საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების, „შენების მოძრაობის“, პრეზენტაცია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, „შენების მოძრაობა“ იქნება თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი, ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა.
Your browser doesn’t support HTML5
„შენების მოძრაობა“ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნებისა და თავ-თავის სფეროში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ახალი მოძრაობის პრეზენტაციაზე. „შენების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს წლევანდელ შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მოძრაობა არ აპირებს კოალიციაში შესვლას სხვა პოლიტიკურ ძალებთან.
„ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ. ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ყველა ის ქართველი და ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაიღალა სახელმწიფობანას თამაშით, რომელიც დაიღალა იმით, რასაც დღეს პოლიტიკა ჰქვია. როდესაც ადამიანებს მხოლოდ შუღლი, მტრობა, გათიშულობა ამოძრავებს. ჩვენ ვიქნებით მშენებლები, დიახ, სახელმწიფოს მშენებლები. ჩვენი კრედო იქნება: რაც კარგია, ვუვლით; რაც ცუდია, ვცვლით; რაც გვაკლია, ვქმნით. რა არის კარგი? რა გვაქვს კარგი? ჩვენ სამშობლო გვაქვს კარგი და სამშობლოს მოვუვლით ჩვენ ჩვენი ყველა მცდელობით. რა გვაქვს ცუდი? გვაქვს ის მანკიერი სახელისუფლებო და პოლიტიკური სისტემა, რომელსაც შევცვლით. პოლიტიკური სისტემა, რომელმაც არ მისცა საშუალება უამრავ კვალიფიციურ ადამიანს ჩართულიყო სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. რა გვაკლია? გვაკლია სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო“.
Your browser doesn’t support HTML5
„შენების მოძრაობას“ შეუერთდნენ „ეროვნული ფორუმისა“ და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრები - კახა შარტავა, რევაზ შავიშვილი, ვახტანგ ხმალაძე და ფრიდონ საყვარელიძე. კახა შარტავას განმარტებით, მოძრაობის მიზანი იქნება რეალური ცვლილებების უზრუნველყოფა, რათა ქვეყანაში სისტემური ცვლილებები გახდეს ხელშესახები:
„ფართო მოძრაობის, ყველა რესურსის მოკრების, ამა თუ იმ პარტიაში გაბნეული რესურსის, სამოქალაქო სპექტრში გაბნეული რესურსის, შეთანხმების, ურთიერთმოძიების, შენების მასშტაბური პროცესის დაწყების გარეშე ისევ იგივე სისტემურ პრობლემებთან გვექნება საქმე, რაც აქამდე გვქონია: თითქოს ვცვლით ხელისუფლებებს, სისტემა იგივე გვრჩება“.
დავით უსუფაშვილის პარტიის შექმნა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან თანხვედრაშია, კონკრეტულად კი საუბარია პოლიტიკური სპექტის დასუსტებაზე, ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, თუმცა საარჩევნო მარათონში მოძრაობის პერსპექტივებზე საუბრისას ის ამბობს, რომ იმ ეტაპზე, როცა პარტიის მხოლოდ ცენტრისტული პლატფორმის შესახებაა ცნობილი და პროგრამა უცნობია, ძნელია პერსპექტივებზე საუბარი:
„განსკურებით იმ ფონზე, როცა ჩვენ გვაქვს ერთი მმართელი პარტია და თუ ოპოზიციურ სპექტრს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას , რომ ჩვენ ძლიერი ოპოზიციური პარტიები აღარ გვყავს. ეს კი იძლევა გარკვეულ შანსს მისი პოლიტიკური ძალისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ ის მოახერხებს საზოგადოების დარწმუნებას და წარმოუდგენს რაღაც ახალ პროგრამას, რომელსაც საზოგადოება ელოდება. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომელიც მიუთითებს ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ საზოგადოება ელოდება მესამე ძალის ტიპის პარტიას , რომელიც მეტ-ნეკლებად ასახავს იმ ინტერესებს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია“.
კორნელი კაკაჩიას თქმით, დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლით დაკარგა ბრენდი. ახლა მას თავად მოუწევს ახალი ბრენდის შექმნა. „შენების მოძრაობის“ პარტიად დაფუძნება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება.