1989 - ხავერდოვანი რევოლუცია
პირველი დემონსტრაციები 1989 წლის იანვარში გაიმართა. პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები პატივს მიაგებდნენ ჩეხი სტუდენტის იან პალახის ხსოვნას. 1969 წელს პალახმა თავი დაიწვა პრაღის ცენტრში, პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
დემონსტრაციები მოეწყო აგვისტოშიც, 1968 წლის მოვლენების 21-ე წლისთავზე. კომუნისტურ რეჟიმს პირველი ბზარები გაუჩნდა.
შემდეგი საპროტესტო აქცია გაიმართა 1989 წლის 28 ოქტომბერს, ჩეხოსლოვაკიის დაარსების 71-ე წლისთავზე. პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, დემონსტრანტები თავისუფლებასა და დემოკრატიას მოითხოვდნენ.
გარდამტეხი გამოდგა 1989 წლის 17 ნოემბრის დემონსტრაცია, უდიდესი საპროტესტო აქცია ბოლო 20 წლის განმავლობაში. ათასობით სტუდენტმა მოაწყო მშვიდობიანი მსვლელობა პრაღის ცენტრში, ვიდრე აქციის მონაწილეებს გზას გადაუღობავდა პოლიციის კორდონი.
სტუდენტები ანთებდნენ სანთლებს და გაიძახდნენ, ჩვენ შიშველი ხელებით მოვედითო (ანუ, შეუიარაღებელი ვართო). მაგრამ პოლიციის სპეცენაერთებმა აქციის მონაწილეებს ჯერ გასაქცევი გზები გადაუკეტეს, მერე კი მათზე იერიში მიიტანეს.
დემონსტრაციები სულ უფრო ხშირად იმართებოდა. 19 ნოემბერს პოლიციამ გადაკეტა ხიდი, რათა დემონსტრანტებისთვის საშუალება არ მიეცა, ასულიყვნენ პრაღის ჰრადზე (იმავე პრაღის კრემლზე), სადაც ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობდა.
ეს ფოტოც 19 ნოემბერს არის გადაღებული. დემონსტრანტებმა პოლიციელების წინაშე მუხლებზე დაიჩოქეს, მაგრამ ამ უკანასკნელებმა მაინც ძალას მიმართეს.
21 ნოემბერს პრაღის ქუჩებში 200 ათასზე მეტი კაცი გამოვიდა. ეს საპროტესტო დემონსტრაციების ზედიზედ მეხუთე დღე იყო.
24 ნოემბერს დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია. ვაცლავის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი შენობის აივნიდან შეკრებილთ მიმართა ცნობილმა დრამატურგმა და დისიდენტმა, ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა ვაცლავ ჰაველმა.
თანდათან საპროტესტო აქციების მონაწილეთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, დემონსტრაციები პრაღის ერთ-ერთ უდიდეს პარკში - ლეტნაში - გადაეტანათ. 26 ნოემბერს, ვაცლავ ჰაველისა და ოპოზიციის სხვა ლიდერთა გამოსვლების მოსასმენად, ამ პარკში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ბიუსტი წარწერით "არაფერია სამუდამო". სურათი გადაღებულია პრაღის ვაცლავის მოედანზე 1989 წლის 27 ნოემბერს, საპროტესტო დემონსტრაციების მეათე და საყოველთაო გაფიცვის პირველ დღეს.
ოპოზიციურ ჯგუფ "სამოქალაქო ფორუმის" ლიდერებმა თავიანთ შტაბბინად პრაღის ერთ-ერთი თეატრი აირჩიეს (მარჯვნიდან მეორე ვაცლავ ჰაველია).
დემონსტრაციები პრაღაში მას შემდეგაც გრძელდებოდა, რაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტმა მმართველებმა უკან დაიხიეს და დათანხმდნენ თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე. 1989 წლის 19 დეკემბერს, პრაღის ცენტრში გადაღებულ ამ სურათზე ერთ-ერთ დემონსტრანტს უჭირავს ტრანსპარანტი წარწერით: "ჰაველი ჰრადზე". იმ დროს ეს მეტად პოპულარული სლოგანი იყო და გამოხატავდა მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილს, ქვეყნის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი გამხდარიყო (პრეზიდენტის რეზიდენცია სწორედ პრაღის ჰრადზე - სხვაგვარად პრაღის კრემლში - მდებარეობს).
1989 წლის 29 დეკემბერი. ჩეხოსლოვაკიის ახალ პრეზიდენტად არჩეული ვაცლავ ჰაველი თავისი რეზიდენციის აივნიდან ესალმება თანამემამულეებს (გვერდით ცოლი, ოლგა ჰავლოვა უდგას).
1989 წლის 31 დეკემბერი. პრაღელები შამპანურის გახსნით აღნიშნავენ ახალი წლის მოახლოებას და... ახალ დემოკრატიას.