ანტიკურ საბერძნეთში დამატებითი დაცინვის ღირსი ხდებოდა ყველა პოლიტიკოსი, ვისაც სცენიდან დაცინვის პატივი რგებოდა და მათ კი შესაძლოა წყენა გამოეხატათ რაიმე ფორმით.
მათ არ უნდა სწყენოდათ ისეთი საშინელი დაცინვაც კი, როგორიც კომედიის მამას, არისტოფანეს სჩვეოდა.
არისტოფანე ყველას და ყველაფერს დასცინოდა თავის უკვდავ და მუდმივად აქტუალურ კომედიებში - როგორც საზოგადოებრივ ავტორიტეტებს, მაგალითად, ფილოსოფოს სოკრატეს "ღრუბლებში", ასევე ძლიერ პოლიტიკურ მოღვაწეებს, მაგალითად, ათენის უნიკალურ მმართველ პერიკლესს.
და აი, როგორც ერთი ჭორიკანა კაცი გვიყვება ძველი საბერძნეთიდან (სახელად ელიანე), პერიკლესი ვალდებულად თვლიდა თავს, რომ არისტოფანეს კომედიების წარმოდგენას დასწრებოდა და უდრტვინველად გადაეტანა მისი კრიტიკული ცინიზმი.
პერიკლესს არც სოკრატე ჩამორჩენია - როცა გაუგია, რომ არისტოფანე მას აბუჩად იგდებდა ახალ კომედიაში, თეატრში მისულა და ფეხზე მდგომს უყურებია თავისი გაშარჟებული სცენური ორეულისთვის.
ბერძნებმა კარგად იცოდნენ, თუ რა აუცილებელ და გამომაფხიზლებელ ენერგიას ატარებდა იუმორი, თუ რა მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ირონია საზოგადოებისთვის, რომელსაც შესაძლოა ზედმეტად სერიოზულად (რიგ შემთხვევებში კი, სახიფათოდ სერიოზულად) აღექვა როგორც საკუთარი თავი, ასევე დოგმად ქცეული ტრადიციები.
ამიტომ ბერძნებს არ სწყინდათ, როცა არისტოფანე მათ დასცინოდა.
მაგრამ ასე 25 საუკუნის წინ იყო...
რაც უფრო დასერიოზულდა კაცობრიობა, მით უფრო მეტად ვეღარ აიტანეს არისტოფანე.
ნაცისტებმა მისი "ლისისტრატე" აკრძალეს, რადგან მათი აზრით, ეს პიესა სახიფათოდ პაციფისტური იყო, ხოლო აგრესიულმა კონსერვატორებმა მაკარტიზმის "კუდიანებზე ნადირობის" დროს, საერთოდ, ქვეყნიდან გასაგდებ კომუნისტად მონათლეს საუკუნეების წინ გარდაცვლილი კომედიოგრაფოსი.
სტალინმა "ლიტერატურის ნაბიჭვრად" მოიხსენია ირონიული ზოშჩენკო და მიუხედავად იმისა, რომ არ დაუხვრეტია, საბედისწერო ტაბუ დაადო მის პროფესიულ სტილსა და ბიოგრაფიას.
სამაგიეროდ, დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი და მისი დაღუპვის ბოლო მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა ტრაგიკულად სატირული "ჯაყო", "კვაჭი კვაჭანტირაძე" ან თუნდაც მცირე ზომის "დამპატიჟე".
თუ როგორ შეიძლება კომიკურად წარმოაჩინო სახიფათო სისტემა, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი 1940 წელს გადაღებული ჩაპლინის შედევრი "დიდი დიქტატორია", სადაც ჰოფმანის ცახესისა და ჰიტლერის ნაზავი სასაცილო კაცი მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობს.
სწორედ ჩაპლინის "დიდი დიქტატორი" გამახსენდა, როცა სულ ახლახანს გადაღებული და უკვე სკანდალურად ქცეული სატირა - "სტალინის სიკვდილი" ვნახე კინოში. ამავე სახელწოდების კომიქსების მიხედვით შექმნილი შავი იუმორით გაჯერებული "მაღალი პაროდია" კომიკურ სისხლისმსმელ კაცუნებზე, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან პატივმოყვარე დესპოტის სიკვდილის შემდეგ.
მართალია, ფილმი სატირულად მოგვითხრობს 1953 წლის პერიპეტიებს (სტალინის ინსულტის და შემდეგ ბერიას მოკვდინების ისტორიულ ვერსიებს), მაგრამ, როგორც ჩანს, ფილმიდან საკმაოდ ბევრი რამ ამოიცნეს დღევანდელ კრემლში, რაკი ეს ფილმი ისტორიის დაცინვად მიიჩნიეს რუსეთის კულტურის სამინისტროში, რაც ფაქტობრივად მის აკრძალვად ჩათვლილა.
"სტალინის სიკვდილის" ავტორებიც ისეთნაირ "ნაბიჭვრებად" შეირაცხნენ, როგორებიც არისტოფანე, მოლიერი, ჩაპლინი, ზოშჩენკო თუ ჯავახიშვილი აღმოჩდნენ სხვადასხვა სისტემის დიდი თუ მცირე ტირანებისთვის.
ლანძღვას კიდევ აიტანდნენ, მაგრამ დაცინვას ვერაფრით, რადგან, როგორც ისტორიიდანვეა ცნობილი, ავტორიტარიზმი სახეს კარგავს, როცა მას დასცინიან.
ზედმეტად ბევრი პარალელი ჩნდება "პატარა სისხლისმსმელ კაცუნებთან", რომელთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის დღევანდელი მსოფლიო.
გირჩევთ ნახოთ ეს ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვინმეს უკმარისობის გრძნობაც კი გაუჩნდეს მცირე ისტორიული უზუსტობების გამო, თუმცა ზოგადად, - და რაც მთავარია, ჟანრიდან გამომდინარე, - ფილმის ავტორები არცთუ შორს არიან სინამდვილისგან.
მთავარი "უზუსტობის" კომპენსირებას კი, თქვენის ნებართვით, აქ შევეცდები: ჩემს ტექსტს მოცარტის ოცდამესამე საფორტეპიანო კონცერტის იმ ცნობილ შესრულებას დავურთავ, რომელიც სპეციალურად სტალინისთვის ჩაწერა ლეგენდარულმა პიანისტმა მარია იუდინამ. სწორედ ამ შესრულებას უსმენდა სტალინი თავის რადიოში, როცა სსრკ რადიოს ხელმძღვანელს ფირფიტის მიტანა უბრძანა კუნცევოს აგარაკზე, იმან კი იმის თქმა ვერ გაუბედა, რომ ბელადი ცოცხალ შესრულებას უსმენდა და არა ჩანაწერს, ამიტომ იმ ღამესვე, დიდი ნერვიულობით მოუხდათ მუსიკის ჩაწერა.
პიანისტი ნახევრად სალოსი იყო (რაც ფილმში არ ჩანს) და ვეებერთელა ჯვრით, ფეხშიშველი გადიოდა სცენაზე, ჩეკისტები მას შეშლილად თვლიდნენ. ამ შესრულებისთვის სტალინმა მას 30 000 რუბლი გაუგზავნა, იმან კი მამხილებლური წერილით უპასუხა, სადაც სალოსებისათვის დამახასიათებელი ირონიით თუ მისტიკური სერიოზულობით აუწყა, რომ ამ ფულს ერთ-ერთ შორეულ მონასტერს შესწირავდა, რათა იქ მისი - სტალინის ცოდვილი სულისთვის ელოცათ.
არავინ იცის, მიუვიდა თუ არა ეს წერილი დიქტატორს, მაგრამ ფაქტია, მარია იუდინა არ დაუხვრეტიათ.