თბილისის მერია 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის წესის დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს, თუმცა როდის გადაეგზავნება დოკუმენტი განსახილველად საკრებულოს, მერიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. ინფორმაციის ნაკლებობას უჩივიან რადიო თავისუფლებასთან საუბარში სტიქიით დაზარალებულები, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კი მერიას უნიათობაში ადანაშაულებენ.
სიმონ ჩიქოვანის 89ა - ორსართულიანი სახლი, რომელიც 13 ივნისის სტიქიის ღამემდე სწორედ ამ მისამართზე იდგა, აღარ არსებობს. ადიდებულმა მდინარე ვერემ სახლი რამდენიმე წუთში ხეხილის ბაღთან ერთად ისე გააქრო, თითქოს იქ არც არასდროს არაფერი მდგარა. სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა 35 წლის თამუნა შარაშენიძე თავის ხუთსულიან ოჯახთან ერთად, რომელიც მოვარდნილ წყალს სასწაულებრივად გადაურჩა. დღეს ის სასტუმრო „ლევილში“ ათენებს ღამეს და დანაპირებ კომპენსაციას ელოდება, თუმცა, როგორც თამუნა ამბობს, ამ დრომდე პირადად მასთან კომპენსაციის კონკრეტულ დეტალებზე არავის ულაპარაკია და ინფორმაციას მხოლოდ მედიის საშუალებით იღებს:
„არაფერი არ ვიცით. ინფორმაცია ჩვენამდე არ მოდის. სახლი 192 კვ მეტრს შეადგენდა. მე მომხრე ვიქნები იმისა, რომ რეალურად შეფასდეს ჩემი ქონება, რაც გვქონდა, და აგვინაზღაურდეს შესაბამისად. რაც გვქონდა, იმის ანაზღაურებას ვითხოვთ, რაც არ გვქონია, იმისას ხომ არა?“
როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, კომპენსირების წესის შესახებ დოკუმენტი, რომელზეც მერია მუშაობს, სწორედ თამუნას ნახსენებ გამოთვლას და სტიქიით მიყენებული ზარალის ამგვარად ანაზღაურებას ითვალისწინებს:
„მაგალითად, მქონდა 100 ათასი დოლარის ქონება და ვართ ორსულიანი ოჯახი. კომპენსირების წესის მიხედვით, ორსულიან ოჯახს 45 კვ.მ ფართი ეკუთვნის. მე მივიღებ 45 კვ.მ-ის ადეკვატურ ღირებულებას და რა თანხაც დარჩება ჩემი ქონების მთლიან ღირებულებამდე, იმ თანხასაც სრულად მივიღებ. რაც ყველაზე მთავარია, ეს ადამიანები აუცილებლად მიიღებენ მათი კუთვნილი ქონების ადეკვატურ ღირებულებას, იმ ქონების ღირებულებას, რაც მათ სტიქიის ღამემდე ჰქონდათ. ამ კომპენსაციის ანაზღაურება მოხდება თანხით. ფინანსური დახმარება ითვლება სულადობის მიხედვით და ითვლება ქონების შეფასებითი ნაწილის მიხედვით, რომელთა ჯამიც გვაძლევს სტიქიამდე არსებული ქონების ადეკვატურ ღირებულებას“.
ანუ, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, კომპენსირების წესის თანახმად, 1-2-წევრიანი ოჯახისათვის 45 კვადრატული მეტრია განსაზღვრული, 3-4-წევრიანი ოჯახისათვის - 65 კვადრატული მეტრი. 5-6 წევრიანი ოჯახი 90 კვადრატულ მეტრს მიიღებს, 7 და მეტწევრიანი ოჯახი - 110 კვადრატულ მეტრს. მისივე მტკიცებთ, ამ ფართის საშუალო საბაზრო ღირებულებას დაემატება სტიქიამდე მათი კუთვნილი ქონების ღირებულება.
13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის წესის დოკუმენტზე თბილისის მერია რამდენიმე დღეა მუშაობს და დოკუმენტი განსახილველად უახლოეს მომავალში თბილისის საკრებულოს უნდა გადაეგზავნოს. ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პირველ ივლისს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კომპენსირების წესის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, გამოიყო დაზარალებულთა ორი კატეგორია. დავით ნარმანიას თქმით, პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა სახლები ადიდებულმა მდინარემ ან მთლიანად წაიღო, ან სახლებმა ისეთი დაზიანება მიიღო, რომ, ლაბორატორიული შემოწმების თანახმად, მათი გამაგრება შეუძლებელია. მერის თქმით, ამ კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრისის უზრუნველსაყოფად გაიცემა ფულადი კომპენსაცია ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ეს არიან ოჯახები, რომელთა სახლებიც შეკეთებას ექვემდებარება:
„ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის წესის საფუძველზე დავალებები მიეცემათ რაიონულ გამგეობებს და რაიონული გამგეობები უზრუნველყოფენ შესაბამისი ფართების რემონტს“.
სულ მობილიზებულია 24 მილიონი ლარი და 700 ათასამდე დოლარი. ეს მიზერია, ვინაიდან ვიცით, რომ ზარალი დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტია. შესაბამისად, თუ კიდევ იქნება საჭიროება, ფინანსთა სამინისტრო მერიასთან ერთად ჩაერთვება განხილვებში და რესურსების მოძიების პროცესში...ცოტნე ყავლაშვილი
მეორე კატეგორიის დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ ასევე საოჯახო ნივთების პაკეტიც. დავით ნარმანიას თქმით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ისინი ერთჯერადად კომპენსაციასაც მიიღებენ. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა რაოდენობა 150-ს შეადგენს. პირველი ივლისის მონაცემებით, მერიის ანგარიშზე დაზარალებულთა დასახმარებლად მობილიზებულია 25 მილიონ ლარამდე. ეს თანხა მერიის ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად გახსნილი სპეციალური ანგარიშებიდან გადაირიცხა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ეს თანხა შეგროვდა როგორც ფიზიკური პირებისა და კერძო კომპანიების შემოწირულების, ისე სახელმწიფო უწყებების მიერ გაღებული თანხებით:
„სულ მობილიზებულია 24 მილიონი ლარი და 700 ათასამდე დოლარი. ეს მიზერია, ვინაიდან ვიცით, რომ ზარალი დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტია. შესაბამისად, თუ კიდევ იქნება საჭიროება, ფინანსთა სამინისტრო მერიასთან ერთად ჩაერთვება განხილვებში და რესურსების მოძიების პროცესში“.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თამაზ შოშიაშვილი მიიჩნევს, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროცესი ჭიანურდება და ის ქალაქის მერიას მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს. „უნიათო“ - ამ სიტყვით აფასებს ის დედაქალაქის მერიისა და მერის საქმიანობას დაზარალებულთა დახმარების მიმართულებით და საკრებულოსთვის კომპენსაციის წესის შესახებ დოკუმენტის დროულად გადაცემას ითხოვს:
„როგორც ნარმანიას სჩვევია, ის ძალიან უპასუხისმგებლოდ და აუჩქარებლად ცდილობს ამ პრობლემის მეორე პლანზე გადაწევას, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავიდეს“.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დოკუმენტი საკრებულოს განსახილველად მაშინვე გადაეცემა, როგორც კი მერიაში მასზე მუშაობა დასრულდება, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს ზუსტ დროს.