დავოსის ფორუმი, საქართველო და რუსეთი

Switzerland -- Participants attend a session during the annual World Economic Forum (WEF) meeting in Davos, 23Jan2013

საქართველოს ახალი ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების, მათ შორის, რუსი ბიზნესმენების დაინტერესებას ცდილობს და მნიშვნელოვან შედეგებს უკვე ივნისისთვის ელოდება - ასე გამოიყურება საქართველოს დელეგაციის აქტიურობა შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. წარმატებულ მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, ყოველწლიურ მასშტაბურ ფორუმზე, ტრადიციულად, მიწვეული არიან მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებიც. მედიის ყურადღების ცენტრში საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მოექცა.

24 იანვარს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შესახებ. ”ინტერფაქსი” ეყრდნობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორების ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი და დმიტრი მედვედევი ერთმანეთს 23 იანვარს გამართულ წვეულებაზე შეხვდნენ და მათ შორის კონტაქტიც შედგა. თუმცა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ეს ფაქტი ცალკე არ გამოყო და სააგენტოს მოახსენა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ურთიერთობა ჰქონდა ბევრი დელეგაციის ხელმძღვანელთან. ივანიშვილისა და მედვედევის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო ”რია ნოვოსტიმაც”, რომლის წყაროც ამჯერად ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენია. სააგენტო იტყობინება, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად მიუახლოვდა დმიტრი მედვედევს და ისინი რამდენიმე წუთის მანძილზე საუბრობდნენ.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის ფაქტს ჩვენთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც ადასტურებს. მისი თქმით, პროცესი მისალმებას არ გასცდენია:

”მათი შეხვედრა სპონტანურად მოხდა, ფორუმის ორგანიზატორების მიერ გამართულ ერთ-ერთ ოფიციალურ წვეულებაზე, სადაც უამრავი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ. ისინი, უბრალოდ, მიესალმნენ ერთმანეთს და ხელი ჩამოართვეს. სულ ეს იყო”.

დავით ზალკალიანის განმარტებით, დავოსის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი არ არის საგანგებო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და დმიტრი მედვედევს შორის. სპონტანური შეხვედრების წინასწარმეტყველება კი, ამ მასშტაბის ღონისძიების ფარგლებში, პრაქტიკულად შეუძლებელია. 25 იანვარს ბიძინა ივანიშვილი მიწვეულია ”რუსულ საუზმეზე”, სადაც ის დმიტრი მედვედევის გამოჩენას არ მოელის, მაგრამ, როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს, გამორიცხული არაფერია:

”მე როგორც ვიცი, იქ სიაში არ იყო მედვედევი, როგორც ვნახე... იქ ბიზნესელიტაა ძირითადად და მე მაინტერესებს ინვესტიციები. ამ კუთხით იქ ბევრი ნაცნობი იქნება და, მე მგონი, ვიშოვი დროს და მივალ. თუ იქ შემთხვევით რამე მოხდა, ყველაფერი გეცოდინებათ...”

შეიძლება ითქვას, რომ დავოსში ძნელია იპოვო ზღვარი პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის. მაგალითად, 24 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა სესია „მსოფლიო ლიდერების არაფორმალური შეხვედრა – ევროპული რენესანსის საფუძვლების ჩაყრა“. ოფიციალური ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხები ეკონომიკური ხასიათის სიახლეებს უკავშირდებოდა, თუმცა, როცა ამ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს უცვლელი სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უარყოფს, რომ დავოსის ფორუმი ახალი მთავრობისთვის კარგი საშუალებაა მსოფლიო ლიდერებს საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გააცნოს. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ განვითარებას, ბიძინა ივანიშვილი მოელის, რომ საქართველო რეალურ ეკონომიკურ აღმშენებლობას მეორე-მესამე წელიწადს იგრძნობს და რომ ქვეყანა ახლო მომავალში შეძლებს სულ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. პირველ შედეგებს უკვე რამდენიმე თვეში ელოდება საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

”ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო შედეგები გვექნება წლის მეორე ნახევრისთვის. უკვე გამართული შეხვედრები მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდია ინტერესი საქართველოში ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განსახორციელებელი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც სწორედ იმიტომ ვართ აქ, რომ ეს კონკრეტული მესიჯები მივიტანოთ ამ ადამიანებამდე”.

24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გაზაფხულზე საქართველო რუსეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. გიორგი კვირიკაშვილი მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას ორ ქვეყანას შორის. ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები:

”ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის - იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ადამიანი დასაქმდეს. ძალიან საინტერესო შეხვედრები იგეგმება რუსულ კომპანიებთანაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმ პოლიტიკური პრობლემებისა, რაც გვაქვს ჩვენ დღეს რუსეთთან, ყველანაირი პოლიტიკური კომპრომისის გარეშე, ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ეკონომიკური თანამშრომლობა”.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 27 იანვრამდე გასტანს.