დამოუკიდებლობის დღე ნატოსთან ერთად

საქართველოს ხელისუფლება ემზადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიისთვის, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება. ნიშანდობლივია ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი სამუშაო დღე, 26 მაისი, ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია წლის განმავლობაში ორჯერ იმართება, საქართველო კი ნატოს არაწევრი მეხუთე ქვეყანაა, რომელსაც სესიის მასპინძლობის შესაძლებლობა მიეცა. რას ნიშნავს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვა და როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ ფორუმის გამოყენებას?

Your browser doesn’t support HTML5

დამოუკიდებლობის დღე NATO-სთან ერთად

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისის სესიაზე, რომელიც მომავალ კვირაში იხსნება, მოწვეულია 50-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, მათ შორის – ნატოს წევრი 28 და ასოცირებული წევრი 12 ქვეყნისა. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ჩამოვა თუ არა თბილისში ნატოს გენერალური მდივანი:

„წინა დღეებში იქნება ნატოს სამიტი, ამიტომ ეს საკითხი ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, თუმცა თბილისში ჩამოვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ჩამობრძანდება და უშუალოდ მიიღებს ღონისძიებებში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩამოდის ამერიკის დელეგაცია, რაც, როგორც წესი, იშვიათად ხდება ხოლმე და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით“.

ეს ის სამიტია, რომელშიც მხოლოდ თვითონ ნატოს მიერაა მოთხოვნილი, რომ მხოლოდ წევრმა სახელმწიფოებმა მიიღონ მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში ახალი პრეზიდენტია, და იგივე მოხდა 2001 და 2011 წლებში და ამიტომ ამჯერადაც მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოები იკრიბებიან...
ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილის თქმით, შემთხვევით არ არის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში - ნატოს არაწევრი ქვეყნის დედაქალაქში - იმართება. მისივე თქმით, ყველა არაწევრი ქვეყანა, რომელმაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, მოგვიანებით ალიანსის წევრი გახდა. ირაკლი სესიაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ამ ქვეყნების წყალი გადაესხმება.

„პირველ რიგში, ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა. დაახლოებით, 700-მდე სტუმარს ველოდებით. გაიმართება შესაბამისი კომიტეტების სხდომები, ასევე საოკუპაციო ხაზთან გავლენ ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და, რაც მთავარია, ყველაფერთან ერთად, აღიარებულია საქართველოში გატარებული რეფორმები, პროგრესი, დემოკრატიის თვალსაზრისით, ის, რომ ქვეყანა უსაფრთხოა... ამ ფორუმით, ფაქტობრივად, აღიარება ხდება, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვართ ნატოს არაფორმალური წევრი და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს“, უთხრა ირაკლი სესიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ დიდი მოლოდინი აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება:

„ეს ასამბლეა უნდა გამოვიყენოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კავშირების გასაღრმავებლად. ჩვენი საბოლოო მიზანი ნატოში გაწევრიანებაა და ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. რა თქმა უნდა, რეალისტურად ვაფასებთ ვითარებას, რომელიც ნატოში ჩვენს გაწევრიანებასთანაა დაკავშირებული. მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულები და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ“.

თუმცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარი განწყობის პასუხად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ოპოზიციონერი წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი, ამბობს, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად, ანუ ნატოს წევრობისთვის, ხელისუფლების მეტი ძალისხმევაა საჭირო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძლობა კი ამის კარგ წინაპირობას ქმნის.

„ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მოხდეს ხელახალი აქტუალიზაცია, ერთი მხრივ, ჩვენი პრობლემების, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის და დევნილთა დაბრუნების საკითხის, პრობლემების, რომლებიც, სამწუხაროდ, უმაღლესი პოლიტიკური დონიდან არის გამქრალი საქართველოს ხელისუფლების პასიურობის გამო და, ამავე დროს, საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მოხდეს ხელახალი აქტუალიზაცია ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხისა, იმიტომ რომ, მართალია, პროგრესი და წინსვლა არის, მაგრამ ეს წინსვლა არის ძალიან ნელი და არადამაკმაყოფილებელი ჩვენი ინტერესებისთვის იმიტომაც, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არ აქტიურობს. თუნდაც ის რად ღირს, რომ უახლოეს დღეებში იმართება ნატოს სამიტი ბრიუსელში და, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ნატოს წევრებისთვის არის, მთავრობა ამ სამიტის ირგვლივ არანაირ აქტივობას არ იჩენს, მაგალითად, არანაირ კონფერენციას არ აწყობს იმისათვის, რომ საქართველოს ნატოს წევრობის პერსპექტივაზე საუბარი იყოს არა რაღაც რიტუალი და ეტიკეტი, არამედ იყოს რეალური შინაარსის მქონე და რეალურად ჰორიზონტზე იყოს გაწევრიანების პროგრესი“, უთხრა გიორგი კანდელაკმა რადიო თავისუფლებას.

გიორგი კანდელაკი

ნატოს სამიტი, რომელიც გიორგი კანდელაკმა ახსენა, ბრიუსელში 25 მაისს გაიმართება და მას საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ დაესწრება. თუ რატომ, ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს, მიმართა.

„ეს ის სამიტია, რომელშიც მხოლოდ თვითონ ნატოს მიერაა მოთხოვნილი, რომ მხოლოდ წევრმა სახელმწიფოებმა მიიღონ მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში ახალი პრეზიდენტია, და იგივე მოხდა 2001 და 2011 წლებში და ამიტომ ამჯერადაც მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოები იკრიბებიან, თუმცა ის გზავნილები, რაც ჩვენ გვაქვს, ცხადია, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერების მიერ იქნება გაჟღერებული“, უთხრა ირაკლი სესიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მთავარი გზავნილი კი ნატოს წევრობაა, რაც დაადასტურა კიდეც NDI-ის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის 68 პროცენტი ემხრობა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობას.