ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ ხუთ მუშას არმატურითა და რკინის სხვა კონსტრუქციებით გაუსწორდნენ დამსაქმებელი ორგანიზაციის, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლები. ჩხუბის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადგილობრივმა გლეხმაც. შვიდი დაშავებული ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აღძრა სისხლის სამართლის საქმე ცემის ფაქტზე. ადგილობრივი მოსახლეობა და პროფესიული კავშირების გაერთიანება დროულ და კვალიფიციურ გამოძიებასა დადამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, 2 ნოემბრის ღამით, ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს არმატურებისა და რკინის კონსტრუქციების გამოყენებით თავს დაესხნენ კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ზვარეს ობიექტის თანამშრომლები. ინციდენტს შეესწრო სამი ადგილობრივი მუშა, რომელთაც ვითარების განეიტრალება სცადეს, მაგრამ, საბოლოოდ, ბლაგვი საგნით დაზიანებები თავადაც მიიღეს. როგორც რკინიგზის ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ გვითხრა, ინციდენტი გამოიწვია ენის ბარიერმა და არასათანადო კომუნიკაციის პრობლემამ, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ გლეხებს კომპანიის კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში:
ჩამოაყენეს ტრაქტორები, გაგვიკეთეს ალყა ტრაქტორებით და მანქანებით და გამოვიდა სუყველა, დაახლოებით, 150 – დანებით და ნაჯახებით. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დავაღწიეთ თავი – ტყე არის იქვე, ტყეში შევვარდით ყველა და ამით დავაღწიეთ თავი...მინდია ოკრიბელაშვილი
„დღეს გამეორდა, დილით, ეს მდგომარეობა. დილით უკვე მუშებს ჯგუფურად დაესხნენ თავს დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები და იქ იყო ცივი იარაღის გამოყენების ფაქტიც. ჩვენ უკვე საავადმყოფოში ვნახეთ, მოვინახულეთ დაჭრილი მუშა, რომელსაც ცივი იარაღის კვალი აქვს სხეულზე, ჭრილობა მიყენებული დანით. აქედან გამომდინარე, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა გაავრცელა განცხადება და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გადახედოს იმ კვალიფიკაციას, რა კვალიფიკაციითაც აღძრა საქმე ამასთან დაკავშირებით“.
„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“, შესაბამისად კი, პროფკავშირების გაერთიანება, მომხდართან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს „საქართველოს რკინიგზას“, როგორც ობიექტის მშენებლობის დამკვეთს. პროფკავშირები მოითხოვენ,„საქართველოს რკინიგზამ“ გაასაჯაროოს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან“ დადებული ხელშეკრულება, რათა გამოაშკარავდეს დასაქმებულთან ურთიერთობის რა უფლებებს ანიჭებს მას ეს ხელშეკრულება.
„რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ამ ვალდებულებებს ის, ვერანაირად, ვერ აუვლის გვერდს, იმიტომ რომ, ეს გახლავთ კონტრაქტორი კომპანია, სადაც საქართველოს რკინიგზას აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ამ ჩინურ კომპანიასთან. კონტრაქტის პირობები, ეს არ გახლავთ, მხოლოდ და მხოლოდ, გვირაბის ერთი თავიდან მეორე ბოლოში გაყვანა. იმ კონტრაქტში არის დასაქმებულთა უფლებების შესახებ“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
საქართველოს რკინიგზა მომხდარს არ გამოხმაურებია. ზვარეში დასაქმებული ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი კი გვეუბნება, რომ კომპანია „23-ე ბიუროს“ მენეჯმენტი გაცილებით აგრესიულად იქცევა მას შემდეგ, რაც მუშებმა სექტემბერში თავიანთი შრომითი პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს და რამდენიმედღიანი გაფიცვა მოაწყვეს. დამსაქმებლის გაღიზიანებამ დასაქმებულების მიმართ, მისი შეფასებით კი, 2-3 ნოემბერს უკვე რადიკალური ფორმები მიიღო. ილია, თავად, 3 ნოემბრის ინციდენტის მონაწილე დადაზარალებულია – თავში მას მისი მისამართით ნასროლი ნაჯახის ყუა მოხვდა და თავის ტკივილები აწუხებს:
„ამ დილით, როცა სამუშაო უნდა დაგვეწყო და გამოსაცვლელად ვიყავით შესულები, მაგ დროს ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭირა ჩვენმა ჩინელმა უფროსმა, დაუწყო რტყმევა. გავედით მერე სუყველა და დაგვხვდნენ ნაჯახებით, დანებით და არმატურებით და რავი, შეიარაღებულები იყვნენ რკინით. მერე ამის შემდეგ ჩაწყნარდა სუყველაფერი, მივედით ჩვენც, რომ ის ბიჭი გამოგვეხსნა იქიდან, ერთ ადგილზე მოვგროვდით სუყველა. ამის შემდეგ ჩამოაყენეს ტრაქტორები, გაგვიკეთეს ალყა ტრაქტორებით და მანქანებით და გამოვიდა სუყველა, დაახლოებით, 150 – დანებით და ნაჯახებით. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დავაღწიეთ თავი – ტყე არის იქვე, ტყეში შევვარდით ყველა და ამით დავაღწიეთ თავი“, – ამბობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციის თანახმად, ჩხუბის ინციდენტებში მსუბუქად დაშავებულთა შორის კომპანიის ოთხი ჩინელი თანამშრომელიცაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ის, რაც, პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს, ფაქტობრივი გარემოებების დადგენაა.
"გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დაზარალებულებისთვის მიყენებული დაზიანებების ხარისხის შეფასება, რაც უნდა გააკეთოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ. სწორედ დაზიანების ხარისხზე არის დამოკიდებული იმ შემადგენლობის კვალიფიკაცია, რომელიც უნდა დანაშაულის შემადგენლობად, ასე ვთქვათ, დაკვალიფიცირდეს. დღეს, როგორც იცით, ცემით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, შესაძლოა, რომ ცემა იყოს შედარებით მსუბუქი კვალიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მსუბუქ დაზიანებას“.
ლინა ღვინიანიძე ფიქრობს, რომ ექსპერტიზის შედეგების მიხედვით უნდა დადგინდეს, საჭიროა თუ არა დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა, მისი უფრო დამძიმება, კერძოდ, საქმის წარმოება ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ან მძიმე ზიანის მიყენების მუხლით.
დღის ბოლოს კი ზვარეში მუშების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპანია " ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" წარმომადგენელი სამი პირი დააკავა. დაკავება მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.