დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში დაძაბულობამ იმატა. შეიძლება თუ არა სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ პარტიის წევრია? -კონსტიტუცია ამას არ კრძალავს, თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მეთაურად პრეზიდენტმა ჯობს ისეთი ადამიანის კანდიდატურა წარადგინოს, რომელიც პოლიტიკისგან შორს იქნება.

პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი - ეს ის თვისებები, უნარები და კრიტერიუმებია, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტისთვის საქართველოს პრეზიდენტის რჩეული კანდიდატი. ამ კრიტერიუმებზე შეჯერებისას პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნების“ ლიდერი დავით საგანელიძე იმყოფებოდა, რამაც შემდეგ უმრავლესობაში გაუგებრობა გამოიწვია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ნაწილმა „პარტიული გავლენისგან თავისუფალი“ გაიგო როგორც პოლიტიკური წარსულის არმქონე.

ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი და, ამავე დროს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, მსგავსი ფორმულირებით აღშფოთებულია. მან და კიდევ 18-მა დეპუტატმა საგანგებო განცხადება შეიმუშავეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით საგანელიძე მათთან კოორდინირებულად არ მუშაობდა და აღნიშნული კრიტერიუმები ერთობლივად შეთანხმებული არ ყოფილა.გაიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაც. სხდომის დაწყებამდე ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ პრობლემას ქმნის ის ხალხი, რომელიც შეუთანხმებლად იქცევა“:

ჩემი პრეზიდენტთან მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ გადაწყდა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ჩემი ვალდებულება არ არის 90 ადამიანს ცალ-ცალკე ვესაუბრო.
დავით საგანელიძე

„არავის არავის თანამდებობა არ სწადია. ღმერთმა მოუმართოს ყველას ხელი, მაგრამ მშიშარა დეპუტატი, შეუთანხმებლად, განხილვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები... ეს არ არის დემოკრატია“.

თავად დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ის 90 დეპუტატს ვერაფრით ვერ შეუთანხმდებოდა, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარეებს რამდენჯერმე მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულ მოლაპარაკებაზე:

„ჩემი პრეზიდენტთან მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ გადაწყდა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ჩემი ვალდებულება არ არის 90 ადამიანს ცალ-ცალკე ვესაუბრო“.

კახა კოჟორიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ამბობს, რომ „პარტიული გავლენისგან თავისუფალი“ ერთმნიშვნელოვნად „უპარტიოს“ არ ნიშნავს:

„ჩვენ მიერ დასახელებული კრიტერიუმები იყო, რომ პირი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. პოლიტიკური გავლენისგან არის თუ არა პირი თავისუფალი, ცხადია, ეს კითხვა,პირველ რიგში, შეიძლება დაისვას პარტიის წევრთან მიმართებაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხი ამ კითხვაზე იქნება ‘კი’“.

ჩვენ ვფიქრობთ, სასამართლო ხელისუფლების დღევანდელ პირობებში, ნომინირებული კანდიდატის დისტანცირება პოლიტიკური გავლენისგან აუცილებელია, რადგან საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ეხება...
ალეკო ცქიტიშვილი

უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ კანონში პარტიულობასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი, ამიტომ, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევა კანდიდატი, ჯერპრეზიდენტზე, შემდეგ კი პარლამენტზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ: კუბლაშვილს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა 23 თებერვალს ეწურება, რის შემდეგაც თავმჯდომარეობის კანდიდატს პრეზიდენტი არჩევს და შემდეგ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს:

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია პრეზიდენტზე და შემდეგ პარლამენტზე. კანონში არ არის რამე გამოკვეთილი კრიტერიუმი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, თუმცა ყველა განვითარებულ საზოგადოებაში არის მიღებული რამდენიმე კრიტერიუმი იმ ადამიანისთვის, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობაზე ინიშნება. პირველ რიგში, ის უნდა იყოს კეთილსინდისიერი, პატიოსანი კაცი, პროფესიონალი თავისი საქმის. მესამე: ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოსტზე პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მართლაც არ უნდა იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული:

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია, მას სურს ამ პოსტზე იხილოს ისეთი ადამიანი, რომელიც მათთვის სამართავად ადვილი იქნება. შიდა დაპირისპირება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის, „ქართული ოცნება“ დარჩება ისეთივე მართულ პარტიად...
ხათუნა ლაგაზიძე

„ჩვენ ვფიქრობთ, სასამართლო ხელისუფლების დღევანდელ პირობებში, ნომინირებული კანდიდატის დისტანცირება პოლიტიკური გავლენისგან აუცილებელია, რადგან საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ეხება. უახლოესი წარსულის გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს უფრო მაღალ კრიტერიუმებს, ვიდრე ეს კანონითა და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც კატეგორიულად ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკოსი არ უნდა იყოს. მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი ამგვარი კანდიდატის „გაყვანას“ მოახერხებს, ეს მისი დიდი დამსახურება იქნება:

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება ბმა რომელიმე პარტიასთან, რომელსაც შემდეგ მის სამართავად გამოიყენებენ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია, მას სურს ამ პოსტზე იხილოს ისეთი ადამიანი, რომელიც მათთვის სამართავად ადვილი იქნება. შიდა დაპირისპირება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის, „ქართული ოცნება“ დარჩება ისეთივე მართულ პარტიად (მე ვიტყოდი, ადამიანების ჯგუფად, რადგან ამ კონგლომერატს პარტიის არანაირი ნიშნები არ გააჩნია), როგორიც იყო აქამდე“.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ რა დაპირისპირებაც არ უნდა მოხდეს, ეს უფრო პიროვნული ამბიციებიდან გამომდინარე იქნება და არა საქმის ინტერესებიდან.