„დებატების სკოლა“- პოლონური გამოცდილება საქართველოში

გორში 5 დღის განმავლობაში საქართველოს 4 რეგიონის პედაგოგებისთვის პოლონეთის სამოქალაქო განათლების ცენტრის სპეციალისტები ტრენინგ-სემინარებს ატარებდნენ. დებატების როლი პრობლემების გადაჭრის კუთხით, სკოლის თვითმმართველობა და მოსწავლეების ჩართულობა- ეს იყო ტრენინგების თემა, რომელიც, პირველ რიგში, მასწავლებლების გადამზადებას ითვალისწინებს, მათ კი ეს ცოდნა სკოლების თვითმმართველობებში უნდა შეიტანონ. ეს ტრენინგები საზოგადოებრივი კავშირის ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსისა“ და პოლონეთის „სამოქალაქო განათლების ცენტრის“ პროექტის ,,დებატების სკოლის“ ფარგლებში ჩატარდა. პოლონეთის სამოქალაქო განათლების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი მიხაილ ტრაგაში ამბობს, რომ სურთ პოლონური გამოცდილებით საქართველოს სკოლებს დაეხმარონ.

,,ტრენინგების ფარგლებში მასწავლებლები ეუფლებიან დებატების ხელოვნების, მისი ჩატარების ტექნიკის, ასევე მისი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ ცოდნას. გარდა ამისა, ისინი იღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში და როგორ უნდა გაიზარდოს ეს ჩართულობა“.

,,დებატების სკოლის“ პროექტი საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. გასულ წელს პროექტში 6 საჯარო სკოლა მონაწილეობდა, ამჟამად კი მასში საქართველოს 4 რეგიონის 16 სკოლაა ჩართული. ვარიანის სკოლის მასწავლებელი ქეთევან მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სკოლების თვითმმართველობები უფრო აქტიურდებიან და დებატების ტექნიკის მეშვეობით მოსწავლეები პრობლემების გამოკვეთას და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ.

,,დებატების სკოლის“ მიზანია სკოლებში დემოკრატიის ხელშეწყობა, მოსწავლეებისთვის დებატების კულტურის, კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება და საქართველოსთვის დებატების პოლონური მოდელის გაცნობა. ხაშურის მე-6 სკოლის მასწავლებელი მამუკა ხაჩიძე აცხადებს, რომ ამ ტრენინგებზე მათ საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებენ და დებატების მეთოდოლოგიას ასწავლიან.

პროექტის თანაავტორმა მეგი ბიბილურმა აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება, მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეთა თვითმმართველობების განვითარებას და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების გაღრმავებას.

პროექტი „დებატების სკოლა“ დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დემოკრატიის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეს პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.