოუგვარებელი:
„ავიწყდებათ გასაღებები, პირადი ნივთები, სადილობის დრო. ჩვენთან პირველის ნახევრიდან სამ საათამდეა სადილობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი ავიწყდებათ, რომ სამი არის ბოლო დრო და მოდიან ოთხის ნახევარზე, ოთხზე, ხუთის ნახევარზე და უკვირთ, სადილს რომ აღარ სთავაზობენ. უკვე აღარ არის სადილი და იმიტომ - ამის ახსნა გვიწევს“.
გულიკო რომანიშვილი ამბობს, რომ არის ერთეული შემთხვევები, როდესაც დაავადება საკმაოდ შორს წასულია, შედეგად მოხუცი შუა გზაზე იკარგება და სახლამდე მის მისაყვანად საპატრულო პოლიციის ჩართვა ხდება საჭირო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, წამალი, რომელიც ადამიანს დემენციისგან სრულად განკურნავს, არ არსებობს, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის დროულად გამოვლინებასა და დაავადების მართვისას სწორ მიდგომას.