გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ განზრახული აქვს მორიგი საგადასახადო ამნისტია და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო, დღეს კი შედეგების დათვლის დრო დადგა.
საქმე ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსში გასული 2016 წლის მაისში შეტანილ ცვლილებებს: ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, ჩამოწერას დაექვემდებარა:
Your browser doesn’t support HTML5
2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;
2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;
საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.
ამ გადაწყვეტილების შედეგი ამოქმედებიდან, დაახლოებით, 10 თვის თავზე ასე გამოიყურება: საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე გადასახადის 34 804 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება, ჯამში, 1 მილიარდ 492 ათას ლარზე მეტი ჩამოეწერა. ივარაუდება, რომ ეს ისედაც უიმედო ვალები იყო, თორემ 1,4-მილიარდიანი რეალური შემოსავლის დანაკლისი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის რეფორმის განსაკუთრებულ მიღწევად, სავარაუდოდ, ვერ ჩაითვლებოდა, მით უმეტეს, რომ ნებისმიერი ე. წ. ამნისტია, ანუ გადასახადების ჩამოწერის პროცესი, თავის თავში ისედაც უსამართლო მიდგომას გულისხმობს კეთილსინდისიერი გადამხდელების მიმართ, პრობლემური გადამხდელებისთვის შეღავათის გაწევის ფორმით. შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში.
შედარებით ობიექტურად მისაღებია ხოლმე გადაწყვეტილება, როცა იგი საგადასახადო შეღავათს ეხება და საყოველთაოა - მაგალითად, ისეთი ტიპის, როგორიცაა გარკვეულ სფეროებში თანხის ჩადება. ამ თვალსაზრისით ბოლო ხანებში გავრცელებული ინფორმაციიდან საინტერესოა ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. უწყების ცნობით, დაგეგმილი საგადასახადო ცვლილება სტიმულს მისცემს მეურნეობაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენებას და საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გაააქტიურებს, რაც, შესაძლოა, გაცილებით ეფექტიანი იყოს ეკონომიკის წახალისების თვალსაზრისით, ვიდრე საგადასახადო ამნისტიის ტიპის გადაწყვეტილებები.