აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოუწოდა რუსეთს, გადასინჯოს თავისი ურთიერთობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან, ქალაქ იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ, რაშიც ვაშინგტონი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. საფრანგეთი და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ განაგრძობენ ზეწოლას რუსეთზე, რომელიც, უშიშროების საბჭოს კიდევ ერთ მუდმივმოქმედ წევრ ჩინეთთან ერთად, ეწინააღმდეგება მსგავსი რეზოლუციის მიღებას.
Your browser doesn’t support HTML5
„არ მესმის, როგორ შეძლება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რომელიმე წევრმა ხელი არ მოაწეროს იმ რეჟიმის დამგმობ რეზოლუციას, რომელიც აშკარად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულისათვის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა 6 აპრილს სარაევოში ვიზიტის დროს. ქიმიური თავდასხმის შესახებ გაეროს ახალ რეზოლუციას „მთავარი პრიორიტეტი“ უწოდა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან მარი ერომ, რომელმაც დასძინა, რომ პარიზი რეზოლუციის თაობაზე მუშაობას განარძობს რუსეთთან, რომელიც, უშიშროების საბჭოს კიდევ ერთ მუდმივმოქმედ წევრ ჩინეთთან ერთად, ეწინააღმდეგება მსგავსი რეზოლუციის მიღებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოუწოდა რუსეთს, გადასინჯოს თავისი ურთიერთობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან, ქალაქ იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ, რაშიც ვაშინგტონი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„ჩვენთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ლიდერობით მოქმედი სირიის რეჟიმია პასუხისმგებელი ამ საშინელ თავდასხმაზე. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეალურად დადგა დრო, როცა რუსეთმა სერიოზულად უნდა იფიქროს ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გაგრძელებაზე“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 5 აპრილს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუის ვიდეგერისთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში. 4 აპრილის ქიმიური თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა „წითელ ხაზს“ გადააბიჯა, რაც „დაუშვებელია“. „უნდა გითხრათ, რომ ჩემი დამოკიდებულება სირიისა და ასადის მიმართ მკვეთრად შეიცვალა“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „საზარელი დანაშაული“ უწოდა სირიაში 4 აპრილს მომხდარ თავდასხმას, თუმცა რომელიმე მხარისათვის „დამნაშავის იარლიყის“ ჩამოკიდებას კრემლის წარმომადგენელი „ნაჩქარევად“ მიიჩნევს.
„ამ ტრაგედიის შემდეგ არავის არ მიეცა საშუალება ამ რაიონში ჩასვლისა და, შესაბამისად, არავინ ფლობს რეალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას. ამიტომ ნებისმიერი მონაცემები, რომელსაც აშშ ან სხვა ქვეყნებში მყოფი ჩვენი კოლეგები შეიძლება ფლობდნენ, არ შეიძლება ემყარებოდეს ობიექტურ მასალებს და ობიექტურ მოწმეთა ჩვენებებს“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
6 აპრილს თურქეთმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ადამიანის გვამის გაკვეთამ დაადასტურა მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედება. დამასკი კატეგორიულად უარყოფს დასავლეთის ქვეყნების ბრალდებას და აცხადებს, რომ სირიის არმიას არასოდეს გამოუყენებია ქიმიური იარაღი ანდა მომწამვლელი ნივთიერება, რომლის აკრძალვის შესახებ კონვენციას სირია ჯერ კიდევ 2013 წელს შეუერთდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ მაუალემმა აღნიშნა, რომ ტრაგედია გამოიწვია ბომბების მოხვედრამ იმ საწყობზე, რომელშიც სირიის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფების, „ან ნუსრას ფრონტის“, ქიმიური საბრძოლო მასალა ინახებოდა. თუმცა ამბოხებულები, რომლებიც იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნს აკონტროლებენ, უარყოფენ ამ რაიონში რაიმე სახის სამხედრო ობიექტის არსებობას.
ბოლო მონაცემებით, სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ხან-შეიხუნის მახლობლად ქიმიური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 86-მდე გაიზარდა.