დაუზღვეველი ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოში

"ბავშვთა სამყარო" ხანძრის შემდეგ

გუშინ სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" დაიწვა - ცეცხლი გავრცელდა მთელ შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვადრატული მეტრია, 10-12 წუთში კი უკვე 18 000 კვადრატული მეტრი ღია ფართობი იწვოდა. "ბავშვთა სამყაროს" შენობის დაწვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ჯგუფის წინაშე დგას - ამ ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა პრაქტიკულად აუნაზღაურებელი ფინანსური ზარალი განიცადეს. ერთი მხრივ, საქართველოში ვერ ვისწავლეთ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების სერიოზულად დაცვა, მეორე მხრივ კი, საქართველოში ვერა და ვერ ამუშავდა დაზღვევის ცივილიზებური ფორმა და დღესაც მოვაჭრეების უმრავლესობა მსგავსი დარტყმის წინაშე დაუზღვეველი დგას. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამჯერად მაინც ქონება დაზღვეული იყო, მხოლოდ ნაწილობრივ აღმოჩნდა მართალი. სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ განმარტეს, რომ კომპანიაში მხოლოდ და მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება.

Your browser doesn’t support HTML5

ეკონომიკის მიმოხილვა

რასაც არ უნდა დაპირდეს ხელისუფლება მოვაჭრეებს და როგორ დათმობებზეც არ უნდა წავიდნენ ბანკები მოვაჭრეთა სესხების გადავადების თვალსაზრისით, ზარალი რეალური მასშტაბით ვერ ანაზღაურდება. არადა, თითქოს გამოცდილება, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ ამ თვალსაზრისით ბოლო წლებში შეიძინა, საკმაოდ დიდია.

გუშინ მედიამ დათვალა და ერთად მოაქცია ყველა ის მასშტაბური ხანძარი, რომელიც კი გაჩენილა ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ბაზრობებში, ბაზრებსა და მსგავს სავაჭრო ცენტრებში, და შედეგი, მართლაც რომ, შემაშფოთებელია:

2012 წლის 15 ნოემბერს, დილით, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა სავაჭრო ობიექტების 600-700 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა.

დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში", 2013 წლის თებერვალში ხანძრის შედეგად 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე მეტი დაიწვა. ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა და ნაწილობრივ ჩამოიშალა, იმ ნაწილიდან კი, რომელზეც ცეცხლი არ გავრცელებულა, მოვაჭრეებმა ავეჯის გამოტანა მოასწრეს.

თბილისის აკვაპარკში ხანძარი 2013 წლის 16 ივლისის საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამი შენობა დაიწვა, რომლებიც ერთმანეთისგან ბილიკებით იყო დაშორებული. დამწვარი ფართი ტერიტორიის, დაახლოებით, 1 000 კადრატულ მეტრს მოიცავდა.

სენაკის ბაზრობას ხანძარი 25 აგვისტოს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ბაზრობის თითქმის მთელი ტერიტორია, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობი, დაიწვა. თბილისში 2014 წლის 16 სექტემბერს დაიწვა ე.წ. ბოშების ბაზრობა - 2 500 კვ.მ ფართობი.

ბათუმში 2014 წლის 7 დეკემბერს დაიწვა ე. წ. ხოფას ბაზრობა. ხანძარი ბაზრობის მეხუთე რიგში არსებულ საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა, საიდანაც ცეცხლი, დაახლოებით, 500-დან 600 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოედო.

2014 წლის 27 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე, სადაც ცეცხლი ძველი ავტომობილების ნაწილების ჯიხურებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 150 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

2015 წლის 4 აგვისტოს ხანძარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 20-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ზესტაფონში, ე. წ. შავ ბაზარში, ხანძარი 2016 წლის 2 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანებისგან არავინაა რეალურად დაცული და დაზღვეული მსგავსი ტრაგედიისგან. ბაზრებისა და ბაზრობების მასშტაბებზე წარმოდგენის შესაქმნელად რამდენიმე ციფრს დავასახელებ:

2015 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 218 ეკონომიკური სუბიექტი; 2015 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 2,0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 59,5 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც ერთ დღეში საშუალოდ 46,0 ათასი კაცი ვაჭრობს.