ფარული გადაღებებისთვის ხუთი პირი დააკავეს

მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა. მათ 11 და 14 მარტს ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავებიან.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები საგანგებოდ არჩევდნენ ოპოზიციურად განწყობილ პირებს და მათზე კომპრომატებს ქმნიდნენ:

„წინასწარ არჩევდნენ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წევრებს. შესაბამისად, მათი მიზანი იყო მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვება... გავრცელება შეიძლება იყოს ისიც, რომ დაიბარონ პირი და უთხრან, რომ მასზე აქვთ მაკომპრომატირებელი მასალა“.

სპიკერ პროკურორის კოკა კაციტაძის ინფორმაციით, დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი, შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე და შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი.

ამ სამსახურის ხელში არის მოქალაქეთა თვალთვალისა და მიყურადების ბერკეტები და ეს პროცესი არ უნდა იყოს უკონტროლო, საუკეთესო ევროპული სტანდარტების დაცვით უნდა ხორციელდებოდეს...
ალეკო ცქიტიშვილი

პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი შუადღეს გამართა. კოკა კაციტაძის განცხადებით, ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 5 მაისს ერთ-ერთი პოლიტიკოსი სასტუმროში გაჩერებას აპირებდა. ეს მან ლელუაშვილს შეატყობინა, ორივემ ერთად კი სასტუმროში ვიდეოკამერის დამონტაჟება დაგეგმეს, რაც მოგვიანებით პავლიაშვილმა და შიოშვილმა განახორციელეს.

იმავე წლის 5 ივნისს შიუკაშვილმა და ზაალიშვილმა ერთ-ერთ ბინაში დააყენებინეს სათვალთვალო მოწყობილობა, რაც ასევე ლელუაშვილის დავალებით მოხდა, 2011 წლის დეკემბერში კი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილი უფროსის გივი კაციტაძის დავალებით, ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოიპოვეს. გივი კაციტაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ასევე ეძებენ შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს, რომელიც ამჟამად მიმალულია. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

ალეკო ცქიტიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორია კამპანიისა „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“, ამბობს, რომ თავისთავად კარგია, როცა მსგავსი დანაშაულები იხსნება, მაგრამ აუცილებელია პრევენციაც, რათა მსგავსი ჩანაწერები აღარ არსებობდეს.

„ამ მხრივ აუცილებელია განხორციელდეს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა. ამ სამსახურის ხელში არის მოქალაქეთა თვალთვალისა და მიყურადების ბერკეტები და ეს პროცესი არ უნდა იყოს უკონტროლო, საუკეთესო ევროპული სტანდარტების დაცვით უნდა ხორციელდებოდეს“.

ამასთან, კამპანიაში ჩართულ ორგანიზაციებს აქვთ ინიციატივა, რომ ე. წ. გასაღები, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს მოსმენისა და მიყურადების უფლებას მისცემს, დამოუკიდებელ ინსტიტუციას გადაეცეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, ასევე, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომლიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.