დაკითხვები შეწყალების კომისიის საქმეზე

ალექსანდრე ელისაშვილი

პატიმრების შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი და ახლანდელი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაკითხა. დაკითხვისას მათ კორუფციულ გარიგებაში ეჭვმიტანილი პირები დაასახელეს, თუმცა ჟურნალისტებთან მათი გვარები არ გაუმხელიათ. ქორიძისა და ელისაშვილის განცხადების თანახმად, საუბარია როგორც პოლიტიკოსებზე, ასევე სხვა საჯარო პირებზე.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ როდესაც პატიმრების შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი იყო, მას პოლიტიკოსები მუდმივად ურეკავდნენ და სთხოვდნენ ესა თუ ის პატიმარი შეეწყალებინა. მისივე თქმით, შემდეგ გაარკვია, რომ ამ პირებს ქრთამი ჰქონდათ აღებული პატიმრების გათავისუფლებისთვის. 9 დეკემბერს ამ საქმესთან დაკავშირებით მან პროკურატურას ჩვენება მისცა:

„ნამდვილია ის ინფორმაცია, რომ ზოგ-ზოგიერთებს ბე ჰქონდათ უნამუსობაში აღებული და ვინც ფული გადაუხადა, ისინი ამ ფულს სთხოვდნენ და ესენი წვალობდნენ. ჩემი ინფორმაციით, საუბარი იყო წინასწარ აღებულ 200 ათას დოლარზე და დაპირებულ მილიონ- ნახევარ დოლარზე“.

რა თქმა უნდა, კონკრეტული გვარები დავასახელე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ გამოძიება დაიწყო. მაქვს ინტერესი და მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას და დეტალები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი...
ზვიად ქორიძე

ელისაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე წელიწად-ნახევრის წინ ესაუბრა როგორც მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. თავის მხრივ, გიორგი გოგაძე ამბობს, რომ ელისაშვილს ერთხელ მართლა შეხვდა, ოღონდ ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ელისაშვილმა თავის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურას კონკრეტული ფაქტები უნდა წარუდგინოს.

ელისაშვილის მსგავსად, მოგვიანებით დაიკითხა ზვიად ქორიძეც. მისი დაკითხვა 9 დეკემბერს, ღამის 10 საათზე, შეწყდა. როგორც ქორიძის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, დაკითხვა 11 დეკემბრისთვის გადაიტანეს, რადგან უკვე ძალიან გვიანი იყო:

„შეწყდა იმის გათვალისწინებით, რომ 10 საათი წარმოადგენს ღამეს და ღამით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუშვებელია“.

ზვიად ქორიძემ პროკურატურაში რამდენიმე პირი დაასახელა, თუმცა ვინ, ეს საჯაროდ არც მას გაუმხელია:

„რა თქმა უნდა, კონკრეტული გვარები დავასახელე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ გამოძიება დაიწყო. მაქვს ინტერესი და მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას და დეტალები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც:

თეა წულუკიანი

„თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონი დაარღვია, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. პროკურატურა ამ თემაზე მუშაობს და, რა თქმა უნდა, ბატონ ელისაშვილს, განცხადებების გარდა, მოუწევს, ალბათ, ყველა ის მტკიცებულება, თუკი ასეთი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს".

შეწყალების კომისია ათი კაცით არის დაკომპლექტებული. ზვიად ქორიძის გარდა, მასში შედიან: იურისტი ლია მუხაშავრია, იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ ხიდაშელი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური, მწერლები ბასა ჯანიკაშვილი, გივი შაჰნაზარი და კოტე ჯანდიერი, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რევაზ კიკნაძე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).

უჩა ნანუაშვილის თქმით, უშუალოდ მასზე ზეწოლა არ ყოფილა:

„თუკი ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა, აუცილებელია გამოძიება, თუმცა სასურველი იყო, რომ საზოგადოებას ყველაფერი დაუყოვნებლივ სცოდნოდა. მე ორმაგად ვარ დაინტერესებული, რომ გაირკვეს სიმართლე ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც სახალხო დამცველი და როგორც კომისიის წევრი“.

საქმე 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.