ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მედპერსონალი დაწესებულების მფლობელს დაუპირისპირდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დავაა მედპერსონალსა და საავადმყოფოს მფლობელ კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ შორის. ექიმების განცხადებით, „ბლოკ ჯორჯიას“, რომელიც ამბობს, რომ საავადმყოფოს მფლობელია 2007 წლიდან, ერთი ლარის ინვესტიცია არ ჩაუდვია სამედიცინო დაწესებულების სარეკონსტრუქციოდ და მის განსავითარებლად, დღეს კი გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამს და მენეჯმენტის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს. ეს ფაქტი ექიმებმა ორჯერ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არ ცნობენ კომპანიის მფლობელობას და „ბლოკ-ჯორჯიას“ წარმომადგენლებს დაწესებულებაში არ შეუშვებენ.

„უნდათ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მეპატრონეები გახდნენ, ამიტომ დირექტორად მოიყვანეს ვინმე ზაზა ფიფია. მათ უნდათ რაღაც ახალი საქმე წამოიწყონ, რაზეც თანახმა არ არის კოლექტივი და სამსახური. ესენი არიან ის ყალბი პიროვნებები, რომლებმაც 2007 წელს მიითვისეს სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და გახდნენ ყალბი მესაკუთრეები, რომლებსაც დაწესებულებისთვის არაფერი გაუკეთებიათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მადონა სართანიამ, საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა.

დავა დაპირირისპირებულ მხარეებს შორის ორშაბათს ინციდენტში გადაიზარდა. „ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლების გამოჩენისას ერთ-ერთმა პაციენტმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა. პაციენტის თქმით, წლებია ამ დაწესებულებაში მკურნალობს და, მისი ინფორმაციით, ახლა სამედიცინო დაწესებულების დაუფლებას კერძო კომპანია ცდილობს, რასაც, ალბათ, მისი დახურვა მოჰყვება. პაციენტს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინციდენტში მონაწილე მხარეები კი, საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი და კომპანიის წარმომადგენლები, სამართალდამცავებმა დაკითხეს.

თავის მხრივ, თაღლითობაში თავად „ბლოკ ჯორჯია" ადანაშაულებს სამედიცინო მენეჯერს. კომპანიის დირექტორის ვახტანგ ჯანაშვილის განმარტებით, მათ შენობა შეიძინეს კანონის სრული დაცვით, რაც დადასტურებულიადოკუმენტურად და დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მისი თქმით, 2007 წელს ეს საავადმყოფო შეიძინეს იმ პირობით, რომ გაკეთდებოდა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია, ეს დაწესებულება დაიხურებოდა და გადმოვიდოდა საავადმყოფოს გარემონტებულ შენობაში, თუმცა ეს ასე არ მოხდა:

„ჩვენ არ გავაუქმეთ და კოლექტივი შევინარჩუნეთ. ჩვენ ვუთხარით, კი, ბატონო, იმუშავეთ, მხოლოდ ხარისხი შეინარჩუნეთ, მაგრამ უკვე მეტი აღარ შეიძლება მოთმენა....ჩვენ ვართ დაწესებულების მეპატრონე და ეს ადამიანი ჩვენ არ გვიშვებს ამ შენობაში. მიაქვთ ფულები და ფლანგავენ ბიუჯეტს. გამოვუშვებ მანდ აუდიტს და შეისწავლის ყველაფერს, მე ამ საქმეს პროკურატურას გადავცემ “.

29 ივლისს კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ“ ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომპანია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს 100-პროცენტიანი წილის კანონიერი მფლობელია, რომ მფლობელმა გადაწყვიტაგააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი და მიწოდებული სამედიცინო სერვისების ხარისხი.

კომპანია ირწმუნება, რომ შენობა განახლდება ეტაპობრივად ისე, რომ არ შეფერხდეს მოსახლეობისა და პაციენტებისათვის საჭირო სერვისების მიწოდება.

„იმედი მაქვს, სამეგრელოს მოსახლეობისათვის მისაღებია რეგიონში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კლინიკის არსებობა. დარწმუნებული ვართ, რომ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი გაგებით შეხვდება და ხელს არ შეუშლის ამ სასიკეთო პროექტების განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, საავადმყოფოს მედპერსონალი დათმობას არ აპირებს. პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ და არც ქუჩაში აქციების გამართვას გამორიცხავენ.