21 აპრილს თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“, ერთმანეთს გარევაჭრობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ: გარემოვაჭრეები პოზიციების შენარჩუნებას, ხოლო მათი მოწინააღმდეგეები გარევაჭრობის აკრძალვასა და კონკურენტული გარემოს შექმნას ითხოვენ. ბაზრობათა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რაც აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებით დასრულდა. როგორ და რატომ იქცევა გარევაჭრობა პოლიტიკურ საკითხად და რა პასუხი აქვს დედაქალაქის ხელისუფლებას?
ხმაურიანი პროცესი ხუთშაბათს გარევაჭრობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციით დაიწყო. ბაზრობათა მოვაჭრეები ჩიოდნენ, რომ მყიდველი მათ დახლებამდე ვერ აღწევს, რადგანაც ისინი იმავე პროდუქციას გარემოვაჭრეებისგან ქუჩაში უფრო იაფად ყიდულობენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ბაზრებისა და ბაზრობების დახლებზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასს გადასახადები ზრდის და რომ ეს არაკონკურენტულ, უსამართლო გარემოს ქმნის:
„ქალი: ჩვენ ვართ ბაზრობებზე მომუშავე ხალხი, აქ შეკრებილები ვართ რამდენიმე ბაზრობიდან... ყველანი მოვითხოვთ გარევაჭრობის აკრძალვას. გარემოვაჭრეების ნახევარს ადგილებიც აქვს, სულ რამდენიმე ადამიანი იქნება, ვისაც ადგილი არა აქვს ბაზრობაზე... ისედაც, აი, გაივლი ქალაქში და ნახავ – ქალაქი არის ნაგვის ბუდედ ქცეული... /ქალი: ჩვენც გვაქვს ბანკის ვალი გადასახდელი, ჩეკს ვერ ვიხდით... მათ ბაზრობებზეც აქვთ ადგილი და გარეთაც ვაჭრობენ... ჩვენ რა ვქნათ?! გაჭირვებულ დღეში ვართ...“
არავინ დავობს, რომ გარევაჭრობა უკანონო ქმედებაა (მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს) და ამით სახელმწიფოც ზარალდება, რადგანაც გარემოვაჭრეები გადასახადებს არ იხდიან. სხვათა შორის, ეს იციან თავად გარემოვაჭრეებმაც, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა 21 აპრილს უთხრა რადიო თავისუფლებას, მის ბედქვეშ მყოფი ადამიანების მსგავსად, ჭერქვეშ გადანაცვლებას არც ის აპირებს:
„სამი ბანკიდან მაქვს ფული გამოტანილი... სახლი დამეწვა... მყავს ოთხი ბავშვი, პატარები... ავადმყოფი შვილი მყავს და ერთ კაპიკს არ გადავიხდი (ვაჭრობისთვის)... ლუკმაპურის ფული არ მრჩება, რომ ბავშვებს ვაჭამო“.
მეთვალყურეთა ნაწილს არ გამოჰპარვია, რომ ბოლო წლებში გარევაჭრობამ განსაკუთრებით გაშალა ფრთები, თუმცა, იმავე მეთვალყურეთა აზრით, ამ უკანონობის დაშვება-არდაშვების თემა, ბოლო არაერთი წელიწადია, პოლიტიკურ ჭრილში განიხილება და ესა თუ ის ხელისუფლება საკითხისადმი უფრო ლოიალურ მიდგომებს ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში იჩენს.
ეს საკითხი დღემდეც ძირითადად პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. როგორც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, წინა ხელისუფლების პირობებში გარევაჭრობის პრობლემა თითქმის უკვე ბოლომდე მოგვარებული იყო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს თემა ისევ სადავოდ აქცია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დედაქალაქის ყოფილი მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამჟამინდელმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ წინამორბედთა მიღწევებზე განზრახ თქვა უარი და გარევაჭრობაც სწორედ ამიტომ დაუშვა:
„’ოცნებამ’ გამოაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, არასწორი იყო. ამიტომ, ამჟამინდელ სიტუაციას მხოლოდ ის ახლა ვერ გამოასწორებს, რომ ვიღაცას ვაჭრობა აუკრძალო გარეთ და ბაზარში შეყარო... ძირითადი პრობლემის სათავე არის ეკონომიკური მდგომარეობა და ეს მდგომარეობა გამოიწვია იმანაც, რომ კანონი და წესრიგი, რომელიც დამყარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, „ქართულმა ოცნებამ“ შეაფასა როგორც ვიღაცების ღირსების შელახვა და ასე შემდეგ... ამიტომ დაუშვა ეს ყველაფერი“.
ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ მოვაჭრეებთან დაკავშირებულ პრობლემებს და, მათ შორის, მყიდველების შემცირებას ქვეყნის მზარდი ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს, - ეს კი, მისი თქმით, პირდაპირ უკავშირდება ამჟამინდელი ხელისუფლების გაუაზრებელ პოლიტიკას.
ჩვენ დამუშავებული გვაქვს გარევაჭრობის ახალი წესი, რომელიც გულისხმობს თბილისის გარკვეულ არეალებში პროდუქციის გარკვეულ სახეობებზე მოწესრიგებულ და შედარებით ორგანიზებულ ვაჭრობას...ირაკლი ლექვინაძე
მართალია, ქვეყნის გაღარიბების ბრალდება აბსურდად მიაჩნიათ, მაგრამ გარევაჭრობის თემისადმი შემწყნარებლური მიდგომის აუცილებლობას ხელისუფლება - და, ამ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება - ისევ მოსახლეობის გაჭირვებით ხსნის. 21 აპრილს კომენტარი ვიცე-მერმა გააკეთა. ირაკლი ლექვინაძე აქტიური კონსულტაციების რეჟიმზე ლაპარაკობს და მიზნად კონკურენტული გარემოს შექმნას ასახელებს:
„ჩვენ დამუშავებული გვაქვს გარევაჭრობის ახალი წესი, რომელიც გულისხმობს თბილისის გარკვეულ არეალებში პროდუქციის გარკვეულ სახეობებზე მოწესრიგებულ და შედარებით ორგანიზებულ ვაჭრობას. რადგანაც ეს ადამიანები დღეს დგანან ქუჩაში, ჩვენი ინფორმაციით, ოფიციალურად – არა, მაგრამ არაოფიციალურად შეიძლება მათი იქ დგომა გარკვეულ თანხებთან იყოს დაკავშირებული, ეს (ახალი არეალები), რა თქმა უნდა, მათთვის იქნება ისეთი არეალები, სადაც ისინი შეძლებენ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, თავიანთი ვაჭრობის შესაძლებლობების ზრდას. ეს შეიძლება არ იყოს ის ადგილები, სადაც ისინი დგანან, მაგრამ იყოს ის ადგილები, რომლებსაც, თუნდაც, ბაზრობის ხელმძღვანელობა გამოათავისუფლებს მათთვის“.
როგორც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, მერიას უკვე აქვს თანხმობა ბაზრობათა ხელმძღვანელებისგან, თუმცა როდის გადაიდგმება ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები, ეს ჯერ უცნობია. „არის გარკვეული საკითხები, რომლებიც უფრო მეტ დამუშავებას ითხოვს“ – ასეთია დედაქალაქის ვიცე-მერის პასუხი.
ხოლო თუკი ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში მათე გარდავას შეეკითხებით, ის გეტყვით, რომ გარევაჭრობის პრობლემას, არსებითად, ვერც წინა ხელისუფლება გაუმკლავდა და, ფაქტია, რომ ვერც ამჟამინდელი ხელისუფლება უმკლავდება. ექსპერტისთვის ყოვლად მიუღებელია ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა და, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის პირობებშია შესაძლებელი.