დაკავება ბერშუეთთან

კიდევ ერთი დაკავება მოხდა სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს რუსეთის მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი ბონდო ბერიანიძე აიყვანეს. ბერიანიძე სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა. სოფელში არც მწყემსი და არც საქონელი არ დაბრუნებულა. შეშფოთებულმა ოჯახის წევრებმა ძებნა მინდორში დაიწყეს. მოგვიანებით საქონლის ნაწილი სოფელში დაბრუნდა, ადგილობრივმა პოლიციელებმა კი ოჯახს შეატყობინეს, რომ დაკავებული ჯერ მეზობელ ოსურ სოფელ წინაგარში, ერთ-ერთ განყოფილებაში ჰყავდათ, შემდეგ კი, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ამუშავდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკება დაკავებულის გასათავისუფლებლად.

სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება და აქ მსგავსი ინციდენტები ხშირია. ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას, საქონლის მწყემსვის დროს და ტყეში აკავებენ ხოლმე. ზამთრის მოახლოებასთან ერთად საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ხშირად საკუთარი რისკის ფასად ტყეში შეშის დასამზადებლად შედიან. ქართველი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ბერიანიძეს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.