ვაშინგტონში მდებარე კარნეგის მშვიდობის ფონდმა პროფესორ დავით ლორთქიფანიძეს უმასპინძლა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ასოციაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კარნეგის მშვიდობის ფონდი და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტი.
ტომ დე ვაალმა, კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მცირე შესავალში დამსწრეებს დავით ლორთქიფანიძე და მისი ნაშრომები წარუდგინა, რომელთა შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს რამდენიმე წამყვან სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. შემდეგ სიტყვით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა წერეთელი გამოვიდა, რომელიც ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის კვლევების დირექტორი და ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტია.
შეხვედრის პირველი ნაწილი დავით ლორთქიფანიძის პრეზენტაციას დაეთმო. საჯარო ლექციის თემა გახლდათ „საქართველოს ევროპული მისწრაფებები - მომავლის შენება რეზონანსული წარსულით“. ქართველმა სწავლულმა დამსწრეებს საქართველოს საინტერესო არქეოლოგიური მონაპოვრები გააცნო, მათ შორის დმანისში აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლით დათარიღებული თავის ქალა.
დავით ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იქმნება ზოგადად ქვეყნის კულტურა; რა მნიშვნელობა აქვს მეცნიერების და კულტურის შერწყმას; რა კავშირია ისტორიას, სამეცნიერო დიპლომატიას და პოლიტიკას შორის; რას წარმოადგენს ევროპა, საიდან მოვიდა საქართველო და როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი ევროპაში საქართველომ საკუთრი მდიდარი წარსულით.
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის საქართველოში, კენეტ იალოვიცის თქმით, პრეზენტაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა და მსმენელებმა საქართველოს მდიდარი წარსულის შესაცებ ბევრი რამ შეიტყვეს. „არაჩვეულებრივი პრეზენტაცია იყო. პროფესორ ლორთქიფანიძეს თბილისიდან ვიცნობ. დმანისშიც ვარ ნამყოფი და ვიცი, რომ ამ სამეცნიერო აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს ისტორიის და კულტურისთვის, ასევე ევროპის და ზოგადად კაცობრიობის მთელი ისტორიისთვის. ის კიდევ უფრო უსვამს ხაზს საქართველოს უმნიშვნელოვანეს მდებარეობას არამხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ იმ ღირებულებების მხრივაც, რომელსაც საქართველო ხელოვნების, კულტურის და ისტორიის თვალსაზრისით ატარებს. დღევანდელ პრეზენტაციაზე სწორედ ამ ღირებულებებს გაესვა ხაზი. დავითი ნამდვილი მეცნიერი და ჯენტლმენია, რომელიც სწავლულისთვის აუცილებელი ყველა თვისების მატარებელია“ - აღნიშნა კენეტ იალოვიცმა.
თავად დავით ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ამგვარი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უკეთ წარმოსაჩენად. „ეს კიდევ ერთი საშუალებაა სხვადასხვა ადამიანებს გააცნო, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ცდება ვიწრო რეგიონულს და საკაცობრიო მნიშვნელობას იძენს. მე ვფიქრობ, და ეს ალბათ ყველაზე პრინციპულია, ამ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის დიდი ინტერესი, რომელიც ქვეყნის გარეთ არსებობს“ - აღნიშნავს ის.
პროფესორ ლორთქიფანიძის აზრით, არქეოლოგია ქვეყნის მდიდარი წარსულის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მითუმეტეს, როცა ის მსოფლიო მეცნიერებაშია ინტეგრირებული. საჯარო ლექციის შემდეგ დავით ლორთქიფანიძემ დამსწრეების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა კი ქართული ღვინის პრეზენტაციით დასრულდა.