ქარელის რაიონის სოფელ დვანის მკვიდრი, 57 წლის ბეგლარ ახალკაცი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. ახალკაცი წუხელ სოფლის განაპირას არსებულ საკუთარ ხილის ბაღში შეშის დასამზადებლად იყო წასული. ეს ნაკვეთი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. დაკავებულის მეუღლის გიული ახალკაცის თქმით, მისი მეუღლე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულა. მეზობელი სოფლიდან ოსი ეროვნების პირები იყვნენ გადმოსულები, რომლებმაც ბეგლარ ახალკაცი დააკავეს და რუსეთის მესაზღვრეებს გადასცეს.
ამ დაკავების შემდეგ დვანის მოსახლეობა შეშფოთებულია, რადგან საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ მიწის ნაკვეთებში დვანელები ხშირად გადიან და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებენ. ისინი ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ. სოფელში ქარელის გამგებლის წარმომადგენელი ნოდარ კოპაძე აცხადებს, რომ ამ ნაკვეთებთან პრობლემა არასოდეს ყოფილა, მესაზღვრეები მხოლოდ წყლის სათავე ნაგებობასთან ჩამოდიან ხოლმე, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
ბეგლარ ახალკაცის დაკავების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედეს და ოს სამართალდამცავებთან უკვე დაიწყეს მოლაპარაკება, ახალკაცის გათავისუფლების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და დაკავებული მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანი ოკუპირებულ ოსურ სოფლებს ესაზღვრება. ამ სოფლიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები ხშირია. დვანელები უსაფრთხოდ ვერც საკუთარ მიწის ნაკვეთებში მუშაობენ, რადგან იქვე გადის საოკუპაციო გამყოფი ხაზი. სოფლის მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი მავთულხლართებით არის შემოღობილი, თუმცა დარჩენილია ადგილები, სადაც რუსეთის მესაზღვრეებს მავთულხლართები არ გაუბამთ. ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული დვანელების მიწის ნაკვეთების ნაწილი და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა.