ავტორი: ირინა გურული
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლისთვის საქართველოში დაახლოებით 1 მილიონ 990 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე იყო. აქედან 1 მილიონ 740 ათასამდე დასაქმებულად ითვლება, სულ 246 ათასს თვლის სტატისტიკის სამსახური დაუსაქმებლად. შესაბამისად, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 12,4 პროცენტია და ამ მაჩვენებლით 2014 წელი საუკეთესო იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამავე სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი, კერძოდ, 60,2 პროცენტი არის თვითდასაქმებული და მხოლოდ 39,8 პროცენტი - დაქირავებით დასაქმებული. ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის ტიპის დასახლებებში და მეტი - ქალაქის ტიპის დასახლებებში. თუ ჩვენი პირადი აღქმით ეს სიტუაცია განსხვავებულია, ამას საკმაოდ მარტივი მიზეზი აქვს: თვითდასაქმებულად ითვლება ყველა, ვინც მიწას ამუშავებს ან უსასყიდლოდ მუშაობს შინამეორნეობაში.ეს ცხადყოფს, რომ დასაქმების მაჩვენებელი რეალურად ცოტა „გადაჭარბებულია“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იმასაც ამბობს, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე რეგიონალურ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ ქვემო ქართლსა და იმერეთის რეგიონში, თბილისში კი უმუშევრობა 6 პროცენტით არის შემცირებული.
ამ ოფიციალური სტატისტიკის ფონზე, ცხადია, განსაკუთრებით საინტერესოა კვლევა, რომელიც მოსახლეობის მიერ დასაქმებულობის „თვითაღქმას“ შეიწავლის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66 % თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს და მხოლოდ 34 % ფიქრობს, რომ დასაქმებულია.
თუმცა აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ, საზოგადოებრივი აზრის წინა კვლევასთან შედარებით, უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულია. კერძოდ, ინსტიტუტის მიერ მაისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67 % თავს დასაქმებულად არ თვლიდა. ამასთან, უახლესი კვლევის მიხედვით, დაუსაქმებელი 66 %-იდან 27 % არის უმუშევარი და ეძებს სამსახურს, 5 % უმუშევარია და არ ეძებს სამსახურს, 33 % კი არის არააქტიური სამუშაო ძალა.
NDI-მ საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის შუალედში ჩაატარა. კვლევა ეყრდნობა4, 448 დასრულებულ ინტერვიუს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ითვალისწინებს წარმომადგენლობით შერჩევას ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობაში, მათ შორის, ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში; ამასთან, დამატებით, წარმომადგენლობით შერჩევას თვითმმართველ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გურჯაანის მუნიციპალიტეტი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3,01%.