დაბრუნება სოხუმიდან 24 წლის შემდეგ

თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალეს 1993 წლის 27 სექტემბერს სეპარატისტების მიერ დახვრეტილები

17 ოქტომბერს, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალეს 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 გმირი. მათი ნეშტების ამოცნობა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, სამედიცინო-ანთროპოლოგიურ ექსპერტიზაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით მოხერხდა. ამ დრომდე უცნობი იყო მათი საფლავების ზუსტი ადგილსამყოფელიც. აფხაზეთში გმირულად დაღუპული 20 ადამიანის ნეშტი თბილისში მიაბარეს მიწას, დანარჩენი ხუთი კი მათი ოჯახების მიერ შერჩეულ სასაფლაოებზე დაკრძალეს.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრუნება სოხუმიდან 24 წლის შემდეგ

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება

  • 1992-93 წლებსა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 400-ზე მეტი ადამიანი ითვლება
  • 2010 წლის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი მოიძიეს
  • 126 ამოცნობილი ნეშტი ოჯახებს უკვე გადაეცა. დანარჩენების ამოცნობის პროცესი დღემდე გრძელდება

17 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დახვრეტილი 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი დილის 11 საათიდან დაიწყო და ხალხის ნაკადი შუადღემდე არ შეწყვეტილა. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. სოხუმში დახვრეტილი ამ 25 ადამიანის ოჯახები მათი ახლობლების ნეშტებს 24 წელი ელოდნენ.

„ჩვენი მუშაობის ეს კონკრეტული შედეგები გაურკვევლობის ათწლეულების დასრულებას ნიშნავს. ასობით ოჯახი საქართველოში მიიღებს საბოლოო პასუხს საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ“, - განაცხადა ბილიანა მილოშევიჩმა, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, აფხაზურ მხარეს ომში დაღუპულ პირთა ნეშტების პოვნასა და გადმოსვენებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დადგება დრო, როცა ქართველები, აფხაზები და ოსები შერიგებისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ:

„ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არა ერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია ის, რომ ჩვენ - ქართველები, აფხაზები და ოსები - აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“.

ვიზუალიზაცია

აფხაზეთის ომში დაღუპულ 25 გმირს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის დეპუტატებმა.

„ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ღირსება“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კი, სოზარ სუბარმა, ხაზგასმით თქვა, ამ ეტაპზე ქართული და აფხაზური მხარეები შეთანხმდნენ გვერდზე გადადონ პოლიტიკური განსხვავებები და ჰუმანიტარული მიზნებით იმოქმედონ, რადგან ომში დაკარგულები ორივე მხარეს ჰყავსო:

„ბოლო ოთხი-ხუთი წელია ამ საკითხის თაობაზე აფხაზეთის მხარესთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მხოლოდ წელს 46 სამარხი გაიხსნა და 91 ნეშტი ვიპოვეთ და ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“.

აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებულ ამ 25 გმირს შორის იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი, მამია ალასანიაც.

„მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს. ისინი ხალხის, ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამო დარჩნენ სოხუმში“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, მამის გადმოსვენების ფაქტს.

„ეს 24-წლიანი ჭრილობა დღეს, მართლაც, დაიხურა. აქ ყველა გმირია. არიან ავღანელი ვეტერანები, რომლებმაც დაიცვეს სოხუმი, მთავრობის წევრები, ვინც არ დატოვეს სოხუმი და იყვნენ ბოლომდე სოხუმის მცველებად. მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს. ისინი ხალხის, ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამო დარჩნენ სოხუმში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, მათ, ვინც უდიდესი და ურთულესი საქმე გააკეთა; ასევე სასულიერო, საერო ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა და დააფასა მათი გმირობა. მე მგონია, რომ სწორედ, ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დიდი მადლობა იმისთვის, რომ საშუალება მომეცა მივიდე მამის საფლავზე, - ეს სიტყვები კი სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბისკირიას, ვაჟს, ვლადიმერ გაბისკირიას, ეკუთვნის, რომელიც 14 წლისა იყო, როდესაც აფხაზეთში მამა დაუხვრიტეს.

აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული და ამოცნობილი 25 ადამიანის სრული სია კი ასე გამოიყურება:

დაბრუნება 24 წლის შემდეგ

  • 1. გაბისკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ქ.სოხუმის მერი; 2. ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი; 3. შენგელია არშაველ ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი; 4. გეგელაშვილი ვახტანგ ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი; 6. ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (ბატალიონის უფროსის მოადგილე); 7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის,რაულ ეშბას, პირადი დაცვა; 9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი; 11. ჯორბენაძე თეიმურაზ ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 12. კვინიკაძე მერაბ კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების, "იუპიტერის", დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა); 13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი; 14. სოფრომაძე ბესიკ მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 15. გოჩიაშვილი დავით მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 16. აბსანძე თენგიზ გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი"; 17. ფარცვანია ვახტანგ კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის, რაულ ეშბას, პირადი დაცვა; 18. გიგოლაშვილი ომარ ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 19. ხახიაშვილი ნოდარ ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 20. ჭუჭულაშვილი ნუგზარ როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი; 22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; 23. შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; 24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 25. მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე.

მათი ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა. ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე წარდგენილნი არიან: არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებს და მათ ნეშტებს დღემდე ეძებენ მათი ახლობლები. მათ შორის არის მაია კაპანაძეც, რომელიც 24 წელია დაკარგულ მეუღლეს დაეძებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, დღემდე ვერ დამიშვია, რომ ის აღარ არის“.

ამ პროცესის გაგრძელების იმედი აქვს "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელს, ლევან გერაძესაც, თუმცა ის შენიშნავს, რომ ეს უკიდურესად ჰუმანიტარული საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშირდეს პოლიტიკას:

„ადრე ჩვენი ოპონენტები ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობდნენ, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. არა მგონია ამაზე მნიშვნელოვანი, ემოციური და ჰუმანიტარული საკითხი არსებობდეს, როგორიც დაკარგულების მოძიება და დაღუპულების გადმოსვენებაა. ეს საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ უნდა გახდეს. ის, რაც მოხდა, კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ქართული და აფხაზური მხარეები პოულობენ საერთო ენას და ამ თემის მიმართ მაინც აქვთ ერთიანი მიდგომა“.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში 1992-93 წლებსა და შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 400-ზე მეტი ადამიანი ითვლება. 2010 წლის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი მოიძიეს. მათგან 126 ამოცნობილი ნეშტი ოჯახებს უკვე გადაეცა. დანარჩენების ამოცნობის პროცესი დღემდე გრძელდება.