ახალი ხელისუფლების ”ახალი სტილი” რელიგიური დაპირისპირების ჭრილში

სოფელ ნიგვზიანში მუსლიმანებს სალოცავი

მუსლიმ მრევლთან მართლმადიდებლების მწვავე დაპირისპირების პრობლემა უკვე გასცდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის საზღვრებს. შექმნილი ვითარება და რელიგიური აღმსარებლობის ხელშეუხებლობის პრიორიტეტი 5 ნოემბერს როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, საპროტესტო აქციის კვალდაკვალ, იუსტიციის სამინისტროშიც იხილებოდა. ახალი ხელისუფლება რელიგიური პრობლემის მოგვარების ”ახალ სტილზე” ლაპარაკობს.

”შეაჩერე რელიგიური ძალადობა”, ”რწმენის თავისუფლება ადამიანის უფლებაა”, ”გიყვარდეს მოყვასი შენი” - ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გურიაში გამომჟღავნებულ რელიგიურ პრობლემასა და სახელმწიფოს უმოქმედობას 5 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროსთან აპროტესტებდნენ. საუბარია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში 2 ნოემბერს გამოვლენილ მწვავე პრობლემაზე, როცა ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა ერთ-ერთ კერძო სახლში შეკრებილ ასევე ადგილობრივ მუსლიმ მრევლს ლოცვის საშუალება არ მისცეს. მართალია, მართლმადიდებლები ამტკიცებდნენ, ლოცვის უფლებას არავის ვართმევთო, მაგრამ იქვე აზუსტებდნენ, რომ არავის მისცემდნენ ჯგუფურად ლოცვისა და, მით უმეტეს, მეჩეთის აშენების უფლებას მათ ისტორიულ მიწაზე. დაპირისპირებამ საკმაოდ მწვავე ფორმები მიიღო, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების - ”ტოლერანტობის სახლისა" და "უფლებების სკოლის" - დაახლოებით 15 წარმომადგენელი 5 ნოემბერს მოითხოვდა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში სასწრაფოდ ჩარეულიყო სახელმწიფო - დაპირისპირებული მხარეები დაეშოშმინებინა და დამნაშავეებიც დაესაჯა. სამართალდამცველებს ისინი პასიურობაში ადანაშაულებდნენ. მოულოდნელად, საპროტესტო აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრმა პრობლემაზე სასაუბროდ სამინისტროს შენობაში შეიპატიჟა. სწორედ ამ საუბრის დროს ახსნა თეა წულუკიანმა, რომ ახალი ხელისუფლება ძველი გზით სიარულს არ აპირებს და უმოქმედობას სულაც არ ნიშნავს ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიცია, რომელიც სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს, პროცესში ჩართვას არ ჩქარობს. მინისტრის თქმით, თუკი ძველი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცველები მაშინვე ძალის დემონსტრირებაზე გადადიოდნენ, ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მისი ფასილიტაციის პირობებში, პრობლემაზე ჯერ თავად რელიგიურმა ჯგუფებმა უნდა იმსჯელონ:
იყო არასწორი ინფორმაცია მოწოდებული, რომ იქ მეჩეთი შენდებოდა და ითქვა, რომ არ იგეგმება მეჩეთის მშენებლობა და ეს არის სამლოცველო ...
ეკა ბესელია

”ეს არის საქართველოში ყველანაირი რელიგიური დაპირისპირების მოგვარების ჩვენეული ახალი და ცივილიზებული მეთოდი. თუკი ჩვენი მართლმადიდებლები თუ მუსლიმები ვერ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და არ გაიხსენებენ იმ ტრადიციას, რაც გვაქვს საქართველოში, რომ მათ თანაცხოვრება უნდა შეძლონ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩაერევა იუსტიციის სამინისტრო. მაგრამ არა მგონია, რომ საქმე იქამდე მივიდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ სიტუაციაში ჩარევა დასჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს.”

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ ნახსენები ახალი სტილის ფარგლებში, ერთგვარი ფასილიტაცია ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას დაევალა. კვირას თბილისში, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, 5 ნოემბერს, დაინტერესებული მხარეები უკვე ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, შეიკრიბნენ. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ნიგვზიანში გამოვლენილი პრობლემა ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობით იყო განპირობებული და ყველაფერი სწორედ ინფორმაციის მიწოდების შედეგად მოგვარდა:

”იყო არასწორი ინფორმაცია მოწოდებული, რომ იქ მეჩეთი შენდებოდა და ითქვა, რომ არ იგეგმება მეჩეთის მშენებლობა და ეს არის სამლოცველო. და სამლოცველოში ადამიანებს, ბუნებრივია, აქვთ უფლება, რომ ილოცონ. შესაბამისად, სწორად ინფორმირება ამ საკითხის ირგვლივ სოფლის მოსახლეობის არის უთანხმოების განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება.”

ეკა ბესელია ამბობს, რომ სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მუსლიმანები ამიერიდან თავისუფლად შეძლებენ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზებას და მათ ვეღარავინ შეუშლის ხელს თავისუფლად ლოცვაში. თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მუშაობა არასაკმარისად შეაფასა ყოფილი უმრავლესობის - აწ უკვე უმცირესობის - წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომლის აზრითაც, თუკი დამნაშავეები არ დაისჯებიან, მსგავსი პრობლემები ისევ იჩენს თავს:

”ნაცვლად იმისა, რომ გვემსჯელა კონკრეტულ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, - ეს არის ერთი ფუნდამენტური უფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, - რომელსაც, ძალიან სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა სოფელ ნიგვზიანში, სამწუხაროდ, კომიტეტმა ვერ შეძლო სათანადო შეფასება მიეცა ამ სიტუაციისთვის. მეორე - ჩვენ ვერ დავინახეთ კონკრეტული მზაობა კომიტეტის მხრიდან, რომ მათ რეაგირება მოახდინონ მთავრობაზე იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მათ მიმართ იქნება რაიმე ზომები გატარებული.”
იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი რამე აღარ იქნება, რომ ჩვენს შვილთაშვილებს აღარ გაუმეორდებათ ეს და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ შეიგნებს ის ხალხი, რომ ჩვენ ვართ ქართველები, ქართველი მუსლიმანები ...
იამზე კახაძე

დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ ხედავს, რადგან, როგორც ორგანიზაციის მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ”საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, რაც თავის თავში გულისხმობს არა მარტო რწმენის ქონის, არამედ ამ რწმენის გამოხატვის - მათ შორის, რელიგიური წეს-ჩვეულებების თავისუფლად აღსრულების - უფლებას. ეს უფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მარტო ნეგატიურ ვალდებულებას უშუალოდ არ ჩაერიოს უფლების განხორციელებაში, არამედ უზრუნველყოს უფლების რეალიზაცია მაშინაც, როდესაც მისი ხელშეშლა კერძო პირებისგან ხდება. აღსანიშნავია, რომ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას.”

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ახალი ხელისუფლების ”ახალი სტილი”, რაც რელიგიური პრობლემის მოგვარების გზაზე, უპირველეს ყოვლისა, სწორედ რელიგიურ ჯგუფებს შორის დიალოგის ხელშეწყობას გულისხმობს, სულაც არ ნიშნავს დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას. წულუკიანი დარწმუნებულია, რომ სამართალდარღვევის კონკრეტული ფაქტებით - იქნება ეს რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა თუ ფიზიკური შეურაცხყოფა - პროკურატურა დაინტერესდება.

რამდენად ამოწურულია ინციდენტი და რამდენად წარმატებულია პრობლემის მოგვარების ”ახალი სტილი”, ეს უკეთ გამოჩნდება 9 ნოემბერს, პარასკევს, როცა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის ერთ-ერთ კერძო სახლში სალოცავად ისევ შეიკრიბებიან ადგილობრივი მუსლიმანები. ამ ეტაპზე კმაყოფილებას გამოხატავს პარლამენტში 5 ნოემბერს გამართული შეხვედრის მონაწილე ორივე მხარე. მუსლიმი მრევლის წარმომადგენელს იამზე კახაძეს იმედი აქვს, რომ პრობლემები აღარ იჩენს თავს:

”იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი რამე აღარ იქნება, რომ ჩვენს შვილთაშვილებს აღარ გაუმეორდებათ ეს და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ შეიგნებს ის ხალხი, რომ ჩვენ ვართ ქართველები, ქართველი მუსლიმანები. ამაში, მე მგონი, ცუდი არაფერი არ უნდა იყოს. ამით, მე მგონი, არაფერს არ ვუშავებთ არც ქვეყანას და არც ხალხს.”

მეზობლები ერთმანეთს რომ აღარ დაუპირისპირდებიან, ამის ასევე დიდი იმედი აქვს სოფელ ნიგვზიანის მკვიდრს, მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენელს შორენა ჭანტურიასაც. პრობლემის უკან ის მესამე ძალის მიზანმიმართულ ბოროტ განზრახვას ხედავს.